პრობლემის უფრო ახლოს გასაცნობად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიას ვესტუმრეთ. ამ ძირითად გასაჭირთან ერთად, სოფელში უამრავი სხვა პრობლემაცაა, თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მერიაში შენდება სპეციალური სატრაქტორო პარკი, სადაც მრავალი ადამიანი დასაქმდება. ასევე, დღემდე მოქმედებს 1997 წელს დაფუძნებული საკრედიტო კავშირი, რომელსაც ვახტანგ ბაქანიძე ხელმძღვანელობს და გლეხებისთვის გასაჭირის ჟამს, მცირე, მაგრამ საიმედო ფინანსურ წყაროს წარმოადგენს.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის რწმუნებული, ვაჟა ჩანჩიბაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ციტრუსის მოსავლისა და მისი რეალიზაციის შემაფერხებელ გარემოებებზე საუბრობს.
_ ბატონო ვაჟა, სულ რამდენი ტონა მანდარინი მოიკრიფა წელს მერიაში?
_ ამ სეზონზე ძალიან ნაკლები რაოდენობის, ამასთან, 80 პროცენტამდე უხარისხო მოსავალი იყო. თუმცა, უხარისხობამ უფრო დააზარალა მოსახლეობა _ სწორედ ამ მიზეზით არ გასაღდა ციტრუსი.
_ თქვენ რას მიიჩნევთ უხარისხობის მიზეზად?
_ არ ხდება მიწის დროული დამუშავება ან სულაც არ მუშავდება. მცენარეს სჭირდება მოვლა, რომ ნაყოფი იყოს ჯანმრთელი და საღი. საჭიროა სხვადასხვა შხამქიმიკატი. მოსახლეობას არ აქვს აგრონომიული გამოცდილება. პირველ რიგში, სწორედ ამიტომ იყო მოსავალი ცუდი. წელს მერიაში, დაახლოებით, 700 ტონა მანდარინი მოიკრიფა.
_ თუ გაქვთ ზუსტი ინფორმაცია, აქედან რამდენი ტონის რეალიზაცია მოხერხდა?
_ 80 პროცენტამდე მანდარინის რეალიზაცია მოხდა(?!). ძირითადად, მოდიან გადამყიდველები. მაგალითად, ნაღობილევში ერთი ინდმეწარმეც იყო შემოსული, რომელმაც 60 ტონამდე მანდარინი შეისყიდა ადგილობრივი მოსახლეობისგან.
_ ჩვენ გვიკავშირდებიან მოქალაქეები სხვადასხვა სოფლებიდან, მათ შორის, მერიიდანაც. ისინი წუხან, რომ სახლში უყრიათ ტონობით გაფუჭებული მანდარინი, რადგან ვერ მოახერხეს მისი რეალიზაცია. ამ მხრივ კი ხელისუფლება მათ ყურადღებას არ აქცევს. მოკლედ, როგორც მოსახლეობა ამბობს, უმეტესობამ წელს ციტრუსი სანაგვეზე გადაყარა.
_ ვერ ვიტყვით, რომ გასაღების კუთხით რაიმე პრობლემა იყო. პრობლემა იყო ხარისხი! ვისაც ხარისხიანი მანდარინი ჰქონდა, აბა, ნახეთ ის ოჯახები, თუ არ აქვთ გასაღებული. ხარისხი რომ კარგი ყოფილიყო, შეიძლებოდა რეალიზაცია, პრობლემა ამ მხრივ არ იყო. ჩვენ ვინც დაგვიკავშირდა და გვთხოვა დახმარება რეალიზაციაში, ყველას დავეხმარეთ. მივაწოდეთ ხალხს ინფორმაცია, რომ ქობულეთში შეიძლებოდა, ჩაბარება _ იქ იღებდნენ 1 კილოგრამს 12 თეთრად. გიმეორებთ, მთავარი მიზეზი მანდარინის უხარისხობა იყო.
_ ის თუ იცით, რამდენი ტონა ციტრუსი იზარალა სულ მოსახლეობამ?
