კენჭისყრამდე, დარბაზში, საკმაოდ ხმაურიანი, შეურაცხმყოფელი და ხმამაღალი განცხადებები გაკეთდა. “დარბაზია თუ სტადიონი?!” _ ეს რეპლიკა საკრებულოს დეპუტატს, ნაციონალ დავით დოლიძეს ეკუთვნის. მოკლედ, 30-წუთიანი სხდომა ფაქტობრივად, ქაოსური იყო და საკრებულოს თავმჯდომარემ, რატომღაც ვერ უზრუნველყო ამ მოკლე დროის განმავლობაში, დარბაზში სიმშვიდის შენარჩუნება.
ალეკო მამეშვილმა დეპუტატების მისამართით განცხადებების გაკეთება ტრიბუნიდან დაიწყო (საუბრის სტილი დაცულია): “მე მინდოდა გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ყოფილიყო ადამიანი, რომელსაც შეეძლებოდა ურთიერთობა. მანამდე, ჩვენ ფრაქციების და ბიუროს წევრებთან გვქონდა შეხვედრა. ბატონო ილია, მინდა გითხრათ, რომ ჩვენი მხრიდან, საკრებულოს თანხმობის შემთხვევაში, გექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა და აქვე გეტყვით, არანაირად ყური არ ათხოვოთ ზოგიერთების გამოხტომებს, რომელიც შეიძლება ნამდვილად და ახალგაზრდა, გამოცდილი კაცი ხართ(?!), არის რაღაცაები და აქ მუშაობით უნდა შეიძინოთ(???), თქვენ კარგად იცით, რა ურთიერთობა გვქონდა გამგეობასა და საკრებულოს, რომელიც იყო ნამდვილად ერთი რგოლი. არასოდეს პრობლემა არ გვქონდა, რომ შენიშვნა მიგვეცა ან გამოგვესწორებინა ერთად სხვადასხვა საქმიანობა… მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ურთიერთობას თქვენ გააგრძელებთ, მე პირადად ამაყი ვიქნები იმით, რომ ჩვენი გუნდის წევრი, ჩვენი მეგობარი, ადამიანი, რომელიც ცნობილი არის თავისი ლამაზი კაცობით, ლამაზი ოჯახიშვილობით და თავისი კარგი გამოცდილებით, დღეისათვის, რომ იყვეს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი. ამიტომ. ძვირფასო საკრებულოს წევრებო, წამოვაყენებ თქვენს წინაშე ილია ვაშაყმაძის კანდიდატურას”, _ ამ განცხადების, რომლის ზუსტი ციტირება მოვიყვანეთ, ბოლომდე დასრულება არ დააცალა საკრებულოს თავმჯდომარეს დეპუტატმა ლელა ნაცვალაძემ, რომელმაც არც ამჯერად უღალატა ჩვეულ სტილს და მკაფიოდ გამოხატა თავისი შეხედულებები. საბოლოო ჯამში, საკრებულოს სხდომაზე მამეშვილი და ნაცვალაძე დუელში მოურიდებლად ჩაებნენ.
ლელა ნაცვალაძე: _ კანდიდატურის დაყენებამდე მინდა ორი სიტყვა ვთქვა და მაქვს ამის უფლება, როგორც საკრებულოს წევრს. თვლით თუ არა ტაკიძეს დამნაშავედ?
საკრებულოს წევრები ერთობლივად შეეშველენ ხელმძღვანელს და გაიძახოდნენ, არ ვიცით, ლელა, ჯერ და უდანაშაულობის პრეზუმპციას ხომ ვერ დავარღვევთო?
ნაცვალაძე სიტყვის დასრულებას ითხოვდა, რომლის შესაძლებლობას, ერთიანი ძალებით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ აძლევდნენ.
მამეშვილი: _ შეურაცხმყოფელია თქვენი გამოსვლები, ქალბატონო ლელა, და ვერ ეღირსებით თქვენი კანდიდატურის რომელიმე თანამდებობაზე დანიშვნას.
ნაცვალაძე: _ ძალიან გთხოვთ, ბატონო თავმჯდომარევ, ნუ აღელდებით და დამასრულებინეთ რასაც ვამბობ. ანალოგიურად ახასიათებდით ტაკიძეს ერთი წლის წინ, როგორც ახლა ვაშაყმაძე დაახასიათეთ. მე არ მინდა, ვინმემ ჩამითვალოთ, რომ ილია ვაშაყმაძის წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ახლა კანონს არღვევთ…
მამეშვილი: _ რომელ კანონს ვარღვევთ?
ნაცვალაძე: _ ორგანული კანონის 29-ე და… _ აღარ დაასრულებინეს ოპოზიციონერს უმრავლესობის წევრებმა. _ მე კანონი არ ვიცი და გთხოვ, პასუხი გამცეთ.
მამეშვილი: _ ჰოდა, ეგაა საქმე, რომ არ იცი და დაბრძანდი მანდ!
ნაცვალაძე: _ არ დავბრძანდები, იგივეს ამბობდით ტაკიძეზეც და არ გამეცით პასუხი იმასთან დაკავშირებით, გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას _ ტაკიძე ერთი წლის შემდეგ გახდა ცუდი ბიჭი?
მამეშვილი: _ ვინ თქვა, რომ ცუდი ბიჭია?
ნაცვალაძე: _ ზოგიერთებმა გამოუტანეს განაჩენი და ცუდი ბიჭიც უწოდეს. თქვენთვის მნიშვნელოვანი სოფლის განვითარების პროგრამებზე საუბარია.
მამეშვილი: _ თქვენ ცდილობთ ახლა პოლიტიკური დივიდენდების დაწერას….
