10 თებერვალს, ოზურგეთში, საარჩევნო სიების დაზუსტების კომისია დაფუძნდა. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ, “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ ადგილობრივ მედიას გურიის ოფისის წარმომადგენლობა გააცნო. როგორც მან აღნიშნა, დაიწყო ამომრჩეველთა სიების ახალი ფორმით დაზუსტების პროცესი, რაც შეთანხმებულია სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და მიზნად ისახავს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. ამომრჩეველთა სიების დაზუსტება “კარდაკარის” პრინციპით მოხდება. შეგროვებული ინფორმაციები ადგილობრივი ოფისებიდან ელექტრონული წესით აიტვირთება სახელმწიფო კომისიის სერვერზე, სადაც მყისიერად მოხდება ყველა ცვლილებისა თუ ნაკლოვანების ასახვა. ამ მიმართულებით გადამზადდება 11 000 ადამიანი და შეიქმნება მობილური ჯგუფები. კაციტაძის თქმით, 2012 წლის ამომრჩეველთა სიები, წინა წლებთან შედარებით, გაცილებით მოწესრიგებული იქნება. საარჩევნო სიების დაზუსტების კომისიას გურიაში ოპოზიციონერი დავით წულაძე უხელმძღვანელებს.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved