ცენტრის გახსნას გურიის და ოზურგეთის ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.
_ აუცილებელია, რომ ხალხსა და მთავრობას შორის იყოს პერმანენტული დისკუსია. მთავრობას მუდმივი საუბარი უნდა ჰქონდეს ხალხთან. იმედი მაქვს, ეს ცენტრი ამაში დაგეხმარებათ. დემოკრატიულ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი, რომ ასეთ ცენტრებში გამართონ დისკუსიები. ეს დისკუსიები კარგი ფორმით უნდა იქნეს გამოყენებული, უნდა გაჯერდეს ფაქტებით და არა ჭორებით.
ჩვენ ხშირად გვეუბნებოდნენ, რომ ასეთი ადგილების არქონა დიდ პრობლემებს ქმნიდა. ამიტომ ვხსნით ამ ცენტრს. ეს არის ამერიკელი ხალხის საჩუქარი. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვუჭერთ კონკრეტულ პარტიას ან კანდიდატს მხარს მომავალ არჩევნებში, შესაბამისად ეს ცენტრი არ იქნება რომელიმე კონკრეტული პირისთვის. ისარგებლეთ ამ ცენტრით, მიიტანეთ პრობლემები მთავრობამდე. მე ვისურვებდი, დემოკრატიის განმტკიცებას და მეტი სამუშაო ადგილის შექმნას, _ ბრძანა ჯონ ბასმა ცენტრის გახსნაზე.
ბასმა ახალგახსნილ ცენტრში იმ მოლოდინზეც ისაუბრა, რომელიც ამ ცენტრის მიმართ აქვს:
_ გურია მაგონებს იმ რეგიონს, რომელშიც მე გავიზარდე. ეს რეგიონი მდებარეობს რამდენიმე საათის სავალზე ქალაქ ნიუ იორკიდან. ჩვენს რეგიონში იყო სოფლის მეურნეობაც, რეგიონი არის მთიანი, ჩამოდის მდინარე, რომელიც ყოფს ამ რეგიონს. ეკონომიკა ძირითადად დაფუძნებული იყო სოფლის მეურნეობაზე _ ჩვენს შემთხვევაში ეს გახლავთ რძის გადამუშავება. უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში, ჩვენმა რეგიონმა განიცადა დრამატული ცვლილებები, რომლებიც შეეხო ჩვენი ეკონომიკის ძირითად მიმართულებებს და დღეს ეს გახლავთ რეგიონი, რომლის ეკონომიკის ძირითად საფუძველს წარმოადგენს ტურიზმი. ეკონომიკური ცვლილებები ნამდვილად აისახა და იმოქმედა თითოეულ ადამიანზე. ეს ცვლილებები არ იყო მარტივი, არ იყო სწორხაზოვანი. ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობა ეკონომიკური თვალსაზრისით გაუარესდა, ზოგიერთის _ გაუმჯობესდა. ბევრ ადამიანს მოუხდა სამუშაოს შეცვლა, ახლის მოძებნა და დაწყება, მაგრამ საბოლოო ჯამში, გამოვიდა ისე, რომ პროცესი წარმატებით დასრულდა. ეს მეტწილად დამოკიდებული იყო იმ დისკუსიაზე, რომელიც მიმდინარეობდა თემებში და მის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. სულაც არ მინდა თქვენ ისე მიიღოთ ჩვენი სიტყვები, რომ თითოეული ადამიანის მოსაზრება და გამოთქმული აზრი იყოს დაკმაყოფილებული და ასი პროცენტით მიღებული. ეს პროცესი, პირველ რიგში, უნდა ეხებოდეს ეკონომიკურ შესაძლებლობას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნის პერსპექტივებს, მათ გათვალისწინებას. ასევე, შესაძლო ინვესტიციების მოზიდვას, რაც ხელს შეუწყობს თქვენი რეგიონის ეკონომიკის ზრდას. საბოლოო ჯამში ხომ დემოკრატია გახლავთ კომპრომისზე წასვლის უნარი? იშვიათად ხდება, რომ თითოეული ადამიანის სურვილის შესაბამისად დასრულდეს პროცესი. პროცესი მნიშვნელოვანია, როდესაც მიმდინარეობს საუბრები, თითოეული