ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ლელა ნაცვალაძემ გასულ კვირას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა მას შემდეგ დატოვა, რაც მას საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა არ მისცა საშუალება კომისიის თავმჯდომააარისთვის _ კობა ხაბალაშვილისთვის რამდენიმე კითხვით მიემართა.
“გურია ნიუსის” დღევანდელ ნომერში ლელა ნაცვალაძე ჩვენს კითხვებს პასუხობს.
_ რატომ დატოვეთ საკრებულოს სხდომა?
_ ამ ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მომიხდა საკრებულოს სხდომის დატოვება, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვევად გადამექცა. აუტანელია, როცა ამდენი ტყუილისა და თვალში ნაცრის შეყრის მოწმე ხდები! როგორც იცით, საკრებულოში საბიუჯეტო და ჯანდაცვის კომისიების წევრი გახლავართ; საკრებულოს რამდენიმე სხდომა ისე ჩატარდა, რომ საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე არ მოვუწვევივარ, ამიტომ, დილით კომისიის თავმჯდომარეს, ხაბალაშვილს დავურეკე და ვკითხე, ამდენჯერ რომ შეგაქვთ ბიუჯეტში ცვლილება, კომისიის სხდომას რატომ არ იწვევთ-მეთქი. მან მიპასუხა, რომ სხდომები არ მოგვიწვევია, რადგან რიგგარეშე სხდომების დროს პირდაპირ ბიუროზე გავიტანეთ საკითხები, ხოლო ბოლო სხდომა ავადმყოფობის გამო ვერ ჩავატარეო. საკრებულოს სხდომაზე კი თავმჯდომარემ ურცხვად განაცხადა, რომ დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხები შესაბამის კომისიებში განიხილესო! ამაზე თავი ვეღარ შევიკავე და მამეშვილს ვკითხე, რომელ სხდომაზე იქნა განხილული-მეთქი?! როგორც ყოველთვის, მამეშვილი შეკითხვამ გააღიზიანა. არც მე და არც ხაბალაშვილს არ მოგვცა საუბრის საშუალება. მინდა გითხრათ, რომ ჩემი შეკითხვებისა თუ რეპლიკების შემდეგ, იგი ყოველთვის არაადეკვატური ხდება, უფრო მეტიც, ბაღის აღსაზრდელს ემსგავსება და ენაზე რაც მოადგება, იმას ამბობს, რაც, რა თქმა უნდა, მის სისუსტეზე მიუთითებს.
“ავადსახსენებელ” კომუნისტებს ერთი კარგი წესი ჰქონდათ _ კაცი, სანამ მაღალ თანამდებობაზე დაინიშნებოდა, გარკვეული საფეხურები უნდა გაევლო, ამით ის იძენდა ერთგვარ გამოცდილებას, ხდებოდა უფრო პრაქტიკული და საინტერესო. ბატონ ალეკოს მუნიციპალიტეტის საკრებულო “ენჯეო” ჰგონია და ფიქრობს, ოთხწლიანი გრანტი აქვს მოგებული, რომელიც მის განკარგულებაშია. ამიტომაც უნდა საკრებულოს უკლებლივ ყველა წევრის მორჩილება, მაგრამ _ ამაოდ; სხვისი არ ვიცი, მაგრამ ჩემთან ეს არ გამოუვა, მე უმრავლესობის სიით მოსული დეპუტატი ნამდვილად არა ვარ, ეს კარგად უნდა დაიმახსოვროს! ბოლო სხდომებიდან ნათლად ჩანს, რომ თავმჯდომარემ გამომიწვია და ვიღებ ამ გამოწვევას: მას სახალხოდ შევპირდი და ძალიან მალე საზოგადოებას გავაცნობ მამეშვილის ნამდვილ სახეს, მის მოღვაწეობას, მის ტყუილებს, უპრინციპობასა და მრავალ სხვა “დადებით” თვისებებს, რაც დღემდე ჩაუდენია.
_ ამ ბოლო დროს, ხშირად შედის ცვლილებები ბიუჯეტში, რამდენად ადევნებთ თვალს ბიუჯეტის ცვლილებას?
_ დავიწყოთ იქედან, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტი თავის დროზე არასწორად შედგა, წლიურ ბიუჯეტს ჩვენ რაიონში არგებენ ორგანიზაციების ხელმძღვანელებს: ვისთანაც სარფიანი გარიგებების დადება შეუძლიათ, მაღალ დაფინანსებას აძლევენ, ვისთანაც არაფერი გამოუვათ, იმდენ თანხას აძლევენ, თავი ძლივს გააქვთ. რაც შეეხება ცვლილებას, არ არსებობს სხდომა, რომ არ ხდებოდეს ბიუჯეტში ცვლილება. თვალს რომ ვადევნებ, იმიტომაც ვიძლევი ამდენ შენიშვნას, მაგრამ ვის ესმის?! ცვლილებების დროს გადახედეთ ჯანდაცვასა და სოციალურ პაკეტს. ნათლად დაინახავთ, რომ მათი ბიუჯეტი, “ტაშფანდურის” დაფინანსებაზე ოთხჯერ უფრო მცირე მაინცაა; ან კიდევ, როცა რაიონში რეგისტრირებულ უსახლკაროთა რაოდენობა 500-ზე მეტია და ამ მუხლის დასაფინანსებლად მხოლოდ 50 000 ლარი გამოიყო 2011 წლის ბიუჯეტში, ეს უგულობა და შენი საზოგადოების დაცინვაა, სხვა არაფერი.
_ თქვენი აზრით, საკადრო ცვლილებები უკავშირდება თუ არა არჩევნებს?
