ხელისუფლებას ტყის ინვენტარიზაციის პროცესი ეძვირება და თვლის, რომ ინვესტორი, ფულის გადახდის შემდეგ, თავად დაითვლის რა იყიდა; გარემოსდაცვითი ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის უკეთ გასააზრებლად საკმარისი საჯარო განხილვები არ მოწყობილა, საზოგადოება არაა საკმარისად ინფორმირებული, თუ რა ბედი ელის საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს.
ამ კანონპროექტის განხილვის პროცესი უცნაურ კაზუსსაც უკავშირდება _ კანონპროექტის ქართული ვარიანტი სულ რამდენიმე დღეა გამოჩნდა და მანამდე, სპეციალისტებს მხოლოდ ინგლისური ვარიანტის მიხედვით შეეძლოთ ემსჯელათ. სპეციალისტებს გაუჩნდათ საფუძვლიანი ეჭვი, რომ პროცესი საგანგებოდ ჩქარდება და ტყეების ნახევარსაუკუნოვანი ვადით გადაცემა კონკრეტული პირების ინტერესს წარმოადგენს.
ხელისუფლება კი თვლის, რომ უკვე გამართული რამდენიმე საჯარო შეხვედრა და განხილვა სრულიად საკმარისია საკითხის გადასაწყვეტად.
ორივე მხარის პოზიციის უკეთ გარკვევის მიზნით, “გურია ნიუსი” ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილეს, ნინო ენუქიძეს და არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორს, რეზო გეთიაშვილს შეხვდა.
_ გაჩნდა მოსაზრება, რომ ამ კანონპროექტის მიღება დაჩქარებულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ნინო ენუქიძე, ბუნებრივი რესურსებისა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე: _ რას ნიშნავს დაჩქარებულ რეჟიმი?! ჯერ პარლამენტში არ შესულა კანონპროექტი და უკვე სამი საჯარო შეხვედრა მოეწყო. არანაირად არ ვეთანხმებით იმ აზრს, რომ კანონპროექტს დაჩქარებულ რეჟიმში ვიღებთ. საერთაშორისო კანონმდებლობის ნორმების დაცვით მიმდინარეობს განხილვა.
შეიძლება, ორგანიზაციებს კანონის საჯარო განხილვის ვადის დანიშვნამდე ოფიციალური წერილი 1 დღით ადრე მიუვიდათ, მაგრამ სატელეფონო საუბრებით წინასწარ ყველამ იცოდა, რომ 15 ოქტომბერს მოხდებოდა თემის განხილვა. გარდა ამისა, 4 ოქტომბერს უკვე სამინისტროს საიტზე განთავსებული იყო განხილვის ჩატარების თარიღი.
რეზო გეთიაშვილი, CENN-ის გარემოს დაცვის პროექტების კოორდინატორი: _ თუ გავითვალისწინებთ, რომ ტყის რეფორმა ყოველ 2 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა, დაჩქარებული რეჟიმის გამო “ვერავის ვუსაყვედურებთ”, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ყველა მორიგ შემთხვევაში, რეფორმა იმდენად არათანმიმდევრული იყო, სპეციალისტები სახლის მშენებლობის ბოლო სართულიდან დაწყებას ადარებდნენ. დღესაც იგივეა; იმისთვის, რომ ტყეები მართო, საჭიროა სატყეო პოლიტიკის არსებობა, ტყეების ინვენტარიზაციის და კატეგორიზაციის უზრუნველყოფა; შემდგომ, უკვე შეიძლება გამოყო სამეურნეო დანიშნულების ტყეები და სააუქციონო პაკეტი ისე მოამზადო, რომ ინვესტორმაც იცოდეს, რაში დებს ფულს და სახელმწიფომაც _ რას გასცემს. ეს თანმიმდევრობა დაცულია ყველა ქვეყანაში, მათ შორის ავსტრიაშიც, რომლის მოდელიც ხელისუფლებას გადმოაქვს.
რეალურად, ხელისუფლების პროექტი წარმოადგენს ექსპერიმენტს, რომელიც არც ერთ ქვეყანაში არ გახორციელებულა და ბევრ რისკ-ფაქტორს შეიცავს, რასაც გულდასმით გაანალიზება სჭირდება; და როცა ხელისუფლება სთხოვს საზოგადოებას, რომ საჯარო განხილვაში მიიღოს მონაწილეობა, მას გონივრული ვადებიც უნდა მისცეს, ეს ხომ ფორმალობა არ არის?! 11 ოქტომბრის საღამოს დაიდო სამინისტროს საიტზე კოდექსის განხილვის თარიღი. ასე რომ, მოსამზადებლად საზოგადოებას მხოლოდ ერთდღიანი შუალედი ჰქონდა. დარწმუნებული ვარ, ბევრმა ორგანიზაციამ ვერც კი მოასწრო განცხადების წაკითხვა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ინფორმაცია საჯაროდ 11 ოქტომბერს გავრცელდა. თუ სამინისტრო სხვა ინფორმაციას ავრცელებს, ესე იგი, ტყუის.
