კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსის თამაზ თამაზაშვილის დაკავება შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილს უკავშირდებოდეს. თამაზაშვილის სიძე – ქალიშვილის ქმარი ირაკლი ღარიბაშვილია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფონდის ხელმძღვანელია. თამაზაშვილის დაკავებასთან ერთად, სამსახურიდან გაათავისუფლეს ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი.
თამაზ თამაზაშვილი გუშინ, თბილისში დააკავეს. მის დაკავებასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში და პროკურატურაში კომენტარს არ აკეთებენ.
“შსს-ს მიმართეთ. მათი საქმეა”, – განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს საქართველოს მთავარი პროკურატურის პრესცენტრის ხელმძღვანელმა ეკა ჩიჩუამ.
“პრესცენტრს მიმართეთ. მე არაფერი ვიცი”, – აღნიშნა შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.
შსს-ს პრესცენტრში სატელეფონო ზარებს დღეს მთელი დღის განმავლობაში არ პასუხობდნენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაკავების დროს თამაზ თამაზაშვილის ავტომანქანიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს. გუშინვე ჩხრეკა ჩატარდა თამაზაშვილის სახლში, რომელიც დედოფლისწყაროში, ძნელაძის ქუჩაზე დგას. როგორც თვითმხილველებმა კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობეს, ჩხრეკა ადგილობრივი პოლიციის თანამშრომლებმა ჩაატარეს. “პოლიციამ მისი საცხოვრებელი სახლიც გაჩხრიკა და როგორც ვიცით, იარაღი იქიდანაც ამოიღეს. ჩაუდებდნენ, რა გაუჭირდებოდათ თუ?,” – აღნიშნა პარტია “თავისუფალი საქართველოს” დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თამილა გურაშვილმა.
თამაზ თამაზაშვილი შს კახეთის სამხარეო მთავარ სამმართველოს 2000-2002 წლებში ხელმძღვანელობდა. მანამდე ის დედოფლისწყაროს პოლიციის უფროსი იყო.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის ექსკლუზიური ინფორმაციით, სამსახურიდან გაათავისუფლეს ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის მამა ტარიელ ღარიბაშვილი, რომელიც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფელ წითელწყაროს ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულად მუშაობდა. ტარიელ ღარიბაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკოლოზ შანშიაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, ტარიელ ღარიბაშვილმა განცხადება თვითონ დაწერა.
– რატომ დაწერა განცხადება, მიზეზად რა დაასახელა?
– ოჯახური პირობების გამო.
– კერძოდ? არ გიკითხავთ?
– არა, არ მიკითხავს. დაწერა და დავაკმაყოფილეთ”.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ტარიელ ღარიბაშვილთან დაკავშირებასაც შეეცადა. ტელეფონზე ქალბატონმა გვიპასუხა, რომელმაც აღნიშნა, რომ მისი მეუღლეა. “მასთან გასაუბრებას ვერ შეძლებთ. აქ არ არის.
– სხვა ტელეფონი არ აქვს?
– არა.
– სამსახურიდან რატომ წავიდა?
– ავად არის. წნევა აქვს მაღალი და გული აქვს ცუდად.
– ადრეც ავადმყოფობდა?
– დაგვანებეთ რა თავი, ხომ შეიძლება. არაფერზე არ გვინდა საუბარი”.
ბიზნესმენმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის შექმნისა და არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება 7 ოქტომბერს გაავრცელა, მორიგი ღია წერილით კი საზოგადოებას 12 ოქტომბერს მიმართა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, თანამდებობიდან გადადგეს.
წყარო: http://ick.ge/ka/articles/8337-2011-10-12-16-05-01.html