(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ 18 ოქტომბერს, ოზურგეთში “ლიბერთი ბანკის” სპეციალური მინი-ბუსი გამოჩნდა, რომელიც ამიერიდან პენსიონერებს, გარდა საპენსიო თანხების დარიგებისა, სხვა ფორმითაც მოემსახურება.
“ლიბერთი ბანკის” ოზურგეთის ფილიალის მმართველი, ავთო სვანიძე “გურია ნიუსთან” საუბარში განმარტავს, რომ აღნიშნული მინი-ბუსი სპეციალური დანიშნულების ოპერატიული მანქანაა, რომელიც ადგილზე მოემსახურება მოხუცებს: _ ის თითოეულ სოფელში ორჯერ მივა, ხოლო ისეთ პენსიონერს, რომელსაც ფიზიკური გადაადგილება არ შეუძლია, მისი ოჯახის მიერ სპეციალური ბარათის უფასოდ გაკეთების შემდეგ, პენსიას შინ მიუტანენ.
სპეციალური მინი-ბუსით 5 მოლარე-ოპერატორი, მძღოლი და დაცვის ერთი თანამშრომელი მოძრაობს.
სვანიძის თქმით, ოზურგეთი მალე კიდევ ორ ასეთ მინი-ბუსს მიიღებს: _ მომსახურება მოიცავს მთელ ქალაქს და აბსოლუტურად გამართული, ოპერატიული მუშაობა იქნება ყოველი თვის 15 რიცხვიდან თვის ბოლომდე, _ გვითხრა სვანიძემ.