როგორც ისინი “გურია ნიუსთან” საუბარში აცხადებენ, “ჰაერში გამოკიდულნი არიან,” რადგან მათ საცხოვრებელი ბინის საკუთრებაში გაფორმება ვერ მოახერხეს. ამავე საცხოვრებელ სახლში, ოროთახიანი ბინით მოსარგებლე 73 წლის პენსიონერი, ზურაბ ბურჭულაძე “გურია ნიუსთან” ბინის დასაკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს.
_ თქვენი გაზეთის იმედი მაქვს, შვილო! ისე დავბერდი, ჩემთვის ამბავი არავის უკითხავს, არავინ დაგვხმარებია, არც კი გისმენენ გამგეობაში, გვერდით არ მიგიკარებს არავინ. პროფესიით ინჟინერი ვარ, ოთხი შვილის მამა. ერთ-ერთი შვილი, ნატო, სამი შვილის დედაა, რომელსაც არ გააჩნია მუდმივი საცხოვრებელი ფართი, არ აქვს სამუშაო და ეკონომიურად ძალიან უჭირს. იგი ჩაწერილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯაში, ოროთახიან ბინაში, რომლის პრივატიზაციას ვცდილობთ რამდენიმე წელია, მაგრამ ოზურგეთში სამართალი ვერ ვნახე. ამ ბინაში ადრე ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ, იქვე შრომობდნენ და გარდაცვალების შემდეგ, 2004 წლის აპრილიდან, ვითვლებით ამ საცხოვრებელი ფართის მოსარგებლედ.
რამდენადაც ვიცი და როგორც იურისტებმა მითხრეს, ამ საკითხებზე არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის #73 ბრძანებულება, კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ.
_ ბატონო ზურაბ, ვის მიმართეთ და რატომ ვერ ახერხებთ თქვენი ბინის დარეგისტრირებას?
_ დახმარებისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართე, კონკრეტულად კი ჩემი საქმე გამგებლის მოადგილეს ჰქონდა. პასუხს ვერავინ მაძლევს, მთხოვენ “ორდერს”, რომელიც არ გამაჩნია. ჩემი მშობლები 1964 წლიდან ცხოვრობდნენ დაბა ნარუჯის ტერიტორიაზე, იქ შექმნეს ოჯახი, იქვე იშრომეს ქვეყნისთვის და იქვე მიიცვალნენ. მათთვის ბინის მუდმივად თუ დროებით სარგებლობის არანაირი “ორდერი” არავის მიუცია, რადგან იმდროინდელი საბჭოთა მეურნეობის ბინები მუდმივ სარგებლობაში არავის ეძლეოდა _ იცხოვრებდნენ მთელი სიცოცხლე და შემდეგ კი მისი შთამომავლობას გადაეცემოდა.
1970 წლიდან, ჩემი მშობლები ცხოვრობდნენ არაკაპიტალურ, ავარიულ, ამორტიზირებულ ბინაში, სადაც ორი პატარა ოთახი ეჭირათ. ავარიულ სახლში, ასევე, ცხოვრობდა სამი ოჯახი. მეურნეობის დირექტორმა ააშენა 12-ბინიანი ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელშიც 1978 წელს ჩავსახლდით. მას შემდეგ ამ ოროთახიანი ბინის მოსარგებლეები ვართ.
ამ ბინაზე მოდავე არავინაა, უამრავი მოწმე აღიარებს ჩვენს სიმართლეს. ახალმა მთავრობამ, ქვეყანაში როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო საკუთრება დააკანონა. კერძო საკუთრებაში გადაცემას პრივატიზება დაარქვეს, რომლის ქვემდებარე ვართ ჩვენ.
_ მიმართეთ თუ არა სასამართლოს?
_ კი, რა თქმა უნდა. სასამართლო გადაწყვეტილებას ამ დღეებში გამოიტანს.
ამავე ბინაში მცხოვრები როზა ანდრეევა-ბურჭულაძე “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნავს, რომ ის 47 წელია, აქ ცხოვრობს და წასასვლელი არსად აქვს: _ მეუღლე გარდაცვლილი მყავს. ურალიდან ვარ. 16 წლის ვიყავი, აქ რომ ჩამოვედი და 47 წელია, უკვე რაც ნარუჯაში ვცხოვრობ. წასასვლელი არსად მაქვს. გაგვარკვიოს მუნიციპალიტეტის გამგეობამ, გვაძლევენ თუ არა ამ ბინას?
