ბინაში გაგიჭირდებათ ისეთი ოთახის პოვნა, რომელშიც წვიმის დროს წყალი არ ჩამოდის. დერეფნები წვიმისგან მთლიანად ჩამორეცხილია; ამასთან, როგორც ბინაში მაცხოვრებლებმა გვითხრეს, ჭერს საყრდენი გამოცლილი აქვს და ზამთარში დიდი თოვლის მოსვლის შემთხვევაში, შესაძლოა, ჩამოინგრეს კიდეც. წვიმის დროს დერეფანშიც ისევე წვიმს, როგორც გარეთ და ბინის მცხოვრებლები სხვადასხვა ჭურჭლით ცდილობენ “სტიქიასთან” გამკლავებას. ბინაში ასასვლელი კიბეებიც ავარიულ მდგომარეობაშია. რთულ საცხოვრებელ პირობებს ბინის მცხოვრებთა უმძიმესი სოციალური ყოფაც ემატება _ აქ მცხოვრები ყველა ოჯახი სიღარიბის ზღვარს მიღმა იმყოფება. მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვთ. როგორც ბინის მცხოვრებლებმა ჩვენთან საუბრისას თქვეს, ხშირად წამლის შესაძენი ფულიც არ აქვთ. სოციალური დახმარებით ელემენტარულ მოთხოვნილებასაც ვერ იკმაყოფილებენ, მითუმეტეს, ვერ შეძლებენ ბინის სახურავის შეკეთებას.
ნუნუ ვარდოსანიძე: _ ამ ბინაში უკვე 19 წელია, მეუღლესთან, შვილებთან და შვილიშვილთან ერთად ვცხოვრობ და შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი ოთახები გაცილებით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ჩემი რამდენიმე მეზობლის საცხოვრებელი. ყოველ შემთხვევაში, თავზე არ მაწვიმს.
თამილა ბერძენიშვილი: _ მე სამი წელია, აქ შვილთან ერთად ვცხოვრობ; სოციალურ დახმარებასაც ვიღებთ და პენსიასაც, მაგრამ ჩემს შვილს ჯანმრთელობის პრობლემა აქვს და წამლები სჭირდება. ძირითადად, ამ ერთ ოთახში ვცხოვრობთ, აქვე ვიძინებთ, რადგან სხვა ოთახებში კარი არ იკეტება, ფანჯრის მინებიც ჩამსხვრეულია, არც შუქი გვაქვს.
ნარგიზა ჩხაიძე: _ ორი ოთახი მაქვს, ერთში წყალი ჩამოდის და ძალიან ცუდი მდგომარეობაა, ახლა ამ ერთ ოთახში სამი ვართ. ეს ერთი საწოლი გვაქვს და სამივეს ერთად გვძინავს. წლების განმავლობაში შუქი არ მქონდა, ორი კვირაა, რაც გამომიყვანეს, მაგრამ დავალიანება გაქვთ 286 ლარი და უნდა გადაიხადოო, _ მეუბნებიან; კიდევ კარგი, რომ შეშა მაინც მოგვცეს ზამთრისთვის.
ვენერა ქანთარია: _ ბინაში რთული მდგომარეობაა, სახურავიდან წყალი ჩამოდის, წვიმამ ჩამორეცხა კედლები. გვეშინია, ჭერი თავზე არ ჩამოგვექცეს, აქ ბავშვები ცხოვრობენ და რამე უბედურება არ დატრიალდეს.
საუბარში ბინის კიდევ ერთი მცხოვრები, დალი შეროზია ჩაგვერთო, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ამ ბინაში უკვე 19 წელია ცხოვრობს და ბინის ავარიულ მდგომარეობასთან ერთად, რთული სოციალური მდგომარეობა აქვს:
_ ბინაში თქვენ თვითონაც ხედავთ, როგორი რთული მდგომარეობაა. ჩემი ბინის არც ერთ ოთახში არ იცხოვრება, ყველგან წყალი ჩამოდის. ამდენ ხანს შუქიც არ მქონდა, ახლა გამოვიყვანეთ, მაგრამ გადასახადი მოდის ხან 200 და ხან 130 ლარი. ამბობენ, დავალიანება გაქვთო. ამის გამო, 18 თვის პენსია, წინასწარ ავიღე. სოციალური დახმარებაც მეძლევა, მაგრამ, სახლში ავადმყოფი, I ჯგუფის ინვალიდი ქმარი მყავს; ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი ქალიშვილიც, რომელსაც ერთი თვის შვილი ჰყავს. ჩემი შვილი მარტოხელა დედაა, ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა და საჭმლის ყიდვა რომ ვერ შევძელი, მეზობელმა მოგვიტანა. შეშაც არ მიმიღია. ახლა რომ ცეცხლი გვინთია, ეს შეშაც მეზობლებმა მოგვიტანეს. მათაც არაფერი აქვთ, მაგრამ ბავშვი გვეყინებოდა, შევეცოდეთ და ცოტა წამოგვეშველნენ. ახლა გოგრას ვხარშავ _ ეს არის დღეს ჩვენი სადილი, _ თქვა შეროზიამ.
აღნიშნული ბინის მცხოვრებლებმა გამგებლისგან მიიღეს შემოთავაზება, რომ გადასულიყვნენ სოფელ კოხნარში მდებარე საერთო ბინებში, მაგრამ მათ უარი თქვეს, რადგან დიდი ხანია, აქ ცხოვრობენ. ბინის მცხოვრებლები მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს თხოვენ დახმარებას პრობლემის მოგვარებაში: _ ვთხოვთ ქალბატონ ლელას, იქნებ, გულთან მიიტანოს ჩვენი გასაჭირი და დაგვეხმაროს, ისე მაინც გადაგვახურინოს ბინა, რომ ღამით მძინარე ბავშვებს თავზე არ აწვიმდეთ, _ ამბობენ გაუსაძლის პირობებში მცხოვრები მობინადრეები.