“გურია ნიუსის” ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტს, სავარაუდოდ, 16 დეკემბერს ეწვევა _ იგი ოზურგეთში “ავერსის კლინიკას” გახსნის. ქვეყნის პირველი პირის დასახვედრად გურიაში განსაკუთრებული სამზადისია _ ოზურგეთის ცენტრში დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს იუსტიციის სახლის მშენებლობა, გამუდმებით, დღისით და ღამით, სუფთავდება ქალაქის ცენტრალური ქუჩები, სადაც, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ესკორტი ჩაიქროლებს.
საგანგებო რეჟიმში ცდილობენ ისეთი პედაგოგის შერჩევას, რომელსაც ორატორული უნარი ექნება, რაც საშუალებას მისცემს საკადრისად შეასხას ხოტბა სააკაშვილს. ასევე, როგორც წყარომ გვითხრა, საჯარო სკოლის მოსწავლეები და ბაღის აღსაზრდელები წითელი ბუშტებით შეეგებებიან ქვეყნის პრეზიდენტს. გარდა ამისა, სავალდებულოა, შეხვედრას დაესწროს ყველა საჯარო მოხელე, რომელიც გურიის რეგიონშია დასაქმებული, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში, ორშაბათიდან სამსახურის დატოვება მოუწევთ _ მათ აქვთ საგანგებო მითითება, მქუხარე ტაში შეაგებონ პრეზიდენტის მიერ წარმოთქმულ თითოეულ სიტყვას, _ გვითხრა წყარომ.