“ხალხმრავლობა იყო მაღაზიაში, მოულოდნელად მოზარდი შემოვიდა, დაახლოებით, 14 წლის იქნებოდა, მაცივრიდან “ლიკანი” გამოიღო, ერთი ლარი დამიგდო და გაიქცა, მეჩქარებაო. დავუძახე, რომ ხურდა _ 15 თეთრი უნდა მიმებრუნებინა, თუმცა, არ დამელოდა. სანამ ხურდას არ დავუბრუნებდი, სალარო აპარატიდან ქვითარს ხომ ვერ ამოვჭრიდი? იმ მომენტში, როცა ბიჭუნას ისევ ვთხოვდი, ხურდა წაეღო, საგადასახადო ინსპექტორები შემოვიდნენ. გაყიდული პროდუქციის სალარო აპარატის ქვითარი რატომ არ გამოატანეთო და მაშინვე 500-ლარიანი ჯარიმა გამოგვიწერეს”, _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ერთ-ერთი სუპერმარკეტის გამყიდველი.
ის არც პირველია და არც უკანასკნელი, ვინც ანალოგიურ პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობს. ყველაზე შემაშფოთებლად, გამყიდველებს ამ საქმეში მოზარდების ჩართვა მიაჩნიათ.
სწორედ ამ საკითხზე გაიმართა გურიის “თავისუფალი დემოკრატების” ოფისში პრესკონფერენცია.
“მოვუწოდებთ ხელისუფლებას, თავი დაანებოს ისედაც გაუსაძლის მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობის დაჯარიმების ხარჯზე, ბიუჯეტის შევსებას და შეწყვიტოს კერძო საგადასახადო ინსპექტორების თარეში ჩვენს ქვეყანაში! გურიაში კერძო საგადასახადო ინსპექტორთა მოქმედებები ყოველგვარ ზღვარს გადავიდა. მათ მიერ რამდენიმე მეწარმე ისე დაჯარიმდა, რომ საკონტროლო შესყიდვას ან მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებასაც არ ჰქონია ადგილი. ვინ არის ეს ხალხი? ან რატომ აქვთ მათ საშუალება, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე, უკანონოდ და უსამართლოდ დააჯარიმონ ადამიანები? მოსახლეობას ვამცნობთ, რომ ხელისუფლებამ “საჯარიმო ქვეყანას” “ახალი დროის გმირები” მოუვლინა კერძო საგადასახადო ინსპექტორების სახით, რომელთაც ძალიან მარტივად და ფაქტობრივად, დაუსაბუთებლად შეუძლიათ საჯარიმო სანქციების დაკისრება ნებისმიერი პირისთვის, ყოველივე ამის შესაძლებლობა კი, მათ ხელისუფლების საგადასახადო პოლიტიკამ მისცა”, _ თქვა აღნიშნული პარტიის ლიდერმა გურიაში, თემურ სალუქვაძემ.
“შექმნილი ვითარებიდან და მოსახლეობის უაღრესად დიდი სიდუხჭირიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მოსახლეობას დავეხმაროთ და უფასოდ გავუწიოთ იურიდიული თუ სხვა სახის საჭირო დახმარება”, _ დასძინა პრესკონფერენციის დასასრულს “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა.