ალეგრობის დღესასწაულის დამკვიდრების ისტორია გურიის უკანასკნელი მთავრის, მამია V გურიელის (1789-1826) დროიდან უნდა ვეძიოთ, რომლის სასახლე იმ დროის ევროპული კულტურული სალონი იყო დასავლეთ საქართველოში.
“მამია V-მ ყმაწვილთა სასწავლებლად გააჩინა ოზურგეთში შკოლაი, ვაჭრობისა და აღებმიცემობის განსამხნევებლად ერთ თავის სოფელთაგანში (ნაგომარი) დააწესა “მარინობა” და გააჩინა იქ იარმარკა. თავის სასახლეში მოაწყო ზნეობათა საღამო შესაქცევი შეკრებილება ასამბლეების მსგავსად, გამოიყვანა ევროპიდან ბუზიკის მასწავლებლები, შეადგინა თავისი ბუზიკა და ჩვეულებრივ, გააჩინა ევროპული ტანცები”. _ იუწყებოდა “გურიის ამბები” 1919 წელს.
1823 წელს გურიას და კერძოდ, ოზურგეთს ესტუმრა გერმანელ მოხეტიალე მსახიობ-კომედიანტთა, ჯამბაზთა და აკრობატთა ჯგუფი, რომელიც გურიელმა თავის კარზე დაიტოვა საღამოთა და სანახაობათა მოწყობისა და გართობის მიზნით.
ალეგრობა, როგორც სახალხო სანახაობა, გურიაში ძველთაგანვე საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და ფართოდ იყო გავრცელებული. როგორც თვითმხილველნი გადმოგვცემენ, ალეგროს ორგანიზატორები წინასწარ ჩამოივლიდნენ მოსახლეობაში. თითოეული ოჯახი თავს მოვალედ თვლიდა, საკუთარი წვლილი შეეტანა საქველმოქმედო საქმეში. ისინი სწირავდნენ სხვადასხვა სურსათ-სანოვაგეს _ ხილს, ქვის კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურს, ქათამს, გოჭს. მთელი ეს სანოვაგე თავს იყრიდა სახელდახელოდ გაკეთებულ ბუფეტში. საგრძნობ შემოსავალს იძლეოდა ლატარეა; მუშაობდა “სიყვარულის ფოსტა”, “ბედის კასრი” და სხვა გასართობები. შემდეგ იწყებოდა სცენის მოყვარულთა წარმოდგენები _ ერთმოქმედებიანი ვოდევილები, სკეტჩები და მონოლოგები. ასევე, იმართებოდა შეჯიბრი ცეკვაში და ბოლოს, ეწყობოდა სახალხო სეირნობის გვირგვინი _ “ამერიკული ატრაქციონი”. შემოსავალი ხმარდებოდა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების კეთილმოწყობას.
ალეგრობა გურიის თითქმის ყველა სოფელში იმართებოდა. უფრო მეტად ცნობილი იყო სოფლების _ ბახვის, ლიხაურის, შემოქმედის, კვირიკეთის ალეგრობები.
ალეგრობა სკოლების დასახმარებლადაც ტარდებოდა. 1874 წელს გამართული ალეგროს შესახებ ყოველკვირეულ ჟურნალ “კვალში” (# 45) ვკითხულობთ: “ბ-ბ კ. ალჩიბაიას და ა. გამრეკელოვის მეთაურობით და შკოლის პოპეჩიტელების დახმარებით, გაიმართა 25-26 სექტემბერს “ლატარეა _ “ალეგრო”, საიდანაც წმინდა შემოსავალი, ნაღდი ფული, 500 მანეთზე მეტი დარჩა შკოლას”.
მოგვიანებით, ოზურგეთის ათწლიანი სკოლის სასწავლო-მატერიალური ბაზის გაფართოებისთვის ჩატარებული ალეგრო გაზეთ “ლენინის დროშაში” აღწერილი აქვს ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, აწ განსვენებულ მიხეილ გოლიაძეს: “ალეგრო გაიმართა სკოლის ეზოში, რომელიც განათებული იყო ფერადი ილუმინაციებით, მოეწყო ესტრადა, გაიმართა აუქციონი. მოქმედებდა “მფრინავი ფოსტა”. სუფრები გაიშალა სკოლის ვრცელი ბაღის ხეივანში, ყველაფერი ლამაზად ჩატარდა, იყო ხალხმრავლობა… სერის უბნიდან მთელ ქალაქს ეფინებოდა საზეიმო და საცეკვაო მუსიკა _ მაშინ ფრიად პოპულარული ვალსების, ფოქსტროტის, ტანგოს მელოდიები… ეს ალეგრო-სეირნობა 1933 წლის აპრილის დამდეგს მოეწყო. ხოლო 1934-35 სასწავლო წლისთვის კი უკვე ოზურგეთის ათწლედს ორსართულიანი შენობა ჰქონდა”.
ალეგრობა, როგორც ცნობილია, მეორე მსოფლიო ომმა შეაჩერა. მას შემდეგ გურულების ეს ფართოდ გავრცელებული და საყვარელი დღესასწაული დაიკარგა.
მხარისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარებული წლევანდელი ალეგრობის გაცოცხლების იდეა და ინფორმაცია ეკუთვნის ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმს. უნდა აღინიშნოს, რომ ოზურგეთის ალეგროს შესახებ მოგონება ეკუთვნის ქალაქის ყოფილ ვიცე-მერს, აწ განსვენებულ თენგიზ კუნჭულიას.
იმედია, მომავალში ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი აქტიურად ჩაერთვება უკვე ტრადიციადქცეულ ალეგრობაში, ღონისძიება გამდიდრდება საინტერესო ელემენტებით და ჩატარდება ჭადრების ბაღში, როგორც ეს ადრე ხდებოდა.
მანანა ლომაძე, ოზურგეთის ისტორიული მუზეუმის ფონდების მთავარი მცველი