(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სააქციო საზოგადოება “ტრანსერვისის” ავტობუსის მძღოლმა “გურია ნიუსს” დახმარებისთვის მიმართა:
_ ავტობუსებისა და ტაქსების უმრავლესობა ვმუშაობთ გაზზე. სოფელ დვაბზუში იყო გაზგასამართი სადგური, რომელმაც ოთხი თვეა, მუშაობა შეწყვიტა. გთხოვთ, გაგვაგებინოთ, იმუშავებს თუ არა ეს სადგური? ჩვენ ახლა გაზის დასატუმბად ქობულეთში დავდივართ.
_ მიმართეთ თუ არა ვინმეს?
_ რა აზრი აქვს? ქობულეთში დავდივართ, ზოგი სამტრედიაში დადის. გვიცვდება საბურავები. ზამთარში ვერ ვიმუშავებთ. ძალიან გაგვიჭირდება და ფიზიკურადაც ვერ შევძლებთ.
სააქციო საზოგადოება “ტრანსერვისის” უფროსი, შალვა ორაგველიძე “გურია ნიუსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, გაზგასამართმა სადგურმა, შესაძლოა, მალე დაიწყოს ფუნქციონირება: _ როგორც ვიცი, გაზგასამართ სადგურს ტექნიკური პრობლემები აქვს. ზუსტად როდის აღდგება მუშაობა, ვერ გეტყვით. დაგეთანხმებით, რომ მძღოლები უდიდესი პრობლემის წინაშე დგანან. მე დავურეკე ამ გაზგასამართი სადგურის უფროსს, რომელმაც მითხრა, რომ ათ დღეში აუცილებლად აღმოიფხვრება პრობლემა, _ გვითხრა ორაგველიძემ.