ახალი სასწავლო წელი დაიწყო
დღეს ახალი სასწავლო წლის მაუწყებელი ზარი, საქართველოს მასშტაბით 2100 საჯარო სკოლაში დაირეკა.
სხვა ქალაქების მსგავსად, საქართველოს დროშა ჩოხატაურის ყველა საჯარო სკოლაში აღიმართა. ტრადიციულად იყო მისასალმებელი სიტყვები, წარმატებული მოსწავლეების და მასწავლებლების დაჯილდოება, რომლებიც ჩოხატაურს მართლაც ბევრი ჰყავს.
ჩოხატაურის ყოვლად წმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლამ ახალი სასწავლო პროცესი საზეიმო კონცერტით აღნიშნა, სადაც ერთმანეთს სხვადასხვა კლასის მოსწავლეები ენაცვლებოდნენ სიმღერებითა და ლექსებით. ღონისძიება პირველკლასელებმა ლამაზი მისალმებით დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ სამრევლო სკოლის ბაზაზე, პირველად ჩოხატაურში, წელს მოსამზადებელი ჯგუფი გაიხსნა, სადაც ბავშვები სულიერებასთან ერთად, წიგნის სიყვარულს სკოლაში შესვლამდე ისწავლიან.
ჩოხატაურელ მოსწავლეებს სკოლის დაწყება მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გია გიორგაძემ, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ხათუნა წილოსანმა და ჩოხატაურის პროკურორმა, დავით შვანგირაძემ მიულოცეს. როგორც შვანგირაძემ გვითხრა, საქართველოს პროკურატურა, გასული წლის მსგავსად, წელსაც ბევრ საინტერესო ღონისძიებას შესთავაზებს საჯარო სკოლების მოსწავლეებს.