(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ამ ბოლოს დროს, რედაქციაში ათეულობით ზარი ხორციელდება გურიის სოფლებიდან, განსაკუთრებით ლანჩხუთელები აქტიურობენ _ ისინი დახმარებას გვთხოვენ, რომ ხელისუფლებას მივაწვდინოთ ხმა ამერიკული თეთრი პეპლის პრობლემასთან დაკავშირებით.
ჩვენ უკვე გაგაცანით ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის რევაზ ჩიტიძის მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. მისის თქმით, შესაწამლი მანქანა ამჟამადაც მუშაობს. თუმცა როგორც ირკვევა, არსებული რესურსი მინიმალურადაც არ არის საკმარისი _ ამაზე მეტყველებს თითქმის ყველა სოფლიდან გახორციელებული სატელეფონო ზარები.
გურიაში იმდენად მასიურად არის მოდებული მავნებელი, რომ მოსახლეობა საკუთარი ძალებით ნამდვილად ვეღარ შეძლებს მასთან გამკლავებას. განსაკუთრებით აწუხებს ეს პრობლემა მთავარი მაგისტრალის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას _ როგორც ისინი ამბობენ, მათთან შეწამვლა საერთოდ არ ხორციელდება, რადგან ეს პატრულს აუკრძალავს _ მძღოლებს მოძრაობაში ხელს შეუშლითო.
ჩვენ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის პრეს-შეფს ვერიკო გულუას დავუკავშირდით:
_ გურიის მოსახლეობა უკიდურესად შეშფოთებული და შეწუხებულია ამერიკული თეთრი პეპლის “შემოტევით”. მათი განცხადებით, არ მიმდინარეობს შესაბამისი და საკმარისი სამუშაოები. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს!
_ თქვენ მოსახლეობას ეხმარებით თუ კომენტარი გინდათ?
_ ერთიც და მეორეც.
_ კარგით, შეგეხმიანებით.
დღის ბოლოს ვერიკო გულუას ისევ დავუკავშირდით:
_ სამწუხაროდ, ამ წუთისთვის დეტალურ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან შესაბამისი კომპეტენციის მქონე პირები სწორედ ასეთ ზონებში არიან გასულები. ზოგადად რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ სახელმწიფო პროგრამით ხორციელდება არა მხოლოდ ამერიკული პეპლის, არამედ სიმინდის მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებები. შეწამვლა ამჟამადაც მიმდინარეობს…
_ თუმცა, მოსახლეობა აცხადებს, რომ ეს საკმარისი არ არის და ეს რეალურად ასეცაა!
_ სპეციალისტები ახორციელებენ შეწამვლას არა მხოლოდ გურიის რეგიონში და სწორედ ისინი წყვეტენ, თუ როგორ გადაანაწილონ ის, რისი შესაძლებლობაც სახელმწიფო პროგრამით არსებობს!
როგორც კომენტარიდან ვხვდებით, სამუშაოები გამოყოფილი თანხის შესაბამისად ხორციელდება და გახორციელდება, თუმცა, ეს რომ საკმარისი არ არის, ამას დიდი მტკიცება არ სჭირდება! წესით, ეს ამბავი მთავრობამდე ადგილობრივ ხელისუფლებას უნდა მიეტანა, მაგრამ, როგორც ჩანს, ბოლოდროინდელი მოვლენების ფონზე სხვა, უფრო “მნიშვნელოვანი” პრობლემები აქვთ მოსაგვარებელი და ამერიკული პეპლისთვის ვერ მოიცალეს.