(Tspress.ge) _ Tspress.ge-სთვის სარწმუნო წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, დაახლოებით ერთი კვირის წინ, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორ ზაზა გოროზიას შორის ინციდენტი მოხდა. შელაპარაკებისას ახალაია, გოროზიასა და მის მოადგილეს, ვახტანგ ცხადაიას ფიზიკურად გაუსწორდა. ამავე წყაროს ცნობით, ინციდენტის შემდეგ გოროზია და ცხადაია სამსახურში არ გამოჩენილან.
-“გოროზიას გუბერნატორის პოსტის დატოვება არ უნდა. ამის გამო იკამათეს და კამათის დროს, ახალაიამ მას მუშტი რამდენჯერმე ჩაარტყა, ხოლო შემდეგ მის მოადგილეს მიუბრუნდა. გოროზია და ცხადაია ამის შემდეგ სამსახურში არ ყოფილან,”- ამბობს წყარო.
როგორც თავად გოროზიამ Tspress.ge-სთან რამდენიმე წუთის წინ განაცხადა, ის ამჟამად საფრანგეთში მივლინებით იმყოფება და 2 დღეში დაბრუნდება. ხოლო ინციდენტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას მან და მისმა მოადგილემაც “მორიგი ჭორი” უწოდეს.
ვახტანგ ცხადაიას განცხადებით კი, ის შვებულებაში იმყოფება.
-“ახალაიასთან არანაირი კავშირი არ მქონია და ეს სიცრუეა,”- განაცხადა მან და დასძინა, რომ და საკადრო ცვლილებების შესახებ არაფერი იცის.
ვახტანგ ცხადაიას შვებულებაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის უფროსმა, ლალი გელენავამაც დაადასტურა. მისი თქმით, ის შვებულებაში 1 ოქტომბრიდან გავიდა.
შეგახსენებთ, რომ ზაზა გოროზიას სოფლის მეურნეობის მინისტრად და მის ნაცვლად, სენაკის მაჟორიტარი დეპუტატის, გურამ მისაბიშვილის სავარაუდო დანიშვნის შესახებ ინფორმაცია”ინტერპრესნიუსმა” გაავრცელა.