“თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი ირაკლი ალასანია, ბოლო პერიოდში, ოზურგეთს ხშირად სტუმრობს. როგორც მან ჩვენთან საუბრის დროს თქვა, ახლა უმოქმედობის დრო არ არის და თბილისიდან პოლიტიკის გაკეთება უკვე შეუძლებელია.
_ პირველ რიგში, უსამართლობის დიდი განცდაა, როცა არც ოზურგეთს და, საერთოდ, გურიას პატრონი არ ჰყავს. რამდენიმე დღის წინ ვიყავი ზუგდიდში და იქაც ასეთი მდგომარეობაა _ სოფლები, სოფლის მეურნეობა, გლეხკაცი მიტოვებულია, ბევრს უმუშევრობის პრობლემა აწუხებს, ყველა სამ კაცში ორი უმუშევარია. სახელმწიფომ უნდა იზრუნოს სოფლისა და ვაჭრობის განვითარებაზე, აღვადგინოთ ჩვენი ტრადიციული ბაზრები, სადაც გაგვქონდა პროდუქცია. შიდა ქართლში ვიყავი _ ვაშლი ულპებათ და ვერსად ვერ გააქვთ. ორი ლარი ღირს ერთი დიდი ყუთი ვაშლი, არადა, ეს ხილი შემოაქვთ ირანიდან და სხვა ქვეყნებიდან. იგივე მდგომარეობაა ციტრუსის რეალიზაციასთან დაკავშირებით. ამიტომ მთავარია, რომ სახელმწიფოსა და საზოგადოების შორის ურთიერთვალდებულება აღდგეს. სახელმწიფოს მეთაური ვალდებულია, ის 7 მილიარდი ლარი, რომელიც რეალურად გააჩნია ჩვენს ქვეყანას ბიუჯეტში სოფლის მეურნეობისთვის, სწორად დახარჯოს. სწორად დახარჯვა ნიშნავს იმას, რომ შრომისუნარიან მოსახლეობას საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობა მისცეს, რომ იშრომოს და საკუთარი ოჯახი შეინახოს, _ თქვა ირაკლი ალასანიამ ქალაქ ოზურგეთის მოსახლეობასთან შეხვედრის დროს.
ალასანიამ მთავარი აქცენტი გააკეთა ოზურგეთში წყლის პროექტზე:
_ ვიცი, რომ ძალიან ბევრი ფული დაიხარჯა, ოზურგეთელებს წყალი რომ ჰქონოდათ. დაიხარჯა 6 მილიონი ჩვენი და თქვენი ბიუჯეტიდან, წყლის მომარაგების საკითხი კი დღეს უფრო რთულადაა, ვიდრე ადრე იყო. სად და რაში დაიხარჯა ეს ფული? ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი? არავინ ხმას არ იღებს. ტენდერი კონკრეტულმა ჯგუფმა მოიგო, რომელსაც 3 800 000 ლარად უნდა გაეკეთებინა ეს საქმე. რეალურად მიიღო 6 000 000 ლარი, მოსახლეობა კი ისევ წყლის პრობლემის წინაშეა. მე ვიცი, ჩემი წარმომადგენელი საკრებულოში ამ თემაზე საუბრობს და ამაზე მსჯელობა მიდის, მაგრამ ილაპარაკე, რამდენიც გინდა _ ხელისუფლებას პრობლემის დანახვაც არ უნდა. პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, რაში დაიხარჯა ფული. მოვნახოთ პასუხისმგებელი პირი და ვისწავლოთ _ კანონი ყველასთვის უნდა იყოს კანონი! _ უთხრა მოსახლეობას ირაკლი ალასანიამ. შეხვედრის დასასრულს “გურია ნიუსმა” ირაკლი ალასანიას კონკრეტული კითხვით მიმართა:
_ ბატონო ირაკლი, “ახალი მემარჯვენეების” და “ქრისტიან-დემოკრატების” მსგავსად ხომ არ გამოგივიდათ? მათ “რვიანი” დაშალეს, თქვენი წამოსვლის შემდეგ კი “ექვსიანი” დაიშალა, ხალხი კი “რვიანიდან” ელოდებოდა მოქმედებას.
_ ხალხი რომ ელოდებოდა მოქმედებას, ამიტომ ვმოქმედებ, ამიტომ ვარ დღეს ოზურგეთში. ვიყავი ზუგდიდსა და შიდა ქართლში. ჩავალ კახეთში. ხალხს აინტერესებს ძალა, რომელიც მის სატკივარს გულთან ახლოს მიიტანს და ეტყვის, როგორ აპირებს სოფლის მეურნეობის, ბიზნესის, მართლმსაჯულების პრობლემების მოგვარებას, თორემ ექვსი პარტია იქნება თუ ორი პარტია ან ათასი _ ხალხს ეს პროცესი ნაკლებად აინტერესებს. ჩვენ, “რვიანი” ველაპარაკებოდით ხელისუფლებას, ორმა პარტიამ მოუწერა ხელი იმაზე, რაზეც არ უნდა მოეწერა. მე ვალდებულება ავიღე ხალხის წინაშე და მასთან ვაგრძელებ ამ ვალდებულებების შესრულებას. ასე რომ, ეს ორი სხვადასხვა შემთხვევაა.