გასული კვირის სამშაბათს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჩატარდა შეხვედრა თემაზე _ “სამოქალაქო რეგისტრაცია და სასმელი წყლის გადასახადი”. შეხვედრას, სტუმრის სტატუსით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ოზურგეთის სამსახურის უფროსი ივანე მენაბდე და ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული კახა მეგრელიშვილი ესწრებოდნენ.
როგორც ოზურგეთელმა მანონი გოგუაძემ თქვა, მისი ოჯახი გაურკვეველ სიტუაციაში აღმოჩნდა და აინტერესებს, რა არის პრობლემიდან გამოსავალი: _ წლების განმავლობაში წყლის გადასახადს ვიხდი ჩვეულებრივად, ისევე როგორც ელექტროენერგიის და დასუფთავების გადასახადს. ამ ბოლო დროს წყლის უცნაური გადასახადი მომივიდა _ ქვითარი არა ჩვენზე, არამედ სხვა პიროვნებაზე იყო გამოწერილი. მივაკითხე სამოქალაქო რეესტრს. აღმოჩნდა, რომ მე, ჩემი მეუღლე და შვილი მეზობლის სახლში ვართ ჩაწერილები, ჩემს სახლში კი _ უცხო პირები. ვერ დავადგინე, ვინ არის ეს ხალხი. თუ კი მოხდა ქუჩაზე ბინების გადამისამართება, რატომ აღმოვჩნდი ისევ ძველ მისამართზე და რატომ არ იყო ეს ინფორმაცია ჩვენთვის ცნობილი?
ვანო მენაბდემ მოსახლეობას აუხსნა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ ამ შემთხვევაში, რომ მსგავსი პრობლემა კიდევ არ განმეორებულიყო. მისი თქმით, მთავარია, პირველ რიგში, მოსახლეობამ მიაკითხოს სამოქალაქო რეესტრს და იქ აუცილებლად დააკვალიანებენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მხოლოდ მანონი გოგუაძე არ არის ამ პრობლემით შეწუხებული _ ზოგ ოჯახში ისეთი ადამიანები არიან ჩაწერილები, რომლებიც ოჯახის წევრებს საერთოდ არ უნახავთ და არც იცნობენ.
“ეროვნული ფორუმის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, შოთა გოგიბერიძის თქმით, ეს საკითხი პრობლემურ ქვაკუთხედად იქცა:
_ რატომ უნდა გადაიხადოს ადამიანმა, მასთან არარსებული, მისთვის უცნობი ადამიანის გადასახადი? ეს უსამართლობის მომენტის მატარებელია. ამიტომ მოსახლეობა ამას განიცდის და ძალიან აღელვებულია. მიმაჩნია, რომ კეთილი უნდა ინებოს წყალკანალის სერვის-ცენტრმა _ მას აქვს ამის მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობა, რომ დაადგინოს რეალური სააბონენტო ბაზა და გაარკვიოს, ვინ სარგებლობს მათი მომსახურებით. ასევე, ამ საქმეში უნდა ჩაერთოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო და ხალხს უნდა დაეხმაროს.
შეხვედრის დროს დარბაზში არ იმყოფებოდა წყალკანალის წარმომადგენელი, რომლის მისამართით უამრავი კითხვა დაგროვდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, წყალკანალის ადგილობრივი სერვის-ცენტრის წარმომადგენელს არ ჰქონდა იმის უფლება, რომ ამ თემასთან დაკავშირებით ესაუბრა და აუცილებლად ცენტრალური ოფისიდან უნდა ყოფილიყო მოწვეული მათი წარმომადგენელი.