ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლის მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. ამ პროცესებში უშუალოდ რესპუბლიკური პარტიისა და “თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენლები მონაწილეობენ. პროცესის მიმდინარეობასა და არჩევნების მოლოდინზე, “გურია ნიუსს” რესპუბლიკური პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარე ტიფო მიქატაძე ესაუბრება.
_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ხელმოწერების შეგროვების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამის პარალელურად, დეკემბერში, “კარდაკარის” პრინციპით დაიწყო ჩვენი მხარდამჭერების აღრიცხვა. ეს კამპანია თითქმის მთავრდება. ინფორმაცია, რასაც ვფლობ, მაძლევს ძალიან კარგი ანალიზის გაკეთების საშუალებას.
_ რა მოლოდინია მოსახლეობაში?
_ აშკარად გამოკვეთილი ტენდენციის შესახებ მინდა გესაუბროთ _ საზოგადოებაში გაჩნდა მზარდი იმედები ივანიშვილის გამოჩენასთან დაკავშირებით. ეს პირველი მესიჯია, რაც უკვე თვალში საცემი გახდა. ის ნიჰილიზმი და გაუცხოება პოლიტიკური პროცესისადმი, რომელიც აქამდე არსებობდა, განსაკუთრებით ბოლო ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, ახლა რადიკალურად შეცვლილია პოზიტივისკენ. მეორე თვალშისაცემი მომენტი ისაა, რომ ტენდენცია არის ოზურგეთის დაცარიელებისკენ. როგორც ჩემი კონტრაქტორები მეუბნებიან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი ცარიელი და დაკეტილი სახლია, იმასთან შედარებით, რაც იყო წინა არჩევნების პერიოდში. ეს ძალიან საინტერესო სოციალურ-ეკონომიკური სიგნალია _ ხდება გაღატაკება, ხალხი თურქეთში, თბილისში გარბის. ბატონი ბიძინას გამოჩენამ იმედები გააჩინა, იმედმა _ მოლოდინი, მოლოდინმა კი _ ამ ადამიანების აქტივიზაციის, საარჩევნო მობილიზაციის წყურვილი, რაც გასათვალისწინებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ისე _ ოპოზიციისთვის. ივანიშვილის მხარდამჭერები უფრო მეტია საზოგადოებაში, ვიდრე ხელისუფლებისა. საზოგადოების ნაწილი აშკარად გაღიზიანებულია ნაციონალური მოძრაობის ქმედებების გამო და ფიქრობს: ოღონდ ეს არა! ნაწილი კი ბიძინა ივანიშვილის აშკარა მხარდამჭერია. ჩვენ შევეცადეთ გამოგვეკვეთა აქტიური “მიშისტები”, იდეური “მიშისტები” _ ისინი ჩვენი საზოგადოების ორ პროცენტზე მეტნი არ არიან.
_ თუმცა, რეალურად მმართველ პარტიას მაინც ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
_კი _ საჯარო მოხელეები, პოლიცია, ჯარი, სასჯელაღსრულებითი, პრობაციის სამსახურები. შექმნილი აიპ-ები, პედაგოგები და ასე შემდეგ. ესენი “დაბმული” ჰყავს ხელისუფლებას. აი, ეს ადამიანები გამოხატავენ განსაკუთრებულად ხელისუფლების მხარდაჭერას, თუმცა საზოგადოების ამ ნაწილშიც არიან ივანიშვილის მიმართ პოზიტიური განწყობის მქონე ადამიანები, რომლებიც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას, ბუნებრივია, ერიდებიან. ასევე თავს იკავებენ პენსიონერები და ისინიც, ვინც სოციალურ დახმარებას იღებენ, აგრეთვე, პატიმრების ნათესავები.
