ჟურნალისტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი 2011 წლის 26 მაისს განვითარებული მოვლენების გამო შეიტანეს _ ისინი, სამართალდამცავების მიერ მიყენებული ფინანსური ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. სარჩელი შვიდი სუბიექტის მიერ ერთობლივად არის შეტანილი: “გურია ნიუსის” ჟურნალისტი ნატო გოგელია, “ნეტგაზეთის” ჟურნალისტები თაზო კუპრეიშვილი და კონსტანტინ სტალინსკი, შპს “ჩოხატაურის მაცნე”, შპს “ახალი ამბები”, შპს “ცენტრ პლიუსი”, შპს “გაზეთი ბათუმელები” და ინტერნეტ გამოცემა მედია.გე.
ჟურნალისტების ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტები _ თამარ კორძაია და ნათია კაპანაძე იცავენ.
საქმეს მტკიცებულებების სახით თან ახლავს ექიმის ცნობები, სადაც აღწერილია ჟურნალისტების ფიზიკური დაზიანებები 26 მაისის შემდგომ; ფოტო მასალა, რომელიც ნატო გოგელიას დავით მჭედლიძემ დარბევიდან რამდენიმე წუთში გადაუღო; ასევე ვიდეომასალა, რომელზეც აღბეჭდილია კონსტანტინ სტალინსკისთვის რეზინის ტყვიებით მიყენებული დაზიანებები.
პირველი მოსამზადებელი სხდომა, 4 ოქტომბერს გაიმართა, სადაც მოსამართლემ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით. მეორე მოსამზადებელი სხდომა 26 ოქტომბერს ჩატარდა და სხდომის დასრულების შემდეგ, შსს-ს წარმომადგენელმა ნინო წოწონავამ სამინისტროს პოზიცია მორიგების თაობაზე, ადვოკატთან დააფიქსირა, თუმცა, ამ პოზიციას არც ერთი მოსარჩელე არ დაეთანხმა და პროცესი, 22 ნოემბერს ჩაინიშნა.
სწორედ ამ პროცესზე დაიკითხნენ დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 7 მოწმე, რომლებმაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება, რომ კონკრეტულმა ჟურნალისტებმა ნამდვილად დაკარგეს პროფესიული აპარატურა 26 მაისის აქციის დაშლისას, ასევე, მიიღეს ფიზიკური დაზიანებები.
მომავალი პროცესი 12 დეკემბერს ჩაინიშნა. იურისტის, ნათია კაპანაძის თქმით, სავარაუდოდ, სწორედ ამ დღეს გამოიტანს საბოლოო გადაწყვეტილებას სასამართლო:
_ შინაგან საქმეთა სამინისტრო თანახმაა, აანაზღაუროს მოსარჩელეების მკურნალობის თანხა, რაც, ვფიქრობ, კარგი ფაქტია, რადგან ისინი აღიარებენ, რომ მათ მიერ ჟურნალისტებს ფიზიკური ზიანი მიადგათ. თუმცა, არის სადაო საკითხები _ იგივე ტელეფონის და კამერის ამბავი. არსებობს მოწმეები, ირიბი მტკიცებულებები, თუმცა, შსს მაინც დაობს და ამბობს, რომ შესაძლოა თქვენს კონკრეტულ შემთხვევაში, კამერა წვიმის დროს გაფუჭდა, ტელეფონი კი თავად დაკარგეთო. თქვენმა მოწმემ, ალეკო შარვაძემ სასამართლოზეც დაადასტურა, რომ თავად ამოიღო ჩიპი კამერიდან და გადასცა სპეცნაზელს, რომელიც ჩიპის ამოღებას ყვირილით და წიხლების ქნევით ითხოვდა, მაშინ როცა ნატო გოგელია გაკავებული ჰყავდათ. მეორე მოწმემ, დავით მჭედლიძემაც დაადასტურა, რომ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, _ გვითხრა კაპანაძემ.