(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება, სოფლის ამბულატორიების ექიმებსა და ექთნებს საინფორმაციო ბაზის შექმნისა და საქმიანობის უფრო პრაქტიკულად გახორციელების მიზნით, ლეპტოპები და პრინტერები გადაეცემათ.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ილია ვაშაყმაძე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის რეგიონალური საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელ ვასილ ხომერიკთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამ ადმინისტრაციულ ერთეულს ესტუმრნენ, რათა ადგილზე გასცნობოდნენ ამბულატორიებში სამუშაო პირობებს და პერსონალისთვის ლეპტოპები და პრინტერები გადაეცათ.