საზოგადოება პოლარიზებულია _ ან _ ნაციონალები, ან _ ივანიშვილი. მინდა აღვნიშნო, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები გამოირჩევიან არაეთიკური ქცევებით, უზრდელი და ღვარძლიანი დამოკიდებულებით ჩვენი მხარდამჭერების და კონტრაქტორების მიმართ. მათგან დიდი აგრესია მოდის _ მაგალითად, წითელმთაში, რწმუნებული ბესარიონ ლომინაძე აშკარად დაემუქრა ჩვენს მხარდამჭერებს _ ხომ იცით, რწმუნებულები სხვა სოფელში რის გამოც გაათავისუფლეს და მე არ მოგცემთ საშუალებას, ამ მოტივით მეც გამათავისუფლონო. ეს კაცი არის “ბირთვის მკვრელი”. მე მინდა ვურჩიო მას, რომ პოლიტიკა ისეთი სფერო არ არის, სადაც კუნთების თამაშის ადგილი იყოს და ვურჩევ, მოედანი მონახოს ამისთვის. სოფელ შემოქმედში აშკარად ჩანს უფრო მეტი გაუცხოება ამ პროცესის მიმართ _ გუბერნატორის სოფელია და ეს ფაქტორი მუშაობს. აიპ-ებსა და საჯარო სამსახურებში დასაქმებულთა უდიდესი ნაწილი გუბერნატორის სანათესაო და სამეზობლოა. ლიხაურში ჩვენს მხარდამჭრებს დაჰყვებოდა მანქანა _ მწვანე ფერის “ნისან ნიკრა”, ნომრით _ 085, რომელიც პატრულის მანქანა აღმოჩნდა. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ახალი გამგებელი კარგად “აკონტროლებს” სიტუაციას, რადგან ქალბატონ ლელას “ნაციონალებში” მუშაობის საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს, პოლიციაც ძალიან აქტიურობს, ანუ გრძელდება თვალყურის დევნა და თვალთვალი. ერთი სიტყვით, ეს პროცესი კონტროლის ქვეშ მიმდინარეობს.
გურიაში პრეზიდენტის ფონდის ხელმძღვანელად რამაზ ნიკოლაიშვილი იმიტომ დაინიშნა, რომ ეგზეკუცია ჩამოაყენოს. მას ამის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და ალბათ, ჩვენ უნდა ველოდოთ, რომ ნაახალწლევს სხვადასხვა აქტივობებს ექნება ადგილი.
ისეთი განცდა მაქვს, ხელისუფლებას რატომღაც ჰგონია, რომ ჩვენ არაფერს არ ვსწავლობთ, რომ ჩვენ არ შევცვალეთ და არ დავხვეწეთ მეთოდები, რომ ჩვენ ვერ მივიღეთ გამოცდილება, ამ რეჟიმის პირობებში მუშაობისა და ბრძოლის არაორდინარული ხერხები ვერ ვისწავლეთ, რომელიც აქამდე არ გამოგვიყენებია, როგორც ბრძოლის ინსტრუმენტი.
_ თუმცა ისინიც გაძლიერდნენ…
_ რა თქმა უნდა. მოწინააღმდეგე რომ არ შეაფასო, მას ვერც ვერასდროს დაამარცხებ და უნდა ვაღიაროთ, რომ ხელისუფლებამ შეძლო მასზე გათვლილი საარჩევნო მანქანის ამუშავება. მთელი ეს საარჩევნო მანქანა ისე აქვთ მოწყობილი, რომ ერთ ხმასაც არ კარგავენ. მათთან ბრძოლა ძნელია, მაგრამ ჩვენც “ვისწავლეთ” და “გავიზარდეთ”.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის რწმუნებული ბესიკ ლომინაძე “გურია ნიუსთან” საუბარში უარყოფს ტიფო მიქატაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას:
_ ეს არის ტყუილი. მე მთელი სოფელი მიცნობს. თქვენთან ერთად შევხვდები და დამელაპარაკოს. საერთოდ არ მინახავს ეგ ხალხი. ცელმოწერები თუ ხდება, არ ვიცი. ვინ იტყვის სოფელში, რომ მე ვინმეს საერთოდ გავესაუბრე მაგ თემაზე? არც ჩემი სპეციალისტები არ დაუწყებდნენ უჩემოდ არავის საუბარს. რა უფლება მაქვს მოქალაქეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა არ მივცე, მით უფრო ავუკრძალო? _გვითხრა ლომინაძემ.