“გურია ნიუსისთვის” ცნობილი ხდება, რომ ოქტომბერში დაგეგმილი “ალეგრობა” და “ოზურგეთობა” აღარ ჩატარდება. ამის მიზეზად ადგილობრივ ხელისუფლებაში ფინანსურ კრიზისს ასახელებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსმა, მარინე ჯაფარიძემ ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ ეს ღონისძიება მოგვიანებით აუცილებლად ჩატარდება, მანამდე კი, 13 ოქტომბრიდან 17 ოქტომბრამდე, გაიმართება გიორგი სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი, პარალელურად კი _ “ექვთიმეობა” და ღონისძიება სახელწოდებით _ “შემოდგომა გურიაში”.
_ გიორგი სალუქვაძის სახელობის ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ უცხოელი და ქართული ქორეოგრაფიული ანსამბლები. პირველი ეტაპი ურეკში ჩატარდება, გალაკონცერტი კი ოზურგეთში უნდა გაიმართოს. 16 ოქტომბერს, დაგეგმილი “ექვთიმეობა” _ სამეცნიერო კონფერენციის ფორმატში დაგეგმილი ღონისძიება ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის სახლ-მუზეუმში ჩატარდება. ასევე გვინდა, რომ ჩავატაროთ “შემოდგომა გურიაში” _ ეს იქნება ეთნოგრაფიულად გაცოცხლებული სურათები: ფელამუშის მოდუღება, ჩურჩხელების ამოვლება, კეცზე მჭადების დაცხობა… მოკლედ, ყველაფერი ისე იქნება, როგორც გურიაში ხდება.
_ ქალბატონო მარინე, ღონისძიებაში _ “შემოდგომა გურიაში” ჩაერთვებიან თეატრის მსახიობები, როგორც ეს ორი წლის წინ, კალანდობას, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას მოხდა, თუ მასში მონაწილეობას მოსახლეობა მიიღებს?
_ უმეტესწილად, ეს იქნება სოფლების მცხოვრებლებზე ორიენტირებული ღონისძიება, თუმცა, არ არის გამორიცხული მსახიობებიც იხილოთ. ადგილობრივ მოსახლეობას ექნება გამოყოფილი ადგილი და წარმოაჩენს თავის სახეს. ამ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, სოფლის აიპ-ები და ა.შ. გვინდა, რომ ოზურგეთში საზეიმო განწყობილება შეიქმნას.
_ რატომ გადაიდო “ოზურგეთელობა” და “ალეგრობა”?
_ თავიდან ჩვენ ვგეგმავდით ამ ღონისძიებების ჩატარებას, მაგრამ კომისიის შექმნის შემდეგ, გადაწყდა, რომ რამდენიმე ღონისძიების ერთდროულად მომზადება ვერ მოესწრებოდა. “ოზურგეთობა” უნდა ჩატარდეს მაღალ ხარისხში და იგი იქნება “ალეგრობის” წინამორბედი.
_ გავრცელებული ინფორმაციით, “ექვთიმეობის” დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს ელოდებიან…
_ ჯერჯერობით, ამის შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ.