(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთი-ბათუმის ცენტრალური ტრასა, რომელიც ტვირთმძიმე ავტომობილებით მოძრაობის გამო ცალმხრივად (მარჯვენა მხარე) დაიბრიცა, ახლახან, “გზამშენი-18”-ის მიერ საფუძვლიანად შეკეთდა. როგორც “გზამშენი 18”-ის წარმომადგენლებმა გვითხრეს, აღნიშნულ ადგილებზე, ზედმეტი ტვირთის გატარების გარდა, ძალიან რბილი გრუნტის არსებობამაც განაპირობა გზაზე დიდი სიღრმის ორმოების გაჩენა. ამიტომ შეკეთდა ახალი მეთოდით: _ საფარს ქვემოთ, მიწის არე საკმაო სიღრმეზე (1 მეტრი) ახალი გრუნტით ჩაიტკეპნა, რაც ავარიის საშიშროებას და სხვა რაიმე ხიფათს გამორიცხავს.
აღნიშნული სამუშაოები დასასრულს მიუახლოვდა. წვიმიანმა ამინდმა ბოლო ეტაპს ხელი შეუშალა, თუმცა, გამოდარებისთანავე, დარჩენილი სამუშაო რამდენიმე საათში დამთავრდება, _ ამბობენ მშენებლები.