(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამშაბათს, “ქართული ოცნების” მთავარ ოფისში ლანჩხუთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის კანდიდატურა დაამტკიცეს. კულუარებში რამდენიმე კანდიდატურა განიხილებოდა _ “ქართული პარტიის” ყოფილი თავკაცი, ქალაქის ექს-მერი მერაბ ქარჩავა, “ნაციონალების” ექს-აღმასრულებელი მდივანი, შემდგომში ბადრი პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბის უფროსი გია მაჭარაშვილი, ლანჩხუთის თეატრის ყოფილი რეჟისორი გია ქურიძე, ლანჩხუთის ყოფილი მაჟორიტარობის კანდიდატი, ცნობილი ჟურნალისტის, ნატო ონიანის მეუღლე ნიკა მგელაძე და “დაიცავი საქართველოს” ყოფილი ხელმძღვანელი ეკა ალექსაია. საბოლოოდ არჩევანი გია ქურიძეზე შეაჩერეს _ იგი პოლიტიკაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც გასულ წელს “ქართული პარტიის” საინიციატივო ჯგუფში გაწევრიანდა და ამის გამო თეატრის რეჟისორის თანამდებობის დატოვება მოუხდა. მოგვიანებით, ქურიძემ სხვა თანაპარტიელებთან ერთად სკანდალით დატოვა პარტია _ ღიად დაუპირისპირდა რა “ქართული პარტიის” ადგილობრივ თავკაც მერაბ ქარჩავას. მის გუნდში იქნება “ქართული პარტიიდან” ასევე სკანდალით წასული ეკა ალექსაია. გია ქურიძე წარსულში პოლიციაში მუშაობდა და რამდენიმე მაღალი თანამდებობა ეკავა, იგი ასევე ცნობილია იუმორისტული ნამუშევრებით.