(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში ჩატარდა თორნიკე იმნაიშვილის, ბექა ბზეკალავას, შოთიკო და ნუგზარ ნიკოლაიშვილების ხსოვნის ტურნირი ფეხბურთში. ტურნირი უკვე მეხუთე წელია ტარდება და გულშემატკივრებიცა და მონაწილეებიც საკმაოდ ჰყავს. წელს შეჯიბრში შუხუთის შვიდი გუნდი მონაწილეობდა.
პრიზები პირველ და მეორე ადგილებზე გასულებისთვის, ასევე საუკეთესო მოთამაშისთვის, საუკეთესო თავდამსხმელისთვის, საუკეთესო მცველისა და საუკეთესო მეკარისათვის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა დააწესა.
პირველ ადგილზე ზემო შუხუთის გუნდი “დუქანი” გავიდა. მეორე ადგილს დასჯერდა ქვემო შუხუთის “მორკინალი”.
საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა ზურიკო ქიქავა; საუკეთესო თავდამსხმელად _ პავლე უგრეხელიძე; საუკეთესო მცველის ტიტული ირაკლი ქიქავას ერგო; საუკეთესო მეკარედ კი ამირან ჩხაიძე დაასახელეს.
ტურნირში გამარჯვებულებს პრიზები საკრებულოს თავმჯდომარემ, რევაზ ჩიტიძემ და სამსახურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების უფროსმა ალექსანდრე იმნაიშვილმა გადასცეს. ტურნირის დასრულების შემდეგ მოთამაშეებიც და მაყურებლებიც გარდაცვლილთა საფლავებზე მივიდნენ და კიდევ ერთხელ პატივი სცეს მათ ხსოვნას.