ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში მოეწყო სამხატვრო სკოლის პედაგოგის, მხატვარ თემურ ბერძენიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები, ასევე, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები თექასა და კერამიკაში. მხატვრის შესახებ ისაუბრეს სამხატვრო სკოლის დირექტორმა მზია კვინტრაძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა დოდო მამალაძემ, საკრებულოს სოციალური კომისიის უფროსმა ზაურ ოსეფაიშვილმა, ოზურგეთის სამხატვრო გალერეის დირექტორმა ავთო თავართქილაძემ, გურიის მხატვართა კავშირის თავმჯდომარემ თამაზ დარჩიამ, კულტურის დამსახურებულმა მუშაკმა რეზო თედორაძემ. გამოფენას ესწრებოდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი, რომელმაც მიულოცა მხატვარს პირველი პერსონალური გამოფენა და უსურვა პედაგოგიური და შემოქმედებითი წარმატებები. გამგებლის თქმით, მხატვრის მიერ წარმოდგენილი ასეთი საინტერესო გამოფენა აუცილებლად წახალისდება. გამგებელმა სამხატვრო სკოლას ნაყოფიერი მუშაობისთვის საჩუქრად ფერადი პრინტერი გადასცა.
გამოფენა ჩოხატაურის სამხატვრო სკოლის საგამოფენო დარბაზში 1 დეკემბრამდე გაგრძელდება.