ექვსსულიანი ოჯახის ერთი თვის შემოსავალი 150 ლარს შეადგენს. ისიც იმის გამო, რომ ბარამიძის ოჯახი სოციალურად დაუცველთა ბაზაშია რეგისტრირებული და ოჯახის სარეიტინგო ქულების მიხედვით, სახელმწიფო მას თვეში ფულად შემწეობას _ 150 ლარს ურიცხავს. დიასახლისს ოჯახის შემოსავლის განაწილება უძნელდება, განსაკუთრებით კი _ ზამთარში: “ფულადი შემწეობიდან, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახადს ვიხდი _ გასულ თვეში 176 ლარის ელექტროენერგია გავხარჯე. შეშა არ გვქონდა და ელექტროღუმელით ვათბობდით ბავშვებს. იმისთვის, რომ დენის მიწოდება არ შემწყვეტოდა და დავალიანება თავის დროზე დამეფარა, სოციალური დახმარება ავანსად ავიღე”, _ გვიყვება მრავალშვილიანი დედა და თვალცრემლიანი აგრძელებს თხრობას: “ახლა ისეთ ცუდ დღეში ვარ, არ ვიცი, რა ვქნა. ხვალ რომ ერთი პური ვუყიდო ბავშვებს, იმის ფულიც არ მაქვს. დღეს მხოლოდ ერთი პურის ყიდვა მოვახერხე. რა გავყიდო? გასაყიდიც არაფერი მაქვს. არც ჩემი მეუღლე მუშაობს, ხან დროებით სამუშაოს თუ ნახავს, მხოლოდ პურის ფული რომ გვქონდეს.
მეუღლე დღეს სოფელში წავიდა _ იქნებ, ერთი ურემი შეშა მოჭრას, რომ გაყიდოს და საჭმელი ვიყიდოთ. რამდენიმე დღეა, მხოლოდ უფასო სასადილოდან მოტანილი სადილით გაგვაქვს თავი. დღეს საღამოს მხოლოდ ჩაის და პურს ვაჭმევ ბავშვებს, მაგრამ ხვალ ამასაც ვერ მოვახერხებ. დილით სკოლაში მშივრებს ვუშვებ _ რა ვქნა, სხვა გზა არ მაქვს”, _ ამბობს მრავალშვილიანი ოჯახის დიასახლისი და დასძენს, რომ უფასო სასადილოდან დღეში ერთი პური ერგებათ, რადგან მხოლოდ ორი სული ჩაწერეს სასადილოს ბენეფიციართა სიაში:
“გვითხრეს, არ გვაქვს მეტის საშუალებაო და ამის გამო ხუთი ადამიანი, ორი ადამიანის საკმარის სადილს ვინაწილებთ. ვითხოვე გამგეობაში, სამი მაინც ჩაგვწერეთ,-მეთქი, მაგრამ უარი მივიღე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან წინასაახალწლოდ ფულადი დახმარება 100 ლარი მოგვცეს, ასევე, საახალწლოდ პროდუქტებიც გვერგო, როგორც მრავალშვილიან ოჯახს _ ეს იყო და ეს. გამგეობაში ფულად დახმარებაზე უარი მითხრეს, სოციალურ შემწეობას იღებ და არ გეკუთვნისო. ახალ წლამდე შევიტანეთ განცხადება ოზურგეთის გამგეობაში შეშის მიღების თაობაზე და არ მოგვცეს. ახლა კი გვითხრეს, ახალი განცხადება უნდა დაწეროთო. ახლა განცხადება რომ დავწერო, ხურდა ფულიც არ მაქვს _ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ხომ მჭირდება? ჩემმა მაზლმა გამოგვიგზავნა ერთი ურემი შეშა და იმით გავიტანეთ რამდენიმე დღე თავი. არადა, სამი დღის სამყოფი შეშა დაგვრჩა მხოლოდ. მოდით სამზარეულოში, ნახეთ _ სადილი რომ მოვამზადო არაფერი მაქვს. ერთი ცალი კარტოფილიც არ გამაჩნია, ბავშვებს რომ შევუწვა ან მოვუხარშო.
ნახევრად მშივრები ვართ. ჩასაცმელს ხან ვინ გვჩუქნის და ხან _ ვინ. ახლა სარეცხი ფხვნილიც აღარ მაქვს”, _ აგრძელებს თავის გასაჭირზე საუბარს ახალგაზრდა ქალი.
როგორც თავად გვიამბო, არც მიწა აქვთ, რომ საგაზაფხულო სამუშაოები აწარმოონ. ჰქონდათ, მაგრამ დედის ავადმყოფობის გამო გაყიდეს. მცირეწლოვანი ბავშვები კი ველოსიპედზე ოცნებობენ _ მათთვის მშობლების გასაჭირი ჯერ უცხოა. უფროსმა ძმამ გაგვიმხილა, რომ ზაფხულში, აპირებს თხილი მოკრიფოს და შეგროვებული თანხით ველოსიპედი შეიძინოს.
_ დღეს არ იყო ის მასწავლებელი, რომელიც დილით ფუნთუშას მაძლევს, _ საუბარში ჩაგვერთო პირველკლასელი ბიჭუნა.
“სკოლაში მშივრები მიდიან. ხანდახან მასწავლებელი ყიდულობს მათთვის ფუნთუშას. ჩემი მთავარი საზრუნავი ბავშვების გამოკვება და ყოველდღიური პურის ფულია. იმედი მაქვს, გამოჩნდებიან კეთილი ადამიანები და დახმარებას გაგვიწევენ”, _ იმედს არ კარგავს ოთხი შვილის დედა.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პრესსამსახურში განმარტეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2011 წლის ბიუჯეტიდან მრავალშვილიან ოჯახებზე, რომლის სარეიტინგო ქულაც 57 000-მდეა, ფულადი დახმარება 100-100 ლარის ოდენობით ორჯერ გაიცა, 2012 წლის ბიუჯეტიდან კი 100-ლარიანი დახმარება სამჯერადად გაიცემა: _ იმ ოჯახებს კი ვისი სარეიტინგო ქულაც 57 000-დან 150 000-მდეა და ჰყავს ოთხი და მეტი შვილი, ყოველ თვეში მიიღებს დახმარებას, თითო ბავშვზე 25 ლარის ოდენობით, _ დააკონკრეტეს საკრებულოში.