ახლახან, ქალაქ ფოთში თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტის აშენების შესახებ, მთელ ქვეყანას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ელექტრონული მედია საშუალებებით აუწყა. მან ჩვეული ექსტაზით ისაუბრა ახალი საოცრების შესახებ და დასძინა, რომ ამ აეროპორტით ჩამოვლენ ინვესტორები, ისარგებლებენ ტურისტები და ყოველივე ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას _ გურია უნდა განვითარდეს, ბახმარო შესანიშნავი კურორტია და უნდა განახლდესო, _ თქვა პრეზიდენტმა.
ამის გამგონე გურულები შეცბუნდნენ, “ყური ხომ არ გვატყუებსო”, მაგრამ სად ერთი კაცის მოსმენილი და სად _ უამრავისო? დაიჯერეს ეს, მაგრამ იქვე გაიფიქრეს, თუ გინახავთ, სასწაული ხდებოდეს და გურია ვინმეს, თან პრეზიდენტს გახსენებოდესო? მერე კი ერთმანეთში დისკუსიაც გამართეს და სერიოზულად ცდილობდნენ ლოგიკური დასკვნის გამოტანას: თუ მართლა გავახსენდით პრეზიდენტს და გურიის აყვავებას ბახმაროდან იწყებს, მაინც ხეირია, მართალია, იქ გურულების უმეტესობას, დიდი ხანია (მიუხედავად იმისა, რომ “შინაური კურორტია”) დასვენება არ უცდია, ამის არც საშუალება აქვს და არც _ დრო, მაგრამ თვალი წყალს დალევს და ოდესღაც ჩვენს ბადიშებსა და მათ შვილებს მაინც ხომ წაადგებაო?
იმასაც ამბობენ, ამ ბიზნესით პირველი ლედია დაინტერესებული და ყველაფრის თავი და თავი ის იქნებაო.
_ არა, ძამა, ამას მაინც ვერ დავიჯერებ. პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც არჩევნებში საკმარისი ხმები ვერ მიიღო გურიაში, “ილინცურად” გვიყურებს და ახლა რაღაცაშია საქმე. შევარდნაძე რომ გურულია, მგონი, ამიტომაც გვედგა ზურგშექცევითო.
_ არაბს, ჩინელს ან ვინმეს მოიყვანს. ბათუმს თუ აშენებენ უცხოელები, ბახმაროზე ანავარდება გაუჭირდებათ? უფრო ზევიდან გადმოგვხედავენ.
ვიდრე გურულები ბჭობდნენ, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე ცინცხალი ინფორმაციაც გამოქვეყნდა: “საქართველოს პრეზიდენტმა ფოთის საერთაშორისო აეროპორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “საქართველოს განვითარების თვალსაზრისით, ფოთის აეროპორტს სერიოზული დატვირთვა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტისთვის, ეს იდეალურად შერჩეული ადგილია…
უკვე შენდება აეროპორტი, რომელიც სრულად მოემსახურება როგორც ფოთს, ისე გურიას, სამეგრელოს, ბათუმს, ქობულეთს და ურეკს, ასევე ანაკლიასა და მესტიას, რომლებიც მალე ძალიან დიდი კურორტები გახდება…
კურორტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ეკონომიკის სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დავავალე, ერთად შეიმუშაონ ბახმაროს კურორტის განვითარების სერიოზული პროექტი და გეგმა. ურეკის გარდა, გურიაში მთის კურორტიც უნდა განვითარდეს და ბახმაროც ისეთივე მიმზიდველი უნდა იყოს, როგორიც ამ რეგიონის სხვა ადგილები. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ფოთი მთლიანად შეკრავს ამ რეგიონს. ეს ერთი და სხვა მრავალი!”
პრეზიდენტის სტუმრობა გურიაში, ორი წლის წინ, კალანდობას, ხუმრობას დაემსგავსა, თუმცა, ვებგვერდზე მოთავსებული განცხადება რომ ხუმრობის ელემენტებს აღარ შეიცავდა, სარწმუნო გახდა და “გურია ნიუსიც” გურიის გუბერნატორს, ვალერი ჩიტაიშვილს დაუკავშირდა:
_ ბატონო ვალერი, საქართველოს პრეზიდენტის განცხადების თანახმად, გურიაში სერიოზული აღმავლობა იწყება, კონკრეტულად, კურორტ ბახმაროს განვითარებისთვის სერიოზული პროექტი დგება. რა შეგიძლიათ, გვითხრათ ამის შესახებ?
_ დიახ, სავარაუდოდ, ამ დღეებში შევხვდები ინფრასტრუქტურის და ეკონომიკის მინისტრებს. ნამდვილად არის საუბარი გურიაში არსებული კურორტების განვითარების შესახებ.
_ ეს მხოლოდ ბახმაროს შეეხება?
_ არა მხოლოდ ბახმაროს, ეს შეეხება ურეკსაც.