ადამიანის ხმა არის მოსმენილი და შედეგი კი თემის მიერ მხარდაჭერილი და გაზიარებულია. ეს მნიშვნელოვანია თქვენი რეგიონისთვის კიდევ იმითაც, რომ ამ პროცესში თქვენ არა მხოლოდ ეკონომიკურ შესაძლებლობებს, არამედ საზოგადოებას განავითარებთ, თემსაც შეკრავთ. მოხარული ვიქნები, რომ მომავალში კვლავ ვესტუმრო თქვენს რეგიონს და ვიხილო ჩართული საზოგადოება სხვადასხვა მნიშვნელოვანი თემებში, _ აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პირველი დისკუსიის თემად ბახმარო შეარჩიეს. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ყურადღება ბახმაროში მოქალაქეთა ქონებრივი უფლებების დარღვევის ფაქტზე გაამახვილეს და აღნიშნეს, რომ კურორტის მოაგარაკეებს არ ეძლევათ საშუალება, დაირეგისტრირონ ქონება მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პრეზიდენტის ბრძანებულება და კანონიც. ამ ეტაპზე ბახმაროში ქონებას არც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს და არც ლეგალიზაციის კომისია. რესპუბლიკური პარტიის წევრის, მარინა სუნგულიას თქმით, ბახმაროში 60 წელია, სახლი აქვს, რომელზეც ყველანაირი დოკუმენტაცია გააჩნია, თუმცა, 2 წელია, საჯარო რეესტრი და ლეგალიზაციის კომისია დარეგისტირებაზე უარს ეუბნება.
“გურია ნიუსმა” ჯონ ბასს ამ თემაზე ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების ინგლისური ვერსიაც (თარგმანისთვის მადლობას ვუხდით ანუკი შარაშენიძეს) გადასცა (იხ. გაზეთ “გურია ნიუსის” 3 სექტემბრის ნომერი), სადაც აღნიშნულია, რომ გურიაში ქონებრივი უფლებების შელახვას ხშირი ხასიათი აქვს, განსაკუთრებით კი ბახმაროში. გარდა ამისა, ჯონ ბასს იმ 80 ადამიანის მონაცემები გადავეცით (ოფიციალური დოკუმენტები) რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში სახელმწიფოს საკუთარი ნებით(?!) ჩააბარეს ბახმაროში განთავსებული უძრავი ქონება.
შეხვედრაზე აღინიშნა ისიც, რომ გურიის მოსახლეობა არ იცნობს ბახმაროს განაშენიანების გეგმას და სახელმწიფო არ ინტერესდება მოქალაქეების ჩართულობით ამ პროცესში.
გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის განმარტებით, ქონება იმ ადამიანებმა ჩააბარეს, რომლებსაც უკანონოდ ჰქონდათ დაკანონებული, თუმცა, ამ განცხადების პასუხად ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის თავმჯდომარემ, თამაზ ტრაპაიძემ აღნიშნა, რომ აღნიშნული უკანონობის შედეგად, რომელიც საჯარომ მოხელემ ჩაიდინა, რიგითი მოქალაქეები დაზარალდნენ და ამ ადამიანებისთვის კომპენსაცია არავის გადაუხდია. პირიქით, მიწის ჩაბარებაზე, ზედ დამაგრებული ქონებით, ფული იქით გადაახდევინეს.
ამის შემდეგ ბასი სოფელ ნატანებში გაემგზავრა და ფერმერთა მომსახურების ცენტრი იქაც გახსნა. გურიის გუბერნატორთან რამდენიმეწუთიანი დახურული შეხვედრის შემდეგ, ელჩმა ნახევარი საათი რეგიონულ ჟურნალისტებს დაუთმო და მათ შეკითხვებს უპასუხა.
ჟურნალისტებთან შეხვედრაზე ჯონ ბასმა რეგიონული მედიის უპირატესობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რეგიონულ მედიაში გაცილებით მეტი პროფესიონალი მუშაობს.