_ ხდება თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საზოგადოების ინტერესების გათვალისწინება?
ნინო ენუქიძე: _ რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ. სწორედ იმიტომ ტარდება ეს საჯარო განხილვები, რომ მიღებული რაციონალური შენიშვნები გავითვალისწინოთ. მაგალითად, “მწვანე ალტერნატივას” ჰქონდა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ტყის იჯარით გაცემის პროცესი საჯარო უნდა იყოს და დაახლოებით იგივე სქემით უნდა მიმდინარეობდეს, როგორც გარემოს ზემოქმედებაზე შეფასება. ამაზე დავეთანხმეთ მათ და აუცილებლად იქნება იმპლემენტირებული კანონში და კანონქვემდებარე აქტებში.
რეზო გეთიაშვილი: _ საზოგადოებასთან კონსულტაციის შემდეგ, ხელისუფლებამ პოზიცია შეიცვალა. მაგალითად, სატყეო რეფორმა შეუძლებელს ხდიდა ახალი დაცული ტერიტორიების შექმნას და ამ საკითხთან დაკავშირებით, ენერგეტიკის სამინისტრო ძალიან კატეგორიული იყო. ბოლო განხილვაზე კი, მინისტრმა აღნიშნა, რომ გეგმარული დაცული ტერიტორიები შეიქმნება, თუკი თითოეულ მათგანს ექნება სოციალური დასაბუთება. თუ ძალიან არ იჩქარებს ხელისუფლება, ძალიან ბევრი საფრთხისგან დაიზღვევს თავს.
_ რატომ არ მომზადდა და გავრცელდა დოკუმენტები ქართულ ენაზე?
ნინო ენუქიძე: _ კანონპროექტი უკვე არის ქართულად ნათარგმნი, თუმცა, საიჯარო ხელშეკრულება ჯერჯერობით _ არა. მაგრამ ძირითადი დოკუმენტი მაინც კოდექსია. ხელშეკრულება კი არ იქნება პარლამენტში განხილული, არამედ, კოდექსი და ეს ხელშეკრულება უნდა გამომდინარეობდეს კოდექსიდან.
რეზო გეთიაშვილი: _ თავიდან კოდექსიც და საიჯარო ხელშეკრულებაც მხოლოდ ინგლისურ ენაზე მომზადდა და გავრცელდა. საზოგადოების მოთხოვნის შემდეგ, კოდექსი ითარგმნა ქართულად, საიჯარო ხელშეკრულება კი _ არა. თუ ხელისუფლებას საზოგადოების აქტიური ჩართულობა სურდა, მაშინ დოკუმენტების თარგმნისთვის თავი ნამდვილად არ უნდა აერიდებინა.
_ წარმოდგენილი დოკუმენტების მიხედვით, იჯარით ტყეების 100%-ი ყოველგვარი ინვენტარიზაციისა და კატეგორიზაციის გარეშე გაიცემა. როგორ ფიქრობთ, ეს მნიშვნელოვან სოციალურ, ეკონომიკურ, ეკოლოგიურ და ფინანსურ რისკებთან არ არის დაკავშირებული?
ნინო ენუქიძე: _ არავითარ რისკებთან არ არის ეს დაკავშირებული. ინვენტარიზაციის გახორციელება რომ შეეძლოს სახელმწიფოს, მაშინ აღარ იქნებოდა ლაპარაკი ამ კანონპროექტზე. ინვენტარიზაცია ძალიან ძვირი პროცესია. სწორედ შემოსულმა მოიჯარემ უნდა განახორციელოს ინვენტარიზაცია. ეს იქნება მისი ვალდებულება, რომლის მონიტორინგსაც განახორციელებს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სახით.
რეზო გეთიაშვილი: _ თვითონ კანონპროექტი მოიცავს ძალიან ბევრ პუნქტს, რომელიც გარკვევას და დეტალიზაციას საჭიროებს. ამასთან დაკავშირებით, სამინისტრომ 6 ოქტომბერს მიიღო შენიშვნები და ლოგიკური იქნებოდა, რომ ამ კითხვებზე პასუხი გაეცა. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, ვიმეორებ, მეტი კონკრეტიკის აუცილებლობაა.