_ ზარალს ვერ დავარქმევთ, არავის გადაუყრია(?). დღესაც რომ გაჩერდეთ მერიის ცენტრში, სულ დგას მანქანები _ იბარებენ ციტრუსს. ათი მანქანა მოვა და იკითხავენ, მანდარინი ხომ არ არის გასაყიდიო. თუმცა, ციტრუსის მიმღები რაიმე მასიური პუნქტი არ ყოფილა გახსნილი.
_ რამდენი კომლი ცხოვრობს მერიაში და საერთოდ, რით არსებობს აქაური მოსახლეობა, რა ეკონომიკური სახსარი გააჩნია?
_ მერიაში სულ 1 240 კომლი ცხოვრობს. ეს არის მერიის თემში შემავალი სოფლების _ ნაღობილევის, ხვარბეთის და ჭახვათას მოსახლეობა. მერიის მოსახლეობას დასაქმების ყველაზე მეტი შანსი აქვს _ სოფელი ცენტრალურ ტრასაზე მდებარეობს. აქ არის რამდენიმე ქვის სატეხი საამქრო, არის საკონსერვო წარმოება, რომელიც ჩაის ამუშავებს. აქაური მოსახლეობა დასაქმებულია სამშენებლო ბლოკის საამქროებში. მერიის ტერიტორიაზე, დაახლოებით, 5 საამქროა. ქალბატონები მუშაობენ შპს “ტონუსში”, ჩაის შეფუთვაზე.
_ ჩაის ფაბრიკა ნამდვილად მუშაობს მერიაში?
_ კი, ნამდვილად. “აგურა” ჩაის ამზადებენ, რომელიც ყაზახეთში იგზავნება.
_ ანუ თქვენ ამბობთ, რომ მერიის მოსახლეობა დასაქმებულია?
_ მთელი მერია არა, მაგრამ უმეტესობა _ დაახლოებით, მოსახლეობის 80 პროცენტი, დასაქმებულია(?). ხალხს აქვს, ასევე, პირადი მეურნეობები. მეტ-ნაკლებად ეს არის მათი შემოსავლის წყარო. სხვა სოფლებთან შედარებით, აქ მეტი გასაქანია. მით უმეტეს, ახლა სოფლის მეურნეობის სამინისტრო აკეთებს სატრაქტორო პარკს, რომელშიც განთავსდება 50 ტრაქტორი მექანიზატორებით, ყველა მომსახურებით. მშენებლობა დაწყებულია და გაზაფხულზე დამთავრდება. აქ ბევრი ადგილობრივი დასაქმდება.
_ როგორც გამგებელი, რას მიიჩნევთ მთავარ პრობლემად?
_ ერთადერთი ყველაზე დიდი, აქამდე გადაუჭრელი პრობლემა, რომელიც მეზობლებს შორის უთანხმოებას ქმნის, არის “ენერგო-პრო ჯორჯიასთან”, თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს პრობლემა მალე მოგვარდება _ მოხდება გამრიცხველიანება. სხვა პრობლემა, რომ ვთქვათ, რომ არის _ არ არის. გზას რაც შეეხება, შიდა გზები თოვლმა დააზიანა, წყლის პრობლემაც მეტ-ნაკლებად მოგვარებულია _ სოფლის პროექტებისთვის გამოყოფილი თანხით გავაკეთეთ.
_ როგორც ვიცით, აქ კიდევ ერთი დიდი პრობლემაა _ კარიერების გამო. მდინარემ კალაპოტი შეიცვალა და რამდენიმე ოჯახს საყანე ფართობიც წაართვა. . .
_ კი, ეს პრობლემა, ზოგადად, დგას, მაგრამ მოსახლეობას დროებით სარგებლობაში აქვს მიწები, თუმცა _ დაუკანონებელი.
მერიაში ახსოვთ საკუთარი სოფელი ძლიერი და ღონიერი, სადაც იყო წვენების ქარხანა; ცნობილი აეროდრომი; გაზის სატუმბი სადგური, საიდანაც მთელი დასავლეთ საქართველო მარაგდებოდა; ჩაის ფაბრიკა; ცქვიტინიძის სამშენებლო ორგანიზაცია, სადაც სამშენებლო ბლოკები მზადდებოდა, სამშენებლო მასალა შემოჰქონდათ, ინერტული მასალა კი აქვე იყო. ახლა მდინარის პირას რომ ჩახვიდე და ქვიშა აიღო, დაგაპატიმრებენ, ან სულ ცოტა, დაგაჯარიმებენ: _ მერიელმა კაცმა უნდა იყიდოს ქვიშა და სხვამ კი მუქთად წაიღოს? თუ მიაქვთ, მერიას რა ხმარდება, რა რჩება სოფელს? ვის ჯიბეში მიდის ეს ყველაფერი? 10 კარიერია და სად რა მიაქვთ, ვერ გაიგებ. აქ კეთდება დიდი ფული, ვიღაც ისქელებს ჯიბეს, სოფლისთვის კი არაფერი კეთდება, _ წუხან მერიელები.
მანდარინის მოსავლით გაწბილებული მოსახლეობისგან პირველი ზაქრო ვასაძე შეგვხვდა. როგორც მან თქვა, წელს 3 ტონა მანდარინი ძლივს მოიწია, 700 კილოგრამის გაყიდვა მოახერხა, დანარჩენი კი, ნაწილი გადაყარა, ნაწილი ახლა ლპება და იმის გადაყრაც მოუწევს: _ ჩვენთან არავინ არ მოსულა, რომ სადმე წვენების ქარხანაში ჩაგვებარებინა. ვის ვახსოვართ? _ შემოგვჩივლა მან.
ლაურა ცერცვაძის ეზოში, აქა-იქ ახლაც მოჩანს ხეებზე შერჩენილი მანდარინი _ ნეტავ, საერთოდ არ მომეკრიფა! მუშის ფულიც არ გადამიხდია ჯერ, ტყუილად ვიწვალე და სხვაც ვაწვალე. მადლობელი ვიქნებით, თუ ვინმეს გავახსენდებით, მაგრამ დღემდე არავის უკითხავს ჩვენი ამბავი და აწი ეს მანდარინიც დალპება, _ გვითხრა მან და გათბობის პრობლემაც უპირველეს გაჭირვებად დაასახელა: _ სად გვაქვს შეშა? ბლის ხე მოვჭერი, ცოტა მობერებული, მაგრამ მსხმოიარე იყო. მეტი საშველი არ მქონდა. შეშის საყიდელი ფული სად არის? გაზი რომ გვეღირსებოდეს, ყველა დავდგებით ფეხზე, მაგრამ ვინ მოიყვანს აქამდე? დასაქმებაზე რა გითხრათ _ თუ პენსიონერია ოჯახში, ეგაა ფულიც და დასაქმებაც. გოგო სწავლობს, ბიჭმა დაამთავრა, მაგრამ შინ ზის, სადაა სამსახური?
ქალბატონი ლაურა ზამთრის გრძელ ღამეებში ჭილის ქუდებს ქსოვს და გაზაფხულამდე, როგორც თვითონ ამბობს, 150-200 ცალ ქუდს უყრის თავს. გაზაფხულზე კი ქუდებს მყიდველი უჩნდება: _ ქუდებს ლარად ან ლარნახევრად ვყიდი. 200 ლარამდე ვაგროვებ. სხვა საქმესთან ერთად ვაკეთებ. რაღაც შემოსავალი გვიჩნდება სახლში, პურს და შაქარს მაინც ვყიდულობ. პატარა კალათებსაც ვქსოვ _ ჩავაწყობ ბზას და სააღდგომოდ ეკლესიასთან ვდგები, რომ გავყიდო, _ ამბობს ქალბატონი ლაურა.
სოფლის ერთ-ერთ მკვიდრს, ელდარ ვასაძეს, შვილის სიკვდილის შემდეგ, არანაირი გასაჭირი არ აკვირვებს. თუმცა, ახლა რომ ყველა ოჯახში მანდარინი აქვთ გასაყიდი, ულპებათ და ყრიან, ძალიან აწუხებს: _ კარგადაც არ ესხა წელს, მაგრამ ასე გაუყიდავი არასოდეს დარჩენიათ. რომ მოსულიყო ვინმე და ეკითხა, ხალხო, რა გიჭირთ, მანდარინის გასაღებაში დაგეხმარებით ან აღრიცხვას გავაკეთებთო, არ ყოფილა ასეთი რამ. აღრიცხვა დაავალეს სოფლების გამგებლებსო, ამბობთ, მაგრამ ეს არაა მართალი. მე სოხუმში, 1992 წელს, 21 წლის ბიჭი მომიკლეს _ ტყუილს არ ვიტყვი. კერძო პირები მოდიოდნენ და ცოტ-ცოტას ყიდულობდნენ. მე 20 ტონა მანდარინს ვკრეფდი, წელს 3 ტონა უკვე გადავყარე.
შედარებით მცირე მოსავლის მქონე ბაღის პატრონია ვერა ვასაძე. ის ამბობს, რომ 3 ტონა მანდარინს კრეფს: _ წელს არ ესხა, სულ 100 ლარისა თუ გავყიდეთ. მე ვიღებ პენსიას. რძალი, შვილიშვილი და 93 წლის დედამთილი მყავს, რაღაცას მისი პენსიით ვჭამთ. არავის არ უკითხავს მანდარინის ამბავი. სურსათი? ნისია _ პენსიამდე! ეს პენსია რომ არ იყოს, არ ვიცით, რა გვეშველებოდა.
ახალგაზრდა მერიელ ქალბატონს მზია ჩავლეშვილს მეტად ორიგინალური პასუხი აქვს მანდარინთან დაკავშირებით:
_ ყველაფერზე, რაც მანდარინს შეეხება, პასუხად ითქმის _ არა! არ ესხა! არ გაიყიდა! არ ივარგა! არ იყო ამინდი! არავინ არ მოსულა, რომ ამბავი ეკითხა! დასაქმებას რაც შეეხება, ვაი, ჩვენს პატრონს! აგერ ორი ადამიანი წავიდა ერთი ოჯახიდან თურქეთში და შინ დარჩენილები ტირიან, ისეთი კანონი გამოვიდა ახლა _ 3 თვე იქეთ რომ იქნები, მერე 3 თვეს ვეღარ წავალთ, სამუშაო ადგილს დავკარგავთ და მშიერი მოვკვდებითო. აქედან ძალიან ბევრია წასული სამუშაოდ თურქეთში, საბერძნეთში, იტალიაში.
სოფლის გამგებელი, როცა დასაქმებულთა რაოდენობას ასახელებდა, ალბათ, სოფლიდან საზღვარგარეთ სამუშაოდ წასულ ადამიანებსაც გულისხმობდა.
10 ტონა მანდარინის მომკრეფი თამაზ ვასაძე წელს იმედგაცრუებულია: _ რა გითხრათ? რაც მოვკრიფე, აგერ ყრია “ნასიპად”. შარშან 10 ტონა მოვკრიფე, წელს _ ტონანახევარი, თუმცა, ესეც ლპება. ვის უნდა? ვინ იკითხა ამბავი, მეხუმრებით?
ჯუმბერ ვასაძესაც მანდარინის გასაღების პრობლემა აქვს: _ წელს გვიღალატა მანდარინმა, ამინდმა და რა ვიცი, რამ აღარ… 15 ტონაც კი ჩამიბარებია გასულ წლებში, წელს კი, აგერ ერთი ტონა მიყრია. ნეტა, ესეც არ იყოს, მიაქვს ვინმეს თუ? “სუპერს” რომ ეძახიან, 80 თეთრად გავყიდე ცოტა. არავინ არ ყოფილა აღრიცხვის მიზნით, არც გამგებელი, არც სხვა ვინმე დაინტერესებულა. პირადი მეურნეობით ვირჩენ თავს. გზას გვპირდებიან, გამრიცხველიანება არ არის, თებერვლის ბოლოს იქნებაო და რა ვიცი?!
თამაზ ვასაძე: _ ჩემს ოჯახს რომ უჭირს, ნეტა, ისეთი დღე ვის ადგას?! დედაჩემი, ნინა ანდღულაძე 89 წლისაა. მედდა იყო, დამსახურებული სპეციალისტი. სოციალურმა სამსახურმა იმხელა ქულები მოგვცა, დახმარებას ვერ ვეღირსეთ _ რაღაც ძველ ნივთებს დასდევენ, “დენიკინის დროინდელი” ტელევიზორი და მაცივარი თუ მაქვს, არ ვარ გაჭირვებული? დედაჩემს სამხედრო სამსახურისთვის მედალი მისცეს, როგორც მტრის ზურგში მებრძოლს. ეს დაფასებაა, მაგრამ დახმარება არ უნდა?
