(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ გასული კვირის ოთხშაბათს, “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ორგანიზაციის თავმჯდომარემ, თემურ სალუქვაძემ მორიგი პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, სოფელ წვერმაღალაში ერთ დროს იყო მეციტრუსეობის მეურნეობა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საქმდებოდა, დღეს კი აქაურები შემოსავლის ყოველგვარ წყაროს არიან მოკლებულნი:
_ ეს ადამიანები არიან სრულიად მიტოვებულნი, გაურკვეველ მდგომარეობაში. გაუგებარია ხელისუფლების პოლიტიკა ციტრუსით გაშენებული მიწის ნაკვეთებთან მიმართებაში. ერთადერთი, რაც ხელისუფლებამ (ისიც არჩევნების წინ) ნაწილობრივ მოაგვარა, განათების საკითხია.
ჩვენ მივმართავთ ხელისუფლებას და მოვითხოვთ, ყურადღება მიაქციონ წვერმაღალას მოსახლეობას, გადაუწყვიტონ ის ელემენტარული პრობლემები, რაც ჩვენი შეხვედრის დროს გამოიკვეთა _ ბინების სახურავები სასწრაფოდ შესაკეთებელია. იქ გაუსაძლისი მდგომარეობაა, განსაკუთრებით ზამთარში. მოსაგვარებელი წყლის პრობლემა, რომელიც დიდ ხარჯებთან არ არის დაკავშირებული. ჩვენი ინფორმაციით, იქ ერთი ჭაბურღილია გასაკეთებელი და უკვე არსებულ ავზთან მისაყვანი; მოსახლეობა ითხოვს არაპრივატიზირებული მიწის ფართობების საკუთრებაში გადაცემას. გვესმის, ეს საკითხი არის ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გაუაზრებლად გადაწყვეტა დაუშვებელია. წინადადებით შევდივართ: დავიწყოთ კონსულტაციები ამ მიწის პრივატიზაციასთან დაკავშირებით, რათა წვერმაღალას მოსახლეობას გაუჩნდეს ელემენტარული შემოსავლის წყარო, _ თქვა თემურ სალუქვაძემ.
დასასრულ, თემურ სალუქვაძემ საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა მიქაბერიძეს შეახსენა, რომ საკუთარი ამომრჩევლების ინტერესები დაიცვას და აქტიური მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული პრობლემების გადაჭრაში.