(ინტერპრესნიუსი) _ შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მოთხოვნის საფუძველზე, ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის 10-მა თანამშრომელმა ცეცხლსასროლი იარაღი უკვე ჩააბარა . ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” ადვოკატმა ლილი გელაშვილმა განუცხადა.
“ივანიშვილის პირადი დაცვის 10 თანამშრომელს ცეცხლსასროლი იარაღი ჩააბარებინეს. ეს პირები დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან, რომლებიც ბიზნესმენთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდნენ. როგორც მათ განემარტათ, იარაღის ჩაბარება ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტას უკავშირდება, რადგან, დაცვის პოლიციას, როგორც საჯარო სამსახურს, უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაცავად ცეცხლსასროლი იარაღის გამოყოფის უფლება არ აქვს”, – განმარტა ადვოკატმა.
მისივე თქმით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის აღნიშნული თანამშრომლები ბიძინა ივანიშვილის პირად დაცვას კვლავ განახორციელებენ, ოღონდ იარაღის გარეშე.
ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტმა ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსს განიარაღება მოსთხოვა. მისი თქმით, ივანიშვილის დაცვის უფროსს ტელეფონით დაუკავშირდა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელი მირიან ბაიდაშვილი, რომელმაც ბიზნესმენის დაცვის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს და სამსახურის სხვა წევრებს დეპარტამენტში მისვლა და იარაღის ჩაბარება მოსთხოვა.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved