საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ბალავაძე, გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, ვიცე-გუბერნატორი ლელა თავართქილაძე, ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი გოგუაძე, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთში სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ. ბალავაძის თქმით, მსგავსი შეხვედრების მიზანი მოსახლეობასთან უშუალო კავშირია, რაც საშუალებას აძლევთ, ადგილზე გაეცნონ პრობლემებს, გაიგონ რა აწუხებთ მათ რეალურად.
მოსახლეობამ ხელისუფლების წინაშე რამდენიმე პრობლემა დააყენა, მათ შორის: სოფლის გაზიფიცირების საკითხი, სამელიორაციო არხების გაწმენდა, ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდეგ ჩასატარებელი სამუშაოები, სოფლის ცენტრში მდებარე კულტურის სახლის რეაბილიტაცია. ხელისუფლების წარმომადგენლები შუხუთელებს პრობლემების მოგვარებაში დახმარებას დაპირდნენ.
საჯარო მოხელეებთან შეხვედრას პარლამენტარები: გოკა გაბაშვილი, ხათუნა ოჩიაური, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კოტე კობახიძე შეუერთდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, გოკა გაბაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობის პირველ პრობლემად ისევ უმუშევრობა რჩება. ამიტომაც ხელისუფლების ამოცანაა, რაც შეიძლება ბევრი ინვესტიცია მოიზიდონ, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის გარანტიაა. სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, კოტე კობახიძის თქმით კი გურიაში ამერიკული თეთრი პეპელასთან ბრძოლის მხრივ მდგომარეობა მეტად რთულია: _ შარშან შეწამვლა არ იყო ეფექტური. წელს ბიუჯეტში ამ მავნებელთან საბრძოლველად დიდი ოდენობის თანხა ჩაიდო. არ იქნება წამლის პრობლემა, შეწამვლა მოხდება, როგორც სოლო აპარატებით, ასევე, მანქანით. ამას გარდა, ვაუჩერიზაციის პროცესი ერთგვარი შეღავათია გლეხისთვის. გურიაში შეიქმნება როგორც სერვის, ასევე საკონსულტაციო ცენტრები.
დასასრულ, სტუმრებმა მადლობა გადაიხადეს გულთბილი შეხვედრისთვის და განაცხადეს, რომ მიმდინარე წელი ნამდვილად იქნება გურიის აღორძინების წელი.