_ დებულების თანახმად, ბიუჯეტის დამტკიცებას ხმა უნდა მისცეს 19 დეპუტატმა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში იქნება მიღებული, _ აღნიშნა “გურია ნიუსთან” სატელეფონო საუბარში მამეშვილმა.
ამასვე მოწმობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების 89-ე მუხლი, რომელიც საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზევეა გამოქვეყნებული _ დებულების თანახმად, “ბიუჯეტის პროექტს ამტკიცებს საკრებულო საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით”
ამის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2012 წლის ბიუჯეტი 18 ხმით, ტაშის კვრით, გასული კვირის პარასკევს მიიჩნია დამტკიცებულად. ბიუჯეტის დამტკიცებას მხარი არ დაუჭირა დარბაზში მყოფმა ოთხმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა _ “გურიის თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა თემურ სალუქვაძემ, ფრაქცია “ქრისტიან დემოკრატების” ლიდერმა კახა ღლონტმა, სოფელ მელექედურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ავთანდილ ხინთიბიძემ და სოფელ კონჭკათის მაჟორიტარმა დეპუტატმა ალეკო ტუღუშმა.
ოთხი საათის განმავლობაში, 2012 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, დაცარიელებულ დარბაზში მიმდინარეობდა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას არაკომერციული, არამომგებიანი იურიდიული პირების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. მმართველი პარტია კვორუმის პრობლემის წინაშე დადგა, შესვენება გამოაცხადა და კენჭისყრის დაწყების წინ ორი დეპუტატის “მობილიზება” მას შემდეგ შეძლო, რაც საკრებულოს თავმჯდომარემ დარბაზში არმყოფ დეპუტატებს სათითაოდ გაკიცხვა დაუწყო. გადარეკვა-გადმორეკვის შემდეგ, სხდომას ორი დეპუტატი შეემატა და საერთო რაოდენობამ 22 შეადგინა.
9 მილიონ 992 ათასლარიანი ბიუჯეტის დეტალურ განხილვას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ილია ვაშაყმაძემ 4 საათი მოანდომა. სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებზე 2 193.8 ათასი ლარია გათვალისწინებული, რაც მთლიანი ბიუჯეტის 22,63 % შეადგენს. შემდეგ მოდის ადმინისტრაციული ხარჯი _ ბიუჯეტის 16,64%, ანუ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებულთა ხარჯი ნახევარ მილიონ ლარს შეადგენს, აქედან 31 თანამშრომლის ხელფასზე 248.5 ათასი ლარი დაიხარჯება, ხოლო აღმასრულებელი ორგანოს დაფინანსებაზე მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი. აღსანიშნავია, რომ 2011 წლის ბიუჯეტით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსება 3 791.3 ათას ლარს შეადგენდა, 2012 წლის ბიუჯეტის თანახმად მათი დაფინანსება 737.7 ათასი ლარით იზრდება და 4 529.0 ათას ლარას შეადგენს. სოციალურ სფეროზე კი ბიუჯეტის მხოლოდ 6,84% დაიხარჯება.
ვაშაყმაძემ დეტალურად ისაუბრა თითოეული სამსახურის თუ აიპ-ის დაფინანსებაზე და გაწეულ სამუშაოზე, მეტი თვალსაჩინოებისთვის კი, 2011 წლის ბიუჯეტიდან გახორციელებულ ღონისძიებებზე დახარჯული თანხების მიზნობრიობა ვიზუალურად, სლაიდების მეშვეობით უზრუნველყო.
სანამ 5-საათიანი სხდომის კულმინაცია დადგებოდა, აიპ-ების ხელმძღვანელებმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრეს. როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ აღნიშნა, აიპ-ების ხელმძღვანელებისგან 2012 წლის სამუშაო გეგმას, დღეიდან ელოდება. მამეშვილის ამ განცხადებამ თემურ სალუქვაძის გაოცება გამოიწვია:
_ ბიუჯეტს უმტკიცებენ და გეგმებს ამის შემდეგ გაეცნობიან?! _ გაკვირვება ვერ დამალა ოპოზიციონერმა დეპუტატმა.
როგორც “გურია ნიუსს” “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა უთხრა, ბიუჯეტის დამტკიცებისთვის მხარი 20 დეპუტატს მაინც უნდა დაეჭირა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი დამტკიცებულად არ ითვლება:
_ მარტოЙსაკრებულოს დებულებით რომ ვიხელმძღვანელოთ, ამ შემთხვევაშიც არ ითვლება ბიუჯეტი დამტკიცებულად, _ აღნიშნა ჩვენს გაზეთთან საუბარში გიგაურმა.
_ ცალსახად ვიტყვი, რომ ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, _ თქვა ჩვენთან სატელეფონო საუბარში იურისტმა ალექსანდრე ბარამიძემ.
სახელმწიფო მმართველობის მაგისტრი, ვლადიმერ სიხარულიძე, რომელიც რამდენიმე წელი მუშაობდა თვითმმართველობის საკითხებზე, განმარტავს, რომ საკრებულოს დებულებიდან გამომდინარე ნათელია, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მიღება 9 დეკემბერს ვერ მოხერხდა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თემურ სალუქვაძისთვის გაუგებარია, რატომ მიიჩნევს საკრებულო ბიუჯეტს მიღებულად: _ კენჭისყრის პროცესის დროს დარბაზში 22 დეპუტატი იმყოფებოდა, აქედან, ოთხმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. 18 ხმა საკმარისი არ არის და ვფიქრობ, ამაზე იურისტები იმსჯელებენ, _ გვითხრა სალუქვაძემ.
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ და კენჭისყრის პროცესის დროს დარბაზში მხოლოდ ჩვენი გაზეთის წარმომადგენელი იმყოფებოდა.
სხდომის სხვა დეტალებზე ვრცლად გაზეთის მომდევნო ნომერში გესაუბრებით.