_ ვერ გავიგეთ სიმართლე. გამგეობაში ამბობენ, ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნისო. ახლა ისიც თქვეს, მუნიციპალიტეტის ბალანსზეა გადმოცემულიო. აქ ყველა მიწა გაყიდულია, ერთადერთი, ეს ბინები დარჩა, რომელიც აშენებულია არა ამათ მიერ, არამედ საბჭოთა პერიოდში, მეურნეობის მიერ და მერე გადმოეცა ამათ ბალანსზე. გამგეობა თავიდან გვიცილებს და გვეუბნება, სასამართლოს მიმართეთო. სასამართლოს ფული უნდა, მერე იცი, რომ შენს სასიკეთოდ გადაწყვეტენ რამეს? აქ ცხოვრობს 12 ოჯახი და არც ერთს ბინა არ აქვს გაფორმებული, _ ამბობენ იქ მცხოვრებნი.
_ ბინის დაცლა ხომ არ უთხოვიათ?
_ კი. სანამ ცოცხალი იყო საცდელი ნაკვეთის დირექტორი, მაშინ მოვიდა რწმუნებული და გვითხრა, ბინები დაცალეთო. ჯერ გვითხრეს, გადასახადი უნდა გადაიხადოთო. ჩვენ რომ გადასახადის გადახდაზე უარი ვთქვით, მერე მოვიდა რწმუნებული და დაგვემუქრა, დაცალეთ ბინები, თორემ მოვიყვან “ბულდოზერს” და ნაცარტუტად გაქცევთო. ეს იყო, დაახლოებით, ორი წლის წინ. ახლა სიჩუმეა.
თუ მოხდება პრივატიზაცია, ჩვენ თვითონ ვიზრუნებთ ბინის შეკეთებაზე. სახურავი არ ვარგა, რომ გაწვიმდება ყველა ოთახში წყალი ჩამოდის. რომ მოვითხოვეთ შიფერი, არ გეკუთვნითო, გვითხრეს, _ თქვეს “გურია ნიუსთან” საუბარში ბინის მცხოვრებლებმა.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის რწმუნებული, ზვიად მიქელაძე “გურია ნიუსთან” საუბარში ამბობს, რომ ეს ბინები კერძო პიროვნებას ეკუთვნოდა: _ ეს ყოფილი საცდელი ნაკვეთის ტერიტორიაა, რომელიც კომუნისტების დროს იყო მოსკოვის ფილიალი და მეურნეობაში მომუშავე ადამიანები იყვნენ ჩასახლებულები. მე მოსახლეობას ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმეჯერ ვესაუბრე. ვთხოვეთ ადგილობრივ ხელისუფლებას, მიემართა ეკონომიკის სამინისტროსთვის, რომ ეს ბინები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოეცათ, რის შემდეგაც ბინების დასაკუთრება თავისუფლად მოხდებოდა. თითოეულ მცხოვრებს ხელისუფლება გვერდში უდგას. ჩვენ ვეუბნებით, რომ მოგეხმარებით და დაგიკანონებთ. მხოლოდ ერთ ბინაზეა პრობლემა შექმნილი, თორემ ნარუჯაში კიდევ 54 ბინაა, სადაც მსგავსი პრობლემა არ არის. ხელისუფლებაც ცდილობს, ბინები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადმოეცეს. როგორც კი ეს მოხდება, მაშინვე დავუკანონებთ მათ. ჩვენ ეს ადამიანები უყურადღებოდ მაინც არ გვყავს _ წყალი შევუყვანეთ და ყველანაირად დავეხმარეთ.
_ ანუ მათ არ ემუქრებათ გამოსახლება?
_ არა. არანაირი პრობლემა მათ ამ მხრივ არ ექნებათ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი “გურია ნიუსთან” ასეთ კომენტარს აკეთებენ: “საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის “კანონიერი მოსარგებლეებისთვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მიერ კანონიერი მოსარგებლეებისთვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ #73 ბრძანებულების შესაბამისად, ხდება კანონიერი მოსარგებლეებისათვის ბინის საკუთრებაში გადაცემა. ოზურგეთშიც დაწყებულია ანალოგიური პროცესი და მოქალაქეების განცხადების საფუძველზე, ეტაპობრივად გახორციელდება მათთვის უსასყიდლოდ ბინის საკუთრებაში გადაცემა”.