ნაცვალაძე: _ რა შუაშია ეგ? რა, ახლა არჩევნებია თუ? მაგრამ თქვენ სათქმელი არაფერი გაქვთ.
მამეშვილი: _ შენ გაქვს, წარუდგინე ხალხს ანგარიში?! არაფერი გაქვს სათქმელი.
ნაცვალაძე: _ მასე დემაგოგიურად რომ მსჯელობთ, იმიტომაა კარგად საქმე. რა უთხარით ხალხს, როგორ მიითვისა 180 000 ლარი გამგებელმა?
_ რა იცით, რომ მიითვისა?! _ წამოიძახეს ერთხმად ამ დრომდე “დამუნჯებულმა” დეპუტატებმა.
ნაცვალაძე: _ რომ არ ვიცი, ზუსტად მაგას ვამბობ.
სწორედ ამ გაუგებრობისა და აყალმაყალის შემდეგ უყარეს კენჭი ვაშაყმაძის კანდიდატურის დანიშვნას.
ნაცვალაძე: _ მე წინააღმდეგი ვარ, რადგან ამ კაცის გაფუჭება არ მინდა; რაც ტაკიძეზე ვთქვი ერთი წლის წინ, იგივეს გავიმეორებ.
ამ რეპლიკასაც დარბაზში ისევ ხმამაღალი საუბარი მოჰყვა.
მამეშვილმა ილია ვაშაყმაძეს წარმატება უსურვა; საკრებულოს კანდიდატურისთვის არც სამომავლო ხედვის და არც გეგმის წარმოდგენა არ მოუთხოვია. საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვებით რომ ვთქვათ, უახლოეს დღეებში, როცა ბატონი ილია ჩამოყალიბდება, მაშინ წარმოგვიდგენს თავისი მენეჯმენტის გეგმას.
გადაწყვეტილების მიღებამდე, ნაცვალაძემ საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართა გაეკეთებინა განცხადება, გრძნობდა თუ არა ტაკიძის დაკავების გამო პასუხისმგებლობას, თუმცა, პასუხის ნაცვლად, მამეშვილმა საკრებულოს დეპუტატს ინტერვიუზე მისვლა მოსთხოვა (?!) განმარტებებისთვის.
ავთანდილ მექვაბიშვილმა ვაშაყმაძეს მიულოცა და იქვე დასძინა: _ გილოცავთ თუ ეს მოსალოცია, რთული საქმეა. საკრებულოს მოადგილის ამ რეპლიკის შემდეგ, ტრიბუნა ილია ვაშაყმაძემ დაიკავა:
_ მთლად ისეთი სასურველი ფონი არ იყო ახლა, სიმართლე რომ გითხრათ. ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ნაბიჯებია, მაგრამ მაინც გეტყვით, რომ ეს იყო, ასე ვთქვათ, შემოთავაზება საკრებულოს თავმჯდომარის ბატონი ალეკოსი და არ დაგიმალავთ, აქვე გეტყვით გუბერნატორის ვალერი ჩიტაიშვილის მხრიდან. გეტყვით, რომ მქონდა ფიქრის დრო, გავაშინაარსე და ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მითუმეტეს, დღეს. ეს არა მარტო პასუხისმგებლობაა, არამედ თვალი გადავავლე ჩემს წარსულს და გავიხსენე ყველა ის დეტალი, რაც გამივლია და უკან არასდროს არ დამიხევია. ჩავთვალე, რომ ჩემი გამოცდილებით, ჩემი ენერგიით, შევძლებ ამ პოსტზე მუშაობას, რა თქმა უნდა, თქვენი მხარდაჭერით. ეს არის ჩემი სათქმელი და გეგმებზე ვერ ვისაუბრებ, _ უთხრა ყოფილ კოლეგებს ილია ვაშაყმაძემ.
მამეშვილმა ვაშაყმაძეს მადლობა გადაუხადა და დასძინა, რომ დარწმუნებულია გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი გრძნობს პასუხისმგებლობას და ამის შემდეგ, მეორე საკითხზე გადავიდა. საკითხი, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, პეტრე სალუქვაძემ წარმოადგინა, საკრებულოს მიერ ილია ვაშაყმაძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას შეეხებოდა.
ოპოზიციონერი დეპუტატების გარდა, უმრავლესობამ ამ საკითხს ერთხმად დაუჭირა მხარი.
მიუხედავად ხმამაღალი განცხადებებისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფისა, სხდომა ნახევარ საათში დასრულდა. სხდომას არასამთავრობო ორგანიზაციის არც ერთი წარმომადგენელი არ ესწრებოდა, თუმცა, მათი მხრიდან მსგავსი ქმედება პირველი არ არის; ბოლო დროს, ისინი სხდომებს საერთოდ აღარ ესწრებიან.
ილია ვაშაყმაძე ერთი წელია “ტაო პრივატ ბანკის” ოზურგეთის ფილიალის მმართველად მუშაობდა. იგი 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად საკრებულოში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პროპორციული სიის მეოთხე ნომრით მოხვდა. მანამდე კი, არასამთავრობო სექტორში მოღვაწეობდა. მუშაობდა გურიის რეგიონის ხაზინის უფროსის მოადგილედ. ილია ვაშაყმაძე 1973 წელს დაიბადა. ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს ნათლული პატარა ლუკა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, გიორგი ტაკიძის სასამართლო პროცესი 30 აგვისტოს გაიმართება, თუმცა, საკრებულომ თავისსავე დანიშნულ ტაკიძეს, გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლო პროცესის გამართვამდე ერთი კვირით ადრე გამოუტანა და განაჩენს არც კი დაელოდა, ისე დაამტკიცა მისი შემცვლელი.