ამდენი ფული დავხარჯე და არაფერი, მომავალ წლამდე ჩემი ნალია დარჩა უსიმინდოდ. ნახეთ, ეს ხელით გადმოვრგე და აქ რა მოსავალს უნდა ველოდო”, _ გვითხრა გლეხმა, რომელიც შეცქეროდა დამუშავებულ ყანას, სადაც სიმინდის ღეროს დათვლაც კი არ გაჭირდებოდა.
საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბაკურ კვეზერელის ვარაუდით, შემოდგომაზე გურიაში ყვითელი სიმინდით დამძიმებულ ნალიებს ტორტმანი უნდა დაეწყო. დადგა შემოდგომა, თუმცა კვეზერელის წინასწარმეტყველება არ გამართლდა. არადა, წესით, გაზაფხულზე, გულზე მჯიღისცემით დაქადნებული, საცაა უნდა გამოჩნდეს და სიმძიმისგან “წაბანცალებული” ნალიები გვაჩვენოს. ჩვენი ინფორმაციით, ბევრი ოჯახის ნალია არა თუ დამძიმდება, შესაძლოა, სრულიად ცარიელიც დარჩეს.
როგორც “გურია ნიუსს” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ლაშა ღლონტმა უთხრა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ჰიბრიდული ჯიშის სიმინდი 250 ჰექტარ ფართობზე დაითესა და მისივე თქმით, 30 ჰექტარზე დაზიანდა იმის გამო, რომ მოწესრიგებული არ იყო სადრენაჟო არხები, რამაც სიმინდის თესლის ლპობა გამოიწვია.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის რწმუნებულმა, აბესალომ ბოლქვაძემ თქვა, ზუსტად არ იცის, სოფელში რამდენ ჰექტარზე დაითესა აღნიშნული ჯიშის სიმინდი: “მოსახლეობამ, ვინც შეიძინა თესლი, ნაცვლად 1000 მეტრისა, 500 მეტრზე დათესა. დათესვა უნდა მომხდარიყო სპეციალური ტექნიკით, ხელით ვერ გაანაწილებ. ამოსვლას კი ხელი შეუშალა დაჭაობებულმა ადგილებმა _ სადაც მშრალი ნიადაგი იყო, იქ უფრო ამოვიდა. სადაც ნესტიანი _ იქ ჩალპა თესლი. ჩვეულებრივი, ჩვენებური სიმინდი, “აჯამეთის თეთრიც” მასეთ მდგომარეობაშია”, _ გვითხრა მან.
სხვა რწმუნებულების მსგავსად, მანაც დათესა, ე.წ. ამერიკული ჯიშის სიმინდი, თუმცა, მისი თქმით, ძალიან ცუდ მოსავალს ელოდება.
“იმ ღამესვე გაწვიმდა, დამუშავებული ნიადაგი დაისიპა და ამოვიდა ძალიან მეჩხერი. ასეთ შემთხვევებში, ზოგიერთებმა ხელმეორედ გადათესა, ზოგმა გადარგო. სადაც ნორმალური პირობები იყო, ძალიან შედეგიანია. ის კი არა, ახლა კითხულობენ, მომავალ წელს თესლის შეძენა როგორ მოხდებაო(?!). ზოგს იდეალური მოსავალი აქვს, ზოგან კი საერთოდ არ ამოვიდა. ხალხს გამოცდილებაც არ ჰქონდა, ანუ არ იცოდნენ რა პირობებში უნდა დაეთესათ და როგორ”, _ აშკარად სხვას ფიქრობდა და სხვას ამბობდა სოფლის რწმუნებული.
მისგან განსხვავებით, უფრო გულახდილია სოფლის მაჟორიტარი, მერაბ ხომერიკი. იგი ამბობს, რომ მოსავლის გარეშე დარჩა: “მხოლოდ რამდენიმე ძირი ამოვიდა, მის დამუშავებას აზრი არ ჰქონდა და თავი დავანებე”.
მას, სხვებისგან განსხვავებით, არც გადათესვა უცდია: “თესვის დროს მინერალური სასუქს უნდოდა ჩაყოლება, მაგრამ სპეციალური ტექნიკა არ გვყავდა. 2000 მეტრზე, ზოგან ორი ტომარაც დასჭირდათ, რადგან ხელით მოხდა მისი ჩათესვა. რომ ნახოთ, დაჯერება გაგიჭირდებათ, რადგან ხალხმა გადათესა თავიდან სხვა ჯიშის თესლით, ზოგმაც კი ხელით გადარგო ჩვენებური ჯიშის სიმინდი”, _ გვითხრა ხომერიკმა.
