(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური გზის დიდი ნაწილი, ერთი თვის განმავლობაში, სოფლების _ ლიხაურისა და ქაქუთის გასწვრივ, ორმოებად და ბორცვებად “დაიტალღა”. გზის უცაბედი დაზიანება დიდი ტევადობის მქონე ავტომანქანების შეუჩერებელმა მოძრაობამ გამოიწვია, რომლებსაც საგზაო მშენებლობისთვის ქვიშა გადააქვთ ქობულეთის მიმართულებით. ტრასაზე მოძრავი მანქანების მძღოლები აღნიშნავენ, რომ გზის ასეთმა ყოველდღიურმა დაზიანებამ, ადვილი შესაძლებელია, ავარიული სიტუაცია შექმნას.
“გურია ნიუსი” დაუკავშირდა შპს “გზამშენი-18”-ის დირექტორს, თემურ ჯახვას, რომელმაც აღნიშნა, რომ საქმის კურსშია: _ შენდება ავტობანი საბავშვო ქალაქ “ციცინათელასთან”, ნატანების ხიდიდან და შედის ოჩხამურში. ამ მიზნით, გადააქვთ ხრეში, საშენი მასალა, თუმცა ტვირთის რაოდენობას ვერ ვაკონტროლებთ; ამიტომ, საგანგებო წერილი გავგზავნე თბილისში, სამინისტროში, _ გვითხრა ჯახვამ.