ასეთივე პირობა, აქციის ღამეს, მედპერსონალს ჩოხატაურის გამგებელმა, ლელა იმედაშვილმაც მისცა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პირობა არ შესრულდა _ ექთნებსა და სანიტრებს ხელფასები სრულად არ ჩაურიცხეს.
ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი, სახელფასო დავალიანების სრულად გასტუმრებას სამართლიანად მოითხოვს:
_ ჩვენი შრომა დაუფასებელია. კაპიკებზე ვმუშაობთ და იმასაც არ გვაძლევენ. დაპირებების გაცემაში ხელი არავის ეშლება, შეუსრულებლობაში კი ბადალი არ ჰყავთ, _ ამბობს საავადმყოფოს მედპერსონალი.
გურიის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსი დავით ცირეკიძე, რომელიც აქციაზე “მედიატორის როლში” მოგვევლინა, ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებს. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი ლელა იმედაშვილი კი ლოზუნგებით საუბრობს და არაფერს ამბობს, თუ როგორ უნდა გამოკვებონ უხელფასოდ დარჩენილებმა ოჯახები მხოლოდ ლამაზი სიტყვებით:
_ ნურავის ექნება იმის განცდა, რომ ჩვენ, ჩვენს მოქალაქეებს არ დავიცავთ. მართალია, საავადმყოფო კერძო კომპანიისაა, მაგრამ სახელმწიფო ყველაფერს გააკეთებს ექიმების, მთელი მედპერსონალის დასაცავად.
საინტერესოა, რომ როცა საპიაროდ და საარჩევნოდ სჭირდება, ხელისუფლება გაზის, ელექტროენერგიის, “ასი ახალი საავადმყოფოს”, “ხელმისწვდომი ჯანდაცვის”, თქვენ წარმოიდგინეთ, გაჭირვებულ ოჯახებში შეშის მიტანის საკითხების მოგვარებასაც კი საკუთარ თავზე მიიწერს და სულაც არ ახსენდება, რომ ამ შემთხვევაშიც კერძო კომპანიებთან გვაქვს საქმე!
_ ქალბატონო ლელა, როგორც ვიცით, ექიმებმა წერილობით მოგმართეს და დახმარება გთხოვეს…
_ კი, წერილი ნამდვილად შემოიტანეს, სადაც აღნიშნული იყო, რომ თუ ეს პრობლემა არ მოგვარდებოდა, ორშაბათიდან გაიფიცებოდნენ. იმავე დღეს ჩავაყენე საქმის კურსში მხარის რწმუნებული, ბატონი ვალერი ჩიტაიშვილი, რომელიც ამ პრობლემის შესახებ ჯანდაცვის მინისტრს ესაუბრა. ჩვენ ამ საკითხზე ინტენსიურად ვმუშაობდით, როცა ექიმები გაიფიცნენ. მე იმ წუთებში ჩხაკაურაში ვიყავი და ჩამოსვლა დამაგვიანდა. მე მესმის რამაც გამოიწვია მედპერსონალის აღშფოთება. მათ მხოლოდ ოქტომბრის ხელფასები ჩაერიცხათ და ვერ მიიღეს სექტემბრის თვის თანხა(?!), რაზეც იმავე დღეს ჩავაყენეთ საქმის კურსში ჯანდაცვის მინისტრი.
_ ჯანდაცვის მინისტრი ვინ ჩააყენა საქმის კურსში?! ჩვენ აქციის საღამოს ვესაუბრეთ მის თანაშემწეს, რადგან იმ დღეს, ანდრია ურუშაძე პარლამენტში იყო დაბარებული და როგორც გვითხრეს, მინისტრი ამ პრობლემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა. ამის ჩანაწერიც გვაქვს და გვინდა გითხრათ, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში უხელფასოდ დარჩენილი მედპერსონალის შესახებ მინისტრმა სწორედ “გურია ნიუსიდან” შეიტყო.
_ მე დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ამ პრობლემის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი და სამინისტრო ჯერ კიდევ აქციამდე იყო საქმის კურსში (იმედაშვილი მინისტრს ტყუილში ადანაშაულებს, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ გადავამოწმებთ ინფორმაციას ჯანმრთელობის სამინისტროში. რედ.). ასევე შემიძლია გითხრათ, რომ მე საუბარი მქონდა საავადმყოფოს ხელმძღვანელთან, თემურ კოროშინაძესთან და მომავალი წლის ბიუჯეტში მედიკოსებისთვის გარკვეულ პროგრამებს ვგეგმავთ. ეს ადამიანები ჩვენი ჯანმრთელობის სადარაჯოზე 24 საათის განმავლობაში დგანან და ჩვენც ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მათი უფლებები დაცული იყოს, _ აღნიშნა იმედაშვილმა ჩვეულებისამებრ ზოგადად და არ დაუკონკრეტებია, რა კატეგორიის მედპერსონალისთვის რა სახის პროგრამას გეგმავს გაურკვეველ “მომავალში” ყველასთვის უცნობი, გასაიდუმლოებული, ჩვენივე გადასახადებით შედგენილი და არა საკუთარი ჯიბის ბიუჯეტიდან!