“გურია ნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ ოზურგეთის პოლიციის რწმუნებულები კარდაკარ დადიან და მოსახლეობის აღწერას აწარმოებენ. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, სამართალდამცავები ინტერესდებიან, ვინ სად მუშაობს, რითი არის დაკავებული და ასევე კითხულობენ, მათი მეზობლები ან ნათესავები ხომ არ არიან საზღვარგარეთ წასულები. ჩვენ რამდენჯერმე ვცადეთ, დავკავშირებოდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსს, ზურაბ გვენეტაძეს, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არც ამჯერად უპასუხა.
საარჩევნო სიის გადამოწმების უზრუნველყოფის კომისიის თავმჯდომარე, მამუკა კაციტაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას ამბობს, რომ სიებთან დაკავშირებით, პოლიციელების გარდა, მოსახლეობაში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც დადიან: _ ვიცი, რომ პოლიცია დადის. ვიცი, რომ დადიან ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლებიც. ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო _ კონკრეტული პიროვნებები, კომისიის სახელით, ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებასთან დაკავშირებით ივლიან და სხვა უწყებების მიერ გახორციელებული ჩამოვლები ვერანაირ ქმედით გავლენას ვერ მოახდენს ამომრჩეველთა ერთიანი სიის დადგენაზე. დღეს ოფიციალურად რეგისტრირებულია 3 585 000 ამომრჩეველი. მე უნდა მოვაწერო ხელი ამ სიას, რა თქმა უნდა, კომისიის გადაწყვეტილების შემდეგ. ამიტომ, ვერც პოლიციის რწმუნებული, ვერც სოციალური მუშაკი და ვერც სხვა ვერ იქონიებს გავლენას იმ გადაწყვეტილებაზე, რომელიც უნდა მიიღოს კომისიამ ამომრჩეველთა სიის დაზუსტებასთან დაკავშირებით, _ გვითხრა კაციტაძემ.