როგორც ჩვენი წყარო ამბობს, ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ზაზა ჯაფარიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ჯაფარიძის გათავისუფლების მიზეზად ცენტრში ბოლო დროს შექმნილი პრობლემები სახელდება.
როგორც “გურია ნიუსი” წერდა, საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ გახსნილ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრში არსებული ვითარება ხშირად ხდება კრიტიკისა და განსჯის საგანი. ამავე ცენტრის 35 ექიმმა ცენტრის ხელმძღვანელების სახელზე კოლექტიური განცხადება რამდენიმე დღის წინ დაწერა _ ისინი ითხოვდნენ, გაეგოთ, რამდენია მათი ხელფასი და რატომ არ ფორმდება მათთან შრომითი ხელშეკრულება. ამ და სხვა საკითხებში გასარკვევად, თბილისიდან, სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორი ზაზა ჯაფარიძე ჩამოვიდა და ექიმებს შეხვდა.
შეხვედრაზე რამდენიმე ექიმმა დაწვრილებით ისაუბრა იმ პრობლემების შესახებ, რაც ცენტრში არსებობს. ჩვენი წყაროს ცნობით, ჯაფარიძემ კატეგორიულად აუკრძალა მედპერსონალს პრესასთან, კონკრეტულად კი “გურია ნიუსთან”, კომენტარების გაკეთება, წყარო ამტკიცებს, რომ ჯაფარიძეს ექიმებთან შეხვედრაზე საკმაოდ ხმამაღლაც უსაუბრია, რის გამოც, რამდენიმე ექიმს შეხვედრა დაუტოვებია, თუმცა, თავად ჯაფარიძის თხოვნით, ისინი დარბაზში დაბრუნებულან.
მიუხედავად დაპირებებისა, დაძაბულობა აღნიშნულ ცენტრში დღემდე გრძელდება. ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის ეკონომისტმა ირაკლი სირაძემ თანამდებობა გასულ კვირას დატოვა. პოსტი, ასევე, შესაძლოა, სამედიცინო ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან ანთაძემაც დატოვოს. ჩვენი წყარო ამბობს, რომ ექიმების მიერ დაწერილი განცხადებების გამო, საყვედური მიიღეს ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, დავით მდინარაძემ და ქირურგმა ნესტორ თოიძემ.
კომპანია “ავერსის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულ ტელეფონის ნომერზე, რომელიც რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს ეკუთვნის, ჯაფარიძის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია არ დაადასტურეს.