საქართველოში გასართობი საშუალებების მრავალფეროვნება რომ შეიზღუდა და სიაში მთავარი ადგილი ინტერნეტსა და ვირტუალურ გართობას უჭირავს, ამაზე, ალბათ, აღარავინ დაობს. ზოგადი სურათი შეიძლება ითქვას, მძიმეა, განსაკუთრებით კი პატარა ქალაქებში და მით უფრო _ სოფლებში. სასწავლო დაწესებულება, მეგობრები, ინტერნეტი _ როგორც წესი, გასართობ საშუალებათა სია სოფლად მხოლოდ ამით შემოიფარგლება.
საქართველოს ზოგადი ფონის გათვალისწინებით, გურიის სურათი ბევრად მუქ ფერებში ისახება. გურიაში უყველაფრობაზე ჩვენ ადრეც ვწერდით და ახლაც ვიტყვით, რომ სხვა ყველაფერთან ერთად, გურია გართობის ნაკლებობასაც განიცდის.
ოზურგეთში გამოკითხული ახალგაზრდების უმეტესობა ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას ეთანხმება და აღნიშნავს, რომ ოზურგეთი ხელმისაწვდომი გასართობი საშუალებების ნაკლებობას ნამდვილად განიცდის. ამბობენ იმასაც, რომ გართობა არ უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ ვირტუალური ურთიერთობებით, ინტერნეტით და მეგობრების წრეში გართობით. არც კაფე-ბარებია საკმარისი. ბოლო დროს სხვადასხვა შენობებზე ხშირად ვხვდებით წარწერას _ “კულტურა გვშია!”
იქნებ, სწორედ, კულტურული გასართობების ნაკლებობას განიცდის გურიის ახალგაზრდობა.
აღნიშნულ პრობლემებზე სასაუბროდ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის სამსახურის უფროსს, მანანა ჯაფარიძეს მივმართეთ.
მისი თქმით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდების დასახმარებლად.
_ ჩვენ, ჩვენი მწირი ბიუჯეტით, ვცდილობთ ახალგაზრდობის დახმარებას. ძირითადად, სპორტულ სფეროში შეიმჩნევა აქტივობები, მაგრამ ვმუშაობთ სხვა კუთხითაც. კერძოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში, ანაკლიაში იგეგმება მოდის კვირეული ახალგაზრდა დიზაინერებისთვის, რომელშიც ნინო მენაბდე და თამუნა ლომთათიძე მიიღებენ მონაწილეობას აქსესუარების დიზაინის კუთხით. ასევე, ახლო მომავალში ვგეგმავთ შემოქმედებითი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდებისთვის საღამოს მოწყობას, _ გვითხრა ჯაფარიძემ.
ჯაფარიძემ აქტიური ახალგაზრდების ნაკლებობაზეც ისაუბრა და პრობლემის ერთ-ერთ სათავედ, სწორედ, ეს ფაქტორი დაასახელა. მისი თქმით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გაუქმებამ თავისი შედეგი მოიტანა. ახალგაზრდული ბაზა სკოლის ასაკის ბავშვებით შემოიფარგლა.
“ვისურვებდით, ახალგაზრდობა მეტად აქტიური იყოს, მით უფრო, რომ ჩვენ მუდმივად მზად ვართ მათთან თანამშრომლობისთვის. ჩვენ გვჭირდება აქტიური ახალგაზრდები,” _ დასძინა ჯაფარიძემ.
ახალგაზრდობის აქტივობაზე ისაუბრა ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის დირექტორმა, ზაზა ჯინჭარაძემ და აღნიშნა, რომ მათ სპექტაკლებზე ახალგაზრდობის ნაკლებობა ნამდვილად არ შეიმჩნევა.
_ საბედნიეროდ, ჩვენ ძალიან ინტელექტუალური ახალგაზრდობა გვყავს. ისინი ხშირად ინტერესდებიან ჩვენი სპექტაკლებით. მათი ინტერესის სფეროში, ძირითადად, ნარკომანიისა და ძალადობის შესახებ დადგმული სპექტაკლები შედის. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ხშირად ვეხმიანებით ახალგაზრდულ თემებსა და პრობლემებს, _ გვითხრა ჯინჭარაძემ.