საფრთხეები, მართლაც მრავალმხრივია _ ზიანი მიადგება ბიომრავალფეროვნებას, გაქრება სახეობები, დაიწყება მეწყრული პროცესები. რაც შეეხება ეკონომიკურ საფრთხეებს: თუ გვინდა ჩვენი რესურსების ათვისება, მინიმუმ, ამ რესურსებზე წარმოდგენა უნდა გვქონდეს. თუ არ გაკეთდა შეფასება და ინვენტარიზაცია, სახელმწიფომ შეიძლება დაკარგოს სერიოზული ინვესტორი. ის აუქციონი, რომელიც გამოცხადდება, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფოს ზარალი არ მიადგეს; ყოველწლიურად ბუნებრივი კატასტროფებისგან ქვეყანას ასობით მილიონი ლარის ზარალი ადგება და ამის ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი ტყეების არასწორი მართვაა.
ეკოლოგიური საფრთხის თვალსაზრისით, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან, კავკასიის რეგიონში ტყეებს ძალიან დიდი გარემოსდაცვითი დანიშნულება აქვთ და აქ შეცდომის დაშვება არ ნიშნავს, ერთი ლამაზი ხის მოჭრით ზიანი მივაყენეთ გარემოს. თუ ჩვენ გვინდა შემოსავალი მივიღოთ, მაშინ ამ შემოსავალს უნდა შევადაროთ ის ეკონომიკური რისკები, რომელსაც უკვე იწვევს ტყეების არასწორი მართვა და შესაბამისობაში უნდა მოვიყვანოთ ერთმანეთთან.
ყურადსაღებია სოციალური საფრთხეებიც; ხელისუფლებამ ამ რეფორმაში მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფის საკითხი ჩადო, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორებმა შეიძლება სოციალურ კონფლიქტამდე მიგვიყვანოს. ადამიანები შეჩვეულნი არიან, რომ ტყე მათი განუყოფელი ნაწილია და ტყეში შესვლა არ უნდა დაუშალო. ეს კანონპროექტი ძალიან ბუნდოვანს ხდის იმ შეზღუდვებს, რაც მოსახლეობას მომავალში დაუწესდება. ეს ბუნდოვანება ინვესტორს მანიპულაციის საშუალებას მისცემს _ ერთ “მშვენიერ დღეს”, მოსახლეობას შეიძლება ტყეში აბრა დახვდეს: “შესვლა აკრძალულია!” კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფრთხე ბუნებრივი კატასტროფებია, რომლის სათავე ტყეების არასწორი მართვაა. ბუნებრივი კატასტროფებისას არა მარტო ქვეყანას ადგება მატერიალური ზარალი, არამედ, ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება _ მარტო წელს, 100-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. მსოფლიოში 20 ცხელი წერტილი შეირჩა ბუნებრივი მრავალფეროვნების თვალსაზრისით და მათ შორის არის კავკასიაც.
_ რამდენად დიდია დაინტერესება ინვესტორების მხრიდან?
ნინო ენუქიძე: _ როდესაც კონკრეტულ ბიზნესმენს შეუძლია, დაგეგმოს თავისი ბიზნესი გრძელვადიან პერსპექტივაში, დაინტერესება უდავოდ დიდი იქნება. მოიჯარის ვალდებულება იქნება მოუაროს, აღადგინოს და გააკეთოს ტყეების ინვენტარიზაცია. თუკი რაიმე დარღვევებთან გვექნება საქმე, კანონში შესაბამისი სადამსჯელო სანქციები იქნება ჩადებული.
რეზო გეთიაშვილი: _ როცა ხელისუფლება გვეუბნება, რომ ეს არის ავსტრიული მოდელი, მაშინ გადმოიტანოს ის ძირითადი საკითხებიც, რასაც ეყრდნობა ავსტრიული ტყის მართვის სისტემა. ჩვენ ვაძლევთ ინვესტორს უფლებას, თვითონ ჩაატაროს ინვენტარიზაცია, რაც არსად არ ხდება!
ასევე, გაუმართლებელია ყოფილი სატყეო ტერიტორიების 100%-ის გაცემა საიჯაროდ, რადგანაც ამ რეფორმით მკაცრად ცენტრალიზებული სისტემა იქმნება. ცენტრალიზებული სისტემა კი, თავისთავად, რეგიონების ბუნებრივი რესურსების გარეშე დატოვებას და ყველა პრობლემის ერთ სამინისტროზე მიბმას ნიშნავს.