უკანასკნელ პერიოდში, ქალაქ ოზურგეთში და მუნიციპალიტეტის არაერთ სოფელში საკმაოდ ხშირად ითიშება ელექტროენერგია გამორთვა. მოსახლეობის თქმით, დღისითა თუ ღამით, სხვადასხვა დროს, ელექტროენერგია რამდენიმე საათით ქრება.
“გურია ნიუსმა” აღნიშნული პრობლემის შესახებ “ენერგო-პრო ჯორჯიას” ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელს, გია ნაკაიძეს მიმართა:
_ ქალაქ ოზურგეთში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ამიტომ ხდება შეფერხება. რაც შეეხება სოფლებში _ ლიხაურსა და მაკვანეთში გამრიცხველიანების პროცესია და თავისთავად, გასაგებია გამორთვის მიზეზი.
_ ჭანიეთში კარგა ხანია დამთავრდა გამრიცხველიანება, შეიცვალა ბოძები, სადენები, შუქი, დღითა თუ ღამით მაინც ხშირად ითიშება.
_ იცით, რა არის? ქალაქ ოზურგეთში რომ გამოირთვება, ჭანიეთიც ითიშება(?).
_ რატომ?
_ ასეა, იქაც ითიშება.
_ სისტემაა მიბმული?
_ კი, მიბმულია(?).
საინტერესოა, “მიბმულია” თუ არა ამ გამორთვებთან ელექტროენერგიის ასე ძვირი გადასახადი?!