მერიის ყოფას დიდ ელფერს ვერ ჰმატებს გაკეთებული, მოწესრიგებული გზისპირა არხები. სამშენებლო სამუშაოებია გაჩაღებული სოფელში გამავალი ცენტრალური ტრასის გასწვრივ _ აქ სატრაქტორო სერვისცენტრი შენდება, რომლის შესახებაც “გზამშენი 18”-ის ინჟინერი ტარიელ ნანიტაშვილი გვესაუბრება:
_ აქ მშენებლობა გაზაფხულის ბოლომდე დასრულდება. 12 კომბაინი, 32 ტრაქტორი _ ასეთი იქნება მომსახურე სერვისი. მოსახლეობა ყველა სასოფლო-სამეურნეო სამუშაოს შესასრულებლად ისარგებლებს აქედან. სამთვიანია ეს პროგრამა, მაისისთვის უკვე მზად უნდა იყოს. მინიმუმ 50-ზე მეტი კვალიფიციური კადრი მუდმივად დასაქმდება. ორსართულიანი შენობა იქნება, სამრეცხაოებით, 2 ბოქსით. ექნებათ მაღალი ხელფასი.
მერიის საკრედიტო კავშირის თავმჯდომარე, ვახტანგ ბაქანიძე ამბობს, რომ 25-ტონიანი მანდარინის ბაღი აქვს. წლევანდელი მოსავლიდან 4,5 ტონა გაყიდა, 2 ტონა გადაყარა, 3 ტონა გასაყიდი აქვს, მაგრამ კლიენტი არ ჩანს. ბატონი ვახტანგი უფრო საკუთარ ორგანიზაციაზე საუბრობს:
_ ეს კავშირი 1997 წელს დავაფუძნე და მას შემდეგ არ გამიუქმებია. გამგეობის თავმჯდომარეს, ნორა დოლიძეს 5 ლარი ჰქონდა, მე _ 30 ლარი. ვწვალობდით, მაგრამ თავი მაინც გავიტანეთ. იმ შავ-ბნელ დროში ოფისიც გამიტეხეს და ნავთქურა მომპარეს. მე არა ერთ საკითხში ხელისუფლების ოპონენტი ვარ. მართალია, ბევრი ძლიერი რეფორმა გატარდა, წესრიგი დამყარდა, მაგრამ ხალხის ყოფა მაინც მძიმეა. მე ჩემს წევრებს ვეხმარები, რაც შემიძლია. ხალხი სესხისთვის მოდის და ხელს ვუმართავ, თუმცა, ეს ზღვაში წვეთია. საკრედიტო კავშირები აუცილებლად უნდა იყოს სოფლად, ეს აუცილებელია. ვის არ მივმართე, ვინ არ შევაწუხე, მაგრამ, ჯერჯერობით, ვერაფერს გავხდი.
ბატონ ვახტანგს მერიელები ძალიან ემადლიერებიან:
_ სესხს გვაძლევს, ხოლმე. ახლაც მაქვს 500 ლარი გამოტანილი, თუმცა, ეს ჩვენს გასაჭირს არ შველის, _ ამბობს ქეთევან ვასაძე.
მერიელებს იგივე გასაჭირი აქვთ, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველას _ ხალხს გასაღების ბაზარი სჭირდება; გრძელვადიანი, იაფი სესხი სჭირდება და არა 30-ლარიანი ვაუჩერი.
_ ან გამგებელმა რა ქნას? _ გვეუბნება ჩვენი გვიანი მგზავრი, _ ბეჭედი მას არ აქვს და აქედან გამომდინარე, არც _ უფლება! რასაც ჩასძახებენ, იგივე თუ არ ამოსძახა ქვევრივით, ჭერიც და სკამიც ერთად ჩამოეშლ-გამოეცლება. ვინ იცის, ამის მიზეზი, იქნებ, თქვენც უნებლიეთ გახდეთ. არ გეცოდებათ?
რასაკვირველია, გვეცოდება, მაგრამ მკითხველს ტყუილს ხომ არ ვეტყვით?!