“21-ს ქვევით” 2011 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდული საქმეებისთვის გამოყოფილი თანხის ოდენობითაც დაინტერესდა. როგორც აღმოჩნდა, ოზურგეთის 2011 წლის ბიუჯეტში ახალგაზრდული ღონისძიებებისთვის მხოლოდ 20 000 ლარია გამოყოფილი. მაჩვენებელი იგივე კუთხით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 52 800 ლარს შეადგენს. აქედან კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის მხოლოდ 29 000 ლარია გამოყოფილი. პატრიოტთა ბანაკებში ახალგაზრდების ტრანსპორტირება _ 5 000 ლარი, სხვადასხვა ღონისძიებებზე მოსწავლეთა და ახალგაზრდების ტრანსპორტირება _ 5 000 ლარი, მოსწავლეთა ექსკურსიებზე ტრანსპორტირება _ 6000 ლარი, ფილმების ჩვენებასთან დაკავშირებული მომსახურება _ 1500 ლარი, საბავშვო ბანაკების მომსახურება _ 500 ლარი.
რაც შეეხება ჩოხატაურს, აქ ყველაზე მძიმე სიტუაციაა. არ არსებობს არც თეატრი და არც კულტურის სახლი. სამართლიანები რომ ვიყოთ, ვიტყვით, რომ მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრს მართლაც კარგი ანსამბლები ჰყავს, თუმცა, მათი კონცერტებით ჩოხატაური ნამდვილად არ არის განებივრებული. ამის მიზეზი სცენის უქონლობაა. მაგალითისთვის გეტყვით, რომ თითქმის ერთი წელია, ანსამბლი “ილეკრო” იუბილეს გამართვას გეგმავს, თუმცა ამაში სწორედ სცენის არ ქონა უშლით ხელს.
რეგიონალური განვითარებისა და ინფასტრუქტურის მინისტრი, რამაზ ნიკოლაიშვილი ჩოხატაურელებს კულტურის სახლი აშენებას ჰპირდება, თუმცა მანამდე პრობლემა პრობლემად რჩება.
წლეულს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ახალგაზრდული ღონისძიებების დასაფინანსებლად 10 500 ლარი გამოიყო და 9 500 უკვე დახარჯულია. ამ თანხის დიდი ნაწილი “ახალგაზრდული დღეების” გამართვას მოხმარდა. უნდა ითქვას, რომ ეს დღეები, რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ანტონ ხუნდაძის თქმით, ტრადიციად იქცევა, პირველი შემთხვევა იყო ჩოხატაურის ისტორიაში, როცა ერთი კვირის განმავლობაში ახალგაზრდები კარგად გაერთნენ და ყოველგვარ პოლიტიკას მოკლებული კონცერტებით ისიამოვნეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ კულტურის სფეროში, სწორედ, ჩოხატაურში იხარჯება ყველაზე მცირე თანხა. ჩოხატაურს, ოზურგეთისა და ლანჩხუთისაგან განსხვავებით, არც კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსებული კონცერტებით ანებივრებენ.
გურიის გუბერნატორის მოადგილე, ლელა თავართქილაძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი მცირე თანხა ბიუჯეტიდან გამომდინარეა:
_ ჩოხატაურის ბიუჯეტი და მისი ხარჯვითი ნაწილი თავისთავად უფრო მოკრძალებულია, ვიდრე გურიის დანარჩენი მუნიციპალიტეტების და განსაკუთრებით, ოზურგეთის. შესაბამისად, კულტურულ-ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაც ბიუჯეტების შესაძლებლობების ადეკვატურია. აქ, მგონი, არაბუნებრივი არაფერი არ არის. ჩემი აზრით, ჩოხატაურში კულტურული ცხოვრება იმაზე უკეთაა, ვიდრე ეს ბიუჯეტითაა გათვალისწინებული, ანუ შესაძლებლობების მაქსიმუმი კეთდება. რაც შეეხება კულტურის სამინისტროდან თუ სხვა დონორებიდან პროექტების დაფინანსებას, ესეც თავისთავად ფინანსებთანაა დაკავშირებული და კიდევ ადგილიდან წამოსული ინიციატივებიდან. მე მახსოვს რამდენიმე კერძო ინიციატივა, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც კი იქნა მხარდაჭერილი. ასე რომ, ფინანსურ შესაძლებლობებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, მაგრამ არა ყველაფერი. ცოტა ფულით დიდი საქმის კეთებაც შეიძლება, _ გვითხრა თავართქილაძემ.