საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტს 800 000 მოქალაქის 30-ლარიანი ვაუჩერით უზრუნველყოფა 24 მილიონი ლარი დაუჯდება. მსგავს აქციებს ხელისუფლება ყოველ საარჩევნო წელს ატარებს _ ხან საწვავი, ხან ერთი ტომარა ფქვილი, ხან ენერგოვაუჩერი… ამჯერად აგრო-ვაუჩერის დარიგების გადაწყვეტილება მიიღეს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი არ სარგებლობს მიწით, ის ვაუჩერს “ლიბერთი ბანკის” ფილიალებში 2012 წლის პირველი ივნისიდან 31 დეკემბრამდე გაანაღდებს.
“რაში მეყოფა 30 ლარი ან საერთოდ, ვისაც ეს თანხა გლეხისთვის შეღავათი ჰგონია, ჯერ მოვიდეს, გაგვესაუბროს და ჩვენი აზრი მოისმინოს. მინისტრმა იცის, რა გვიჯდება საყანე ფართობების დამუშავება? რა ხარჯი და ენერგია სჭირდება სიმინდის მოსავლის მიღებას? ასე, სამინისტროდან განცხადებების გაკეთება ყველაზე მარტივია”, _ ამბობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ერთ-ერთი გლეხი, რომელიც ნახევარ ჰექტარ მიწის ფართობს ფლობს.
საგაზაფხულო ხვნა-თესვა აპრილის ბოლოდან იწყება და ივნისის დასაწყისამდე გრძელდება. 1000 მეტრი მიწის ფართობის დამუშავება, მინიმუმ, 25 ლარი ღირს. ამას ემატება აგროტექნიკური ღონისძიებები. ამავე ფართობზე მოსავლის მისაღებად 50 კილოგრამი აზოტია საჭირო, რომლის ფასიც გასულ წელს 40 ლარის ფარგლებში მერყეობდა. საუკეთესო შემთხვევაში, 1 000 მეტრი ფართობის დამუშავების შემდეგ, გლეხი 800 კილოგრამ სიმინდს მიიღებს, რომლის გამოსავალი 45%-ია. ეს იმ ტექნოლოგიით, რომლითაც, ძირითადად, ჩვენს რეგიონში მოჰყავთ სიმინდი (აგროტექნიკური ღონისძიებების ხელით, ანუ თოხით ვეგეტაცია და მცენარეების საკვებად მხოლოდ აზოტოვანი სასუქის გამოყენება). მაღალი რანგის ტექნოლოგიები, როგორიც არის სარეველების წინააღმდეგ ჰერბიციდების გამოყენება და გამარგვლა, გათოხნის ტექნიკით ჩატარება, სრულფასოვანი კვება, ანუ ყველა ელემენტის მიწოდება, რასაც სიმინდი მოითხოვს, ბევრად უფრო ძვირია, მაგრამ შესაბამისად, მოსავალიც მაღალია, რისი სასტარტო საშუალება ჩვენს ფერმერთა უმრავლესობას არ გააჩნია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია აცხადებს, რომ სახელმწიფომ, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებთან დაკავშირებით, მოსახლეობისთვის დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, თითოეულ ოჯახს 30-ლარიანი ვაუჩერი დაურიგდება. გლეხს შეუძლია, ვაუჩერი ტრაქტორისტს მისცეს ან 30 ლარის ღირებულების სასუქი შეიძინოს.
გოროზიას მიაჩნია, რომ აუცილებელია სოფლად მოქმედი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის აღწერა, რადგან ვაუჩერის განაღდება მხოლოდ იმ მექანიზატორების მიერ მოხდება, რომლებიც ინდმეწარმეებად არიან დარეგისტრირებულნი. “ლიბერთი ბანკს” ექნება დარეგისტრირებული ტრაქტორისტების სია:
_ უნდა გაკეთდეს ისეთი მექანიზატორების რეესტრი, რომლებიც იყენებენ ტრაქტორებს, მაგრამ ქონება არაა მათ საკუთრებაში, რომ ყველა პრობლემა, ყველა გაურკვევლობა დროულად აღმოიფხვრას და საგაზაფხულო ხვნა-თესვისთვის მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები. ტრაქტორისტი ფულის სანაცვლოდ ვაუჩერს მიიღებს, რომელსაც იმავე დღეს ანაღდებს ბანკში, ანუ მას ლოდინი თანხის ასაღებად არ მოუწევს, რაც მისთვის, ბუნებრივია, დიდი შეღავათია, _ ამბობს გოროზია.
მინისტრის ამგვარ განცხადებებზე აგრონომი მარინე სუნგულია ასეთ განმარტებებს აკეთებს: _ ხელისუფლება მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობას ინარჩუნებს იმ ფაზაში, რომ 30-ლარიანი ვაუჩერიც ხალხისთვის ბედნიერება იყოს. უკვე ჩვევად ექცათ ყოველი არჩევნების წინ გარკვეული საჩუქრების დარიგება, რომელიც ფარსია და სხვა არაფერი, რადგან 30 ლარი ეს ორკილოგრამნახევარი ხორცი, ან ნახევარი ტომარა სასუქია. მაინტერესებს, მოსახლეობას, რომლის დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს, ეს ერთჯერადი, 30-ლარიანი ვაუჩერი რა პრობლემას გადაუწყვეტს? მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს მოსახლეობის შეურაცხყოფაა, რომელიც ხიდის თავში დამჯდარ მათხოვრებს დაამსგავსეს. ზუსტად ეს არის ის ტექნოლოგია, რომ მშიერი ადამიანისთვის “ცოტას გადაგდებამ” მადლიერება უნდა გამოიწვიოს. ამ 30-ლარიანი ვაუჩერით არაფერი შეემატება თითოეული ადამიანის ოჯახს, მაგრამ ბიუჯეტი ძალიან დაზარალდება _ მთლიანობაში, მილიონობით თანხა დაიხარჯება ამ წინასაარჩევნო “აქციისთვის” მაშინ, როცა შესაძლებელი იყო, ამ ფულით რამდენიმე საწარმო გაკეთებულიყო და ჩვენს მოქალაქეებს ღირსეულად მიეღოთ ანაზღაურება სამუშაოს შესრულებისთვის, მიეღოთ სამსახურები. ეს აქცია არ არის პირველი _ ყველა არჩევნების წინ ხდება მსგავსი “დახმარებით” ბიუჯეტის დაზარალება. ყველა ეს თანხა თავის დროზე წარმოებების შესაქმნელად რომ გამოყენებულიყო, უმუშევრობა მინიმალური იქნებოდა მთელ საქართველოში.
ხვნა-თესვამდე დიდი დროა. როცა ამის დრო დადგება, საწვავიც და სასუქიც გაძვირებული იქნება, რადგან ყველა მსგავსი “ქველმოქმედების” შემდეგ, პირველადი მოხმარების პროდუქტები ყოველთვის ძვირდება და გაცემულ მცირედ დახმარებას, უკან ორმაგად “ქაჩავენ”. ასე რომ, 30-ლარიანი საჩუქარი მორიგი საარჩევნო აფიორაა და მეტი არაფერი, _ ამბობს სუნგულია.