(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ბოლო დროს, ქართულ ფეხბურთში ამაზე მეტი ჩახლართული სიტუაცია და სამკითხაო არ ყოფილა: რატომ წავიდა სოსო ფილია “კოლხეთიდან”? ვინ მოდის მის ადგილზე _ დავით მახარაძე, გელა სანაია თუ ოთარ გაბელია? რატომ მოამზადა გუნდი ისევ ფილიამ? რატომ გაიყვანა “კოლხეთი” სათამაშოდ ისევ მახარაძემ? რა ფუნქციებს შეასრულებს კლუბში ფილია? ეს კითხვები ბოლო დღეებში არაერთხელ დაისვა და პასუხი ასე ჟღერდა _ სანაია მთავარ მწვრთნელად, ფილია _ კონსულტანტად ან სპორტულ დირექტორად!
თუმცა ეს ამბავი გადაწყვეტილი რომ გვეგონა, ასე სულაც არ ფიქრობდნენ “კოლხეთის” მესვეურები! შაბათს, გვიან საღამოს, სოსო ფილიასთვის დაურეკავთ და გუნდში დაბრუნება უთხოვიათ. სხვათა შორის, მისი გუნდიდან წასვლის (როგორც გამოჩნდა, მხოლოდ რამდენიმე დღით) გადაწყვეტილებაც რუსთავის “მეტალურგთან” მატჩის წინა საღამოს იქნა მიღებული, ხოლო “ზესტაფონთან” სათასო შეხვედრის წინა დღეს, ასევე საღამოს, ფეხბურთელები და კლუბის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ და ფილიას მხარდაჭერა გამოუცხადეს _ მინიმუმ, მისი გუნდში დატოვება სხვა ამპლუაში მოითხოვეს.
მოკლედ, კვირას, საჩემპიონატო მატჩზე კლუბი ისევ ფილიას უნდა გაეყვანა. ეს შეხვედრა უამინდობის გამო კი გადაიდო, მაგრამ უფრო დიდი ინტრიგა “ევგრაფი შევარდნაძეზე” ფილიას გამოჩენა გახლდათ გუნდთან ერთად, ხოლო გელა სანაია, რომლის დანიშვნასაც წინა დღეებში “კოლხეთის” ადმინისტრაცია ადასტურებდა, ლანჩხუთში იმ დღეს არ გამოჩენილა. სხვათა შორის, ფილიას გუნდში დაბრუნებას ფეხბურთელებიც მოითხოვდნენ და არაა გამორიცხული, ეს მომენტი გახდა გადამწყვეტი.
“დიახ, გუნდში დავბრუნდი, სამწვრთნელო შტაბი მთელი შემადგენლობით შენარჩუნებულია, ასევე, ყველა ფეხბურთელი და ვაგრძელებთ მუშაობას,” _ გვითხრა ლანჩხუთში ყოფნისას სოსო ფილიამ.