მართალია, დღეს გურიას ჯეროვანი ყურადღება არ ექცევა ტურიზმის განვითარების კუთხით, მაგრამ თვითონ ტურისტებმა მოგვაქციეს ყურადღება და აი, ორ მათგანს ოზურგეთის ქუჩებშიც შევხვდით. დანიელ პატერსონი და მარტა გრეგორეკი, როგორც მათ გვითხრეს, წარმოშობით პოლონელები არიან და ამერიკაში ცხოვრობენ. განუყრელმა მეგობრებმა ველოსიპედებით მოგზაურობა თურქეთიდან დაიწყეს, უნდა გაიარონ საქართველო, აზერბაიჯანი, შუა აზიის ქვეყნები. მოგზაურობას თებერვალში ჩინეთში დაასრულებენ. ჩვენს კითხვაზე, იცნობდნენ თუ არა საქართველოს, გვიპასუხეს, რომ საქართველოზე და აქაურებზე ადრეც ჰქონდათ განაგონი, მაგრამ მოლოდინმა ყველაფერს გადააჭარბა: _ ძალიან საინტერესო ხალხი ხართ. როგორც კი საქართველოში შემოვედით, დიდი სითბო ვიგრძენით. უამრავი ლამაზი ადგილია, როგორც მთებში, ისე _ ბარში. ამ მოგზაურობის შემდეგ დავისვენებთ და ისევ გეწვევით, რათა მთლიანად მოვინახულოთ საქართველო. ახლა თუ ორნი ვართ, მომავალში, ალბათ, ათნი ჩამოვალთ. თქვენი ქვეყნის ბუნება ნამდვილად ღირსია იმისა, რომ შინ დაბრუნებისას მისი აგიტაცია-პროპაგანდა გავწიოთ, _ გვითხრეს სტუმრებმა.