(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 12 ოქტომბერს ამოვარდნილმა ქარიშხალმა, რომელიც გრიგალს უფრო ჰგავდა, გურიაში ასწლოვანი ხეები წააქცია და არაერთ შენობას სახურავი გადააძრო. ოზურგეთი-ბათუმის მიმართულებით, ცენტრალური ტრასის გასწვრივ, მდინარე ჩოლოქის ხიდამდე მარტო 12 ძირი უზარმაზარი ნაძვის ხე ძირფესვიანად მოგლიჯა.
_ ქარი ადრეც ყოფილა, მაგრამ ასე მასიურად ამხელა ხეები არ წაუქცევია. თითო-ოროლა ნაძვი თუ მოითხრებოდა, ეს იყო და ეს, _ ამბობენ ოზურგეთში.
საზოგადოების აზრით, ხეების მოთხრა გამოიწვია ტრასის გასწვრივ ექსკავატორებით არხების გაჭრამ. სიგრძივი არხები, გზის ორივე მხარეს, ზომაზე მეტად ახლოს არის გათხრილი ხის ფესვებთან, ზოგან გამოშვერილი ნაწილებიც ჩანს: _ სწორედ ამიტომ, საკმარისი გახდა ერთი ძლიერი ქარი და ასწლოვანი ნაძვები მიწაზე დაეფინა, _ ამბობენ ოზურგეთელები და დასძენენ, რომ ამ საქმეს სერიოზული მიხედვა სჭირდება, _ ან საერთოდ უნდა მოჭრან ტრასის გასწვრივ მდებარე ნაძვები, ან ფესვები ისევ მიწაყრილით გაუმაგრონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორიგ ქარს, რაც გურიაში იშვიათობას არ წარმოადგენს, შესაძლებელია, სერიოზული მსხვერპლი მოჰყვეს. ამჯერად კი უფალმა გადაგვარჩინა _ ტრასაზე, სადაც მოძრაობა არ ფერხდება, “პანტაპუნტით” ცვიოდა მოთხრილი ხეები.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გვითხრეს, ქარის შედეგად გამოწვეული ზარალის ოდენობა დგინდება და საჭირო ზომები გატარდება.