პედაგოგთა სასერტიფიკაციო გამოცდები მეორე წელია მიმდინარეობს. ძალიან ბევრი არა, მაგრამ მასწავლებელთა გარკვეული რაოდენობა აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში და გამოჩნდნენ კიდეც წარმატებული “პირველი მერცხლები”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნარუჯის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების სამ მასწავლებელს _ ხათუნა ღლონტს, ნათია ბოლქვაძეს და დალი ჭანუყვაძეს მონდომება დაუფასდათ, ბედმაც გაუღიმათ და მიზანდასახულმა პედაგოგებმა, ერთად საგამოცდო მზადების შემდეგ, წარმატებით ჩააბარეს გამოცდები საგანსა და უნარ-ჩვევებში. აღსანიშნავია, რომ ნარუჯის საჯარო სკოლა, მუნიციპალიტეტის სოფლის სკოლებს შორის, ჯერჯერობით, ერთადერთია, რომლის სწავლების პირველი საფეხურის სამმა პედაგოგმა წარმატებით ჩააბარეს გამოცდები. ახლა ისინი მენტორი მასწავლებლის წოდების მოსაპოვებლად მზადებას იწყებენ. სამივე ახალგაზრდაა, ჰყავთ ქმარ-შვილი, წარმოადგენენ შესანიშნავ ოჯახებს და სკოლაში მუშაობის 10 _ 15 წელზე მეტი ხნის სტაჟი აქვთ.
_ ნარუჯის სკოლის დამთავრების შემდეგ, ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი დავამთავრე. 18 წელია, აქ ვმუშაობ. ჩემს მეგობარ მასწავლებლებთან _ ხათუნა ღლონტთან და დალი ჭანუყვაძესთან ერთად, გადავწყვიტე, სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ჩვენი შეხმატკბილების სათავე კი, ნარუჯის საჯარო სკოლის აწ გარდაცვლილი დირექტორის, გოჩა ცაგარეიშვილის სახელს უკავშირდება, მან ხომ საოცარი ჰარმონია შექმნა ჩვენს პედაგოგიურ კოლექტივში, სული და გული იყო თითოეული ჩვენგანისთვის. იგი ახალგაზრდა, მოულოდნელად გარდაიცვალა და მთელმა რაიონმა განიცადა მისი დაკარგვა. გულწრფელად ვამბობ, მისი სახელისა და ხსოვნის პატივსაცემად რაღაცნაირი განწყობით ვართ შემართულნი, რომ კვლავ მოვიპოვოთ წარმატება და ვიბრძოლოთ სკოლის ღირსებისთვის, _ ამბობს ნათია ბოლქვაძე.
_ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენი მოწოდება, პედაგოგობის გარდა, სწორედ გოჩა ცაგარეიშვილის ხსოვნის უკვდავყოფაა. ასეთი მეგობრული და უღალატო კოლექტივი მან ჩამოაყალიბა ჩვენთან, რასაც ახლა მისი მეუღლე განაგრძობს, _ საკუთარ წარმატებაზე უფრო ყოფილ დირექტორზე საუბრობს დალი ჭანუყვაძეც.
_ დარწმუნებული ვარ, ცოცხალი რომ იყოს, ჩვენზე მეტად მას გაახარებდა ეს წარმატება, ძნელია უიმისოდ ნარუჯის სკოლაში ყოფნა, მაგრამ მან ისეთი მუხტი ჩადო ჩვენში, ვიდრე სული გვიდგას, საკუთარ თავს არ მოვასვენებთ, რომ ჩვენც ვისწავლოთ და მომავალ თაობასაც ვასწავლოთ ისე, როგორც გოჩა ცაგარეიშვილს სურდა და ეკადრებოდა, _ ამბობს ხათუნა ღლონტი.
მეგობრებს, კოლეგებს ახლა წინ მენტორ-მასწავლებლობისთვის გასავლელი გზა აქვთ, რომელსაც უკვე დაადგნენ. სჯერათ, რომ მიზანთან ამჯერადაც წარმატებით მივლენ, სწორედ იმ იდუმალი ენერგიის წყალობით, რომელიც მათ უფროსმა კოლეგამ და განსაკუთრებულობით გამორჩეულმა დირექტორმა, გოჩა ცაგარეიშვილმა უსახსოვრა.