აჭარა-გურიის მთებში, კურორტ ბახმაროს მიმდებარე საძოვრები ტერიტორიულად გურიაში მცხოვრებ მწყემსებს ეკუთვნით, მაგრამ ახლა აჭარიდან გადმოსული მწყემსები ფლობენ. “გურია ნიუსი” მთის საძოვრებს ეწვია, რათა მწყემსთა პრობლემებს გაცნობოდა. პირველად ვაკიჯვრელ მწყემსს, ალექსანდრე კაცაძეს ვესტუმრეთ. მასპინძელი გულღია და საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა:
_ 47 წელია, მთაში ვარ, გამაჩნდა დიდი ფერმა, 50 ძროხა მარტო ჩემი მყავდა. მაშინ სახელმწიფო იბარებდა რძესაც და ყველსაც. დიდი შემოსავალი მქონდა, კაპიკს კაპიკზე ვაწებებდი, მარა შევარდნაძემ ყველაფერი წყალში ჩამიყარა. როცა ანაბრების გაორმაგება გამოაცხადეს, ორი ძროხა გავყიდე, ნახევარ მილიონამდე მანეთი მოვაგროვე და ბანკში შევიტანე. რავარც შენ არ გინახავს კაპიკი იქედან, არც მე.
_ ბატონო ალექსანდრე, დღეს, რა პრობლემები გაქვთ?
_ ჩემი პრობლემა ისაა, რომ 70 ჰექტარი საძოვარი გაუფორმებელი მაქვს და გადასახადს არ ვიხდი. ამით სახელმწიფოს ვაზარალებ. ყველა მწყემსი ჩემსავითაა _ არც ერთი არაფერს არ იხდის. მივმართე ჩოხატაურის გამგეობას, მოეცათ ეს საძოვარი იჯარით ან შესყიდვით. დამპირდნენ, მაგრამ მომატყუეს. აგი რომ პრეზიდენტმა იცოდეს, ვიღაცას დასჯიდა. ეტყობა, ქვევით უშლიან ხელს. სამი ტონა რძე ჩავაბარე ვინცხას 70 თეთრად, იმან კი 1.30-ში ჩააბარა ქობულეთში. ხომ შეიძლებოდა, პირდაპირ სახელმწიფოს ჩაებარებინა? ახლა სხვა მწყემსებთან გადავიდეთ _ იქ უფრო საინტერესო საუბარი გამოგვივა.
ფეხით ორმოცწუთიანი მგზავრობის შემდეგ, მწყემსთა დასახლებას მივაღწიეთ. საუბრის დროს, მწყემსებმა გვთხოვეს, ინფორმაცია მათი პრობლემების შესახებ ჩვენი გაზეთის საშუალებით გადაგვეცა ხელმძღვანელობისთვის.
ბატონმა ალექსანდრემ ფერდობისაკენ მიგვანიშნა, სადაც მრავალი დაავადებული ნაძვის ხე დგას: _ სანამ არ წაიქცევა, ვერ შეეხები. არადა, ძალიან მჭირდება _ სახლი მექცევა, ბოძებს შევცვლიდი.
იოსებ მარკოიძე: _ ერთი ტოტი რომ მოჭრა სადმე, ხუთწლიან ციხეს აგკიდებენ. უვარგისი ხე რომ გამოვიყენო, ამის საშუალება მაინც მომცენ. ფულსაც გადავიხდი. მარწყვის და კარტოფილის ამხელა პლანტაციები ხომ დოვლათია?! ჭირნახულის ჩაბარებაში სახელმწიფო რომ დაგვეხმარებოდეს, მუშაობა გაგვიადვილდებოდა. აქ ყველას ერთი და იგივე პრობლემები გვაქვს. ამას წინათ, მწყემსებმა ვიანგარიშეთ და ჩვენი ვარაუდით, ერთ სეზონზე 100 ტონაზე მეტ რძეს ვაწარმოებთ. რატომ უნდა დავდიოდეთ კარდაკარ და ვიძახდეთ _ აბა, ვის გინდათ რძე ან მაწონიო?! ეს პროდუქტი სახელმწიფომ რომ ჩაიბაროს და გაყიდოს _ ჩვენთვისაც კარგი იქნება და ბიუჯეტიც შეივსება. გურიის საძოვრები მარტო ბახმაროს მიმდებარე ტერიტორიები ხომ არაა? გომის მთის საძოვრებზეც, სადაც ბევრი საქონელია, რძის ნაწარმი დიდი რაოდენობით მოიპოვება.
საღამო ხანს უამრავი საქონელი ბრუნდება საძოვრებიდან. ქალი, კაცი თუ ბავშვი მაშინვე სათლებით ხელში გამორბიან და მოწველას იწყებენ. მუსიკასავით ისმის სათლში ჩაშვებული რძის ხმა.
ყველაფერი გადავიღეთ, ჩავიწერეთ და ბატონ ალექსანდრესთან ერთად უკან გამოვბრუნდით. გზად ბევრი ვისაუბრეთ _ ისევ პრობლემებზე. აშკარად ჩანს, რომ მთაში დასაქმებულ ადამიანები კანონს იცნობდნენ და მის დაცვას ითხოვენ. ყველას უნდა, რომ ყველაფერი დოკუმენტალურად ჰქონდეთ მოწესრიგებული და გადასახადებიც გადაიხადონ.
ბატონი ალექსანდრეს თქმით, ახალგაზრდობას აღარ უნდა მთაში წასვლა: _ მე ოთხი შვილიშვილიდან, მხოლოდ ერთი დავაინტერესე და იგი გააგრძელებს ჩემს საქმიანობას. გურულებს ნაკლებად გვაინტერესებს მეცხოველეობა, ვიდრე აჭარელ მეგობრებს. გაიხედეთ ფაფარას ფერდობებზე _ ღმერთმა ამრავლოს, პატარა სოფელია შექმნილი, ეს ამ ხალხის შრომითაა გაკეთებული.
ამასობაში ბატონ ალექსანდრეს კარავსაც მივაღწიეთ, სადაც ღამე გავათიეთ. გათენდა დილა და ვნახეთ, რომ ვიდეოკამერა თავისი აკუმულატორით აღარსად იყო. უხერხულობაში ჩავარდა მასპინძელი. ვიფიქრეთ, ალბათ, ვიღაცამ თვალი დაგვადგა და როცა გვეძინა, მოიპარაო. გულდაწყვეტილი სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს გამოვემშვიდობეთ და ამ დროს მინდორში აკუმულატორის სადენი შევნიშნეთ _ კამერა ნაგაზებს “მოეპარათ”.
ასე გადარჩა ჩვენი კამერაც და გადაღებული ფილმიც, ბატონი ალექსანდრე კი გვიღიმოდა და დიდხანს თვალს არ გვაცილებდა.
მწყემსები ბახმაროში
ჩვენი მეგზური და მასპინძელი
ისინი აქ ცხოვრობენ
მათი ყოველი დღე, დილის 6 საათზე, ასე იწყება
მარწყვის პლანტაცია
კარტოფილის პლანტაცია
მწყემსებს ამ გამხმარი ხეების მოჭრის უფლებასაც არ აძლევენ…
…რომ მასალა დაზიანებული სახლების გასამაგრებლად გამოიყენონ
ასე გამოგვაცილა გოგონამ, რომელიც ლამაზ მომავალზე ოცნებობს
“გურია ნიუსის” გადამღებმა ჯგუფმა ბახმარო ამ დროს დატოვა