_ რა თქმა უნდა, “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ “არჩევნებისთვის მზადება კარგა ხანია დაიწყო. სწორედ ამას ემსახურება საკადრო “კარუსელის” დატრიალება გურიაშიც. როგორც ჩანს, “მეფის კარზე” მაღალი ქულების დაწერა მოუნდათ და ცდილობენ მკაცრად აკონტროლონ ესა თუ ის ჩინოვნიკი. ჩემი ნათქვამი ბევრს გააღიზიანებს, მაგრამ მთავარია, სიმართლეს ვამბობ და უფლის წინაშე ვარ მართალი, ამიტომაც გეტყვით _ ყველამ კარგად იცის, რომ ოზურგეთში საკადრო პოლიტიკას ქალბატონი ლელა თავართქილაძე ატარებს, რადგან თუ ვინმეს სამსახური აქვს და ხელფასს იღებს გურიაში (თანამდებობებზე აღარაფერს ვამბობ!) ყველა მისი ახლობელი და ნათესავია, მაგრამ რიგით მოქალაქეებზე ეს არ ვრცელდება; რამდენიმე თვის წინ მასთან ორი შვილის დედა, საკმაოდ წარმატებული პედაგოგი მივიდა და დახმარება სთხოვა, მწირი ხელფასის გამო ვეღარ შევძლებ პედაგოგობას, ძალიან მიჭირს და, იქნებ ჩემი გამოცდილების ადამიანი როგორმე დამასაქმოთო, მანვე კონკრეტული სამსახურიც მიუთითა (მანამდე საკრებულოს თავმჯდომარის ტყუილებითა და დაპირებებით იყო შეურაცხყოფილი ქალბატონი), მინდა გითხრათ, რომ ქალბატონი და უკლებლივ მისი ოჯახი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ნაციონალური მოძრაობის შტაბის აქტიური წევრები იყვნენ, მაგრამ ქალბატონმა ლელამ მაინც უარით გამოისტუმრა. დღეს იმ ქალბატონმა უფასო შვებულება აიღო და თურქეთში, გაუსაძლის პირობებში მუშაობს, არადა, მას შემდეგ, “ყოვლისშემძლე” თავართქილაძემ უამრავი ადამიანის დასაქმება შეძლო. მინდა თქვენი გაზეთის საშუალებით ვკითხო ქალბატონო ლელას _ კიდევ ბევრი “თქვენიანი” დაგრჩათ დასასაქმებელი?
_ უკვე საუბრობენ, რომ ხელისუფლება არჩევნებისთვის მზადებას ნაადრევად იწყებს, სად არის ამ დროს ოპოზიცია?
_ ყველაფერს დრო გვიჩვენებს, მოკლედ გიპასუხებთ _ ოპოზიცია აქ არის, განა მე არა ვარ ოპოზიცია, ვარ და ყოველთვის ვიქნები რადიკალური ჩემს ქმედებებში. არჩევნებშიც სწორედ იმ ძალების გვერდით მიხილავთ, ვინც უკან არაფერზე დაიხევს და ბოლომდე იბრძოლებს გამარჯვების მოსაპოვებლად!
_ როგორც მოსალოდნელი იყო, ექვსეულიც დაიშალა. როგორ ფიქრობთ, არჩევნებისთვის უნდა ველოდოთ ოპოზიციურ გაერთიანებას?
_ თავდაპირველად “რვიანი”, შემდეგ “ექვსიანი”, ეს ის “უკუღმართი” გაერთიანება იყო, რომელმაც ხელი შეუშალა სახალხო კრების იდეას _ საქართველოს გამთლიანებას საერთო მიზნის მისაღწევად.
_ რატომ ვერ ახერხებს ოპოზიცია გაერთიანებას?
_ ყველაფერს თავისი დრო აქვს, გასულმა მოვლენებმა ნათლად დაგვანახეს, ვინ არის ოპოზიცია და ვინ _ არა. დროა ყველაფერი გაიფილტროს. ყველას თავისი სახელი დაერქმევა და ჭეშმარიტი ოპოზიციაც გაერთიანდება.
_ ქართულ პოლიტიკაში კიდევ ერთი ბიზნესმენი ჩნდება _ ბიძინა ივანიშვილი. რას ფიქრობთ მის გამოჩენასთან დაკავშირებით?
_ რა თქმა უნდა, მივესალმები, რადგან პოლიტიკაში სწორედ ბიძინა ივანიშვილისნაირი ქველმოქმედი ადამიანები უნდა იყვნენ, მე წავიკითხე ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება სრულად და მჯერა, რომ მისი ყოველი ნათქვამი შესრულდება და საქართველოს სიკეთეს მოუტანს, კარგად მახსოვს ბადრი პატარკაციშვილის მოსვლა პოლიტიკაში. მახსოვს, რამდენი გაიძვერა და მოღალატე შეძვრა ფულის გულისთვის მის პარტიაში, მსგავსი არ უნდა განმეორდეს.
_ რამდენიმე დღის წინ გურიას შალვა რამიშვილი სტუმრობდა, მან თქვა, რომ “ვარდების რევოლუციას” გურიაში არ მოუღწევიაო.
_ ვეთანხმები ბატონ შალვას, მან ეს ახლა თქვა, მე დიდი ხანია ვიძახდი ამას. კარგი იქნებოდა ბატონი შალვა ოზურგეთშიც მობრძანებულიყო, მე პირადად ვიქნებოდი მისი მასპინძელი…
სააკაშვილს იმდენად ღრმა სურვილი აქვს ხელისუფლებაში მარად ყოფნისა, რომ ყველაფერს “საორხელოდ” აკეთებს. მე, ძალიან კარგად ვარ ინფორმირებული როგორ ხორციელდება ესა თუ ის პროგრამა, როგორ იხსნება “ე.წ. ატკატებით” თანხები და ვინ არის ამის უსტაბაში გურიაში.