(გურია ნიუსი”, ოზურგეთი) _ “გურია ნიუსის” ინფორმაციით, სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და განათლების სისტემაში მომუშავე სხვა პერსონალს სამლარიანი სატელეფონო ბარათები დაურიგდებათ. ისინი კორპორაციული მომსახურებით ისარგებლებენ და ამისთვის, თვეში სამი ლარი დაექვითებათ ხელფასიდან. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, ლელა იმედაშვილის თქმით, ბარათების აღება ნებაყოფლობით ხდება:_ “ჯეოსელის” ნომრები დაურიგდება ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობს განათლების სისტემაში, ეს არის კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება, _ გვითხრა იმედაშვილმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ასე უფრო მოხდება პედაგოგების გაკონტროლება. იმედაშვილმა ხაზგასმით დააკონკრეტა, რომ ბარათის აღება ნებაყოფლობითია და არავინ აპირებს პედაგოგების მოსმენას: _ ეს არის მორიგი ჭორი განათლების სისტემაზე და მეტი არაფერი, _ გვითხრა იმედაშვილმა.
თუმცა, არაერთი პედაგოგი კერძო საუბარში ამბობს, რომ იმედაშვილი კატეგორიულად მოითხოვს ჯეოსელის ქსელში პედაგოგების ჩართვას.