ჩვენ ის საყანე ფართობები მოვინახულეთ, სადაც დამუშავებული მიწა გლეხებს მოსავლის გარეშე დარჩათ, იქვე ვნახეთ გადარგული სიმინდიც.
აგრონომი მარინე სუნგულია ამბობს, რომ თესლის გავრცელება თავიდანვე დაძალებით დაიწყო, განწყობა სათესლე მარცვლის მიმართ ძალიან ცუდი იყო. სპონტანურად რიგდებოდა და ხალხს ინფორმაცია არ ჰქონდა, არ იცოდნენ, თუ რომელ ჰიბრიდთან ჰქონდათ საქმე: “ჰიბრიდებს ძალიან კარგი და დადებითი მომენტები აქვთ, მაგრამ იმისთვის, რომ მიიღო მაღალი მოსავალი, უნდა ფლობდე ინსტრუქციას. არის ჰიბრიდი, რომელიც ზეგანზე ითესება, ზოგიც _ ჭარბტენიან ნიადაგზე. მე ვფიქრობ, რომ ინსტრუქტაჟი არ ჰქონდა მიცემული იმ ადამიანებს, რომლებსაც ეს თესლი უნდა დაეთესათ. მინისტრი, როცა ჩამოსული იყო, თქვა, რომ ტექნიკა საკმარისია, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ იყო ასე. ამ ჰიბრიდის დათესვა ტექნიკის საშუალებით უნდა მომხდარიყო. უნდა იყოს სიღრმე განსაზღვრული. კუსტარულად დათესვამ გამოიწვია ის, რომ არ ამოვიდა თესლი. ჩემი ინფორმაციით, სიმინდის თესლი ჩამოტანის დღიდან ინახებოდა ცუდ პირობებში, სახანძროს შენობაში, ნესტიან ნიადაგზე დაყრილი. რა თქმა უნდა, ის ისე არის შეფუთული, რომ წყალს არ ატარებს, მაგრამ შენახვის პირობები აუცილებლად სჭირდება. არ არის გამორიცხული, რომ ის თესლი, რომელიც ძირს იყო მოქცეული, თავიდანვე იქნა განწირული იმისთვის, რომ არ აღმოცენდებოდა. საქმე გვაქვს არა თესლის უვარგისობასთან, არამედ შემოტანის დროს მისი შენახვის წესის დარღვევასთან, უნიათობასთან. აბა, როგორ შეიძლება, სამეზობლო ნაკვეთზე ერთგან ამოსულიყო და მეორეგან _ არა. ანუ, ტექნოლოგია იქნა დარღვეული უცოდინრობის გამო”, _ გვითხრა მარინე სუნგულიამ.
ოზურგეთს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი გაზაფხულზე ეწვია და რამდენიმე საათის განმავლობაში, საჯარო მოხელეებთან ყვითელი სიმინდის აგიტაცია-პროპაგანდას ეწეოდა.
“სიმინდი, აბაშურია თუ აჯამეთური, ყველა ამერიკიდან არის შემოსული, ოღონდ, რომელიც აქამდე მოჰყავდათ, კომუნისტების გამოყვანილი ჯიშები იყო(?!), ახლა კი იგივეს გთავაზობთ, ოღონდ ჩვენ მიერ შემოტანილს და დისკუსია გვერდზე უნდა გადავდოთ! ეს ჯიშები იქნება შედეგიანი და თუ მოსავალი იმდენი იქნა, რომ ნალიაში ვერ შეინახავთ, გპირდებით, გაუყიდელი არ დაგრჩებათ. გაყიდვის ორგანიზებაში დაგეხმარებით, ოღონდ, თუ იქნება სოფელში, ვთქვათ, 200 ტონა. აბა, 100 კილოსთვის ხომ ვერ მოვალთ?!” _ ასე დაგვემშვიდობა გაზაფხულზე სტუმრად წვეული კვეზერელი.
მინისტრმა გლეხებს ასწავლა, რომ დიდ ფართობზე დათესილი სიმინდის მოსავლის დაზღვევაც შეუძლიათ და სასუქის შეღავათიანად შეძენაც.
ამასობაში კი, მოსავლის გარეშე დარჩენილ გლეხებს, საკმაოდ მაღალ ფასებში შეძენილი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის საფასურის გადახდის დროც მოუახლოვდათ.