ნაწილი პირველი _ პრეზიდენტის მონოლოგი
_ თუ შეიძლება მომიტანეთ ყავა “კაპუჩინო” პასპორტთან ერთად…
_ ყავა ცივი გინდათ თუ ცხელი?
_ ცხელი, თუ შეიძლება.
_ პასპორტი რომელი მოგართვათ _ ბიომეტრული თუ საზღვარგარეთის?
_ იყოს ბიომეტრული, რაც მთავარია, ყავის დალევამდე ხომ მოესწრება?
_ რა თქმა უნდა!
პრეზიდენტ სააკაშვილის აბსოლუტურად სერიოზული განცხადების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, უახლოეს მომავალში, ჩვენ სწორედ ასეთი მომსახურება გვექნება იუსტიციის ახალ სახლში. პასპორტს შემოგვთავაზებენ ყავასთან ერთად _ პრეზიდენტი სააკაშვილი ასეთი ინოვაციით პარლამენტისა და სრულიად საქართველოს წინაშე წარსდგა.
მიხეილ სააკაშვილი: “მდინარესთან შენდება იუსტიციის სახლი, სადაც იქნება “ჯასთ დრაივი”; ეს ნიშნავს იმას, რომ მანქანით გაივლი, მიაწოდებ შენს საბუთებს და გამოხვალ ისე, რომ მანქანიდან არ მოგიწევს გადმოსვლა. კეთდება “ჯასთ კაფე”, სადაც შეხვალ და შეუკვეთავ ყავას და მაგალითად, პასპორტს, რომლის ღირებულება შევა ყავის ღირებულებაში და იმ დროში მოგიტანენ, რა დროშიც მოაქვთ ჩვეულებრივი ყავა. ნამდვილად არსად არ არის ეს მსოფლიოში და ნამდვილად პირველები ვიქნებით”.
“ჩვენს ხალხს ძალიან ბევრი მოთხოვნა აქვს ჯერ კიდევ დაუკმაყოფილებელი”, _ განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცებისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილის შემდეგ. მოთხოვნების “სრულად” დაკმაყოფილებას კი 2015 წლისთვის შეგვპირდა. მისი ახალი ლოზუნგიც სწორედ ასე (სამომავლოდ) ჟღერდა: “ნუ გეშინიათ და გქონდეთ ხვალინდელი დღის იმედი!” ეს ფრაზა მან 1 წუთში დაახლოებით სამჯერ (სამივეჯერ გასამმაგებული ტაშის ქვეშ) გაიმეორა.
ჩვენი დაუკმაყოფილებელი მოთხოვნების სამომავლო პერსპექტივა პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა სტატისტიკასთან _ პრეზიდენტმა შემოგვთავაზა კიდევ ერთი ახალი ლოზუნგი: წარმატება არა სტატისტიკისთვის!
პრეზიდენტ სააკაშვილის პირად სტატისტიკურ მონაცემებსა და სამომავლო დაპირებებს უკომენტაროდ გთავაზობთ. ინფორმაციის უტყუარობაზე, დაპირებების შესრულება-შეუსრულებლობაზეც მიხეილ სააკაშვილს ეკისრება პასუხისმგებლობა. ქვემოთ მოყვანილი ყველა ფრაზის ავტორი მისი აღმატებულება პრეზიდენტია:
_ ქვეყანამ მთავარი სირთულეები გადალახა!
_ საქართველოს ეკონომიკამ ყველაზე დიდ გამოცდას გაუძლო!
_ ჩვენი პოლიტიკური სისტემა გახსნილია დიდი სიახლეებისა და ახალი პოლიტიკური მოძრაობებისთვის!
_ ჩვენ მივესალმებით ეკონომიკურ ურთიერთობებს რუსეთთან, საქართველო არასოდეს ჩაგვიკეტავს რუსი ინვესტორებისა და ტურისტებისთვის!
_ ტოტალური კორუფცია ჩავანაცვლეთ კანონის უზენაესობით!
_ სოფლის მეურნეობის სექტორი 25%-ით არის გაზრდილი!
_ 2007 წლის შემდეგ, ნარკოდანაშაულმა საქართველოში იკლო 53%-ით ანუ განახევრდა!
_ საქართველოში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს დონის საავადმყოფოები გაიხსნა!
_ 30 დღეში გავხსენით 30 ახალი საავადმყოფო!
_ ჰოლანდიელებს ქართული ჯანდაცვის სისტემის თავიანთ ქვეყანაში გადაღება სურთ!
_ ვისაც ჩვენი გახსნილი საავადმყოფოები არ მოსწონს, ისევ იქ იაროს, სადაც ანტისანიტარია და აყრილი იატაკია!
_ 2015 წლისთვის საქართველოში ტურისტების რაოდენობა სულ ცოტა 2 მილიონით გაიზრდება! ეს კი დამატებით 30 000 სამუშაო ადგილს შექმნის!
_ მესტია, სიღნაღი, ბათუმი, სექსუალურად მოუმწიფებელი ხელისუფლების ახირება არ არის
_ 2013 წლის ბოლოსთვის დევნილებს გადავიყვან საუკეთესო პირობებში!
_ მე ვერ შევეგუები ორად გაყოფილ ქვეყანას, სადაც ერთი ნაწილი წარმატებულად, ხოლო მეორე ნაწილი წარუმატებლად დაუმსახურებლად ცხოვრობს!
_ ის, რაც დღეს ცარიელ სტატისტიკად შეიძლება მოგეჩვენოთ, კონკრეტული ოჯახისთვის რეალურ შემოსავლად იქცევა!!! (მიხეილ სააკაშვილი).
ნაწილი მეორე _ ღია დებატები ცენზურის გარეშე
“დაამტკიცეთ, რომ გაქვთ მაგარი პროგრამა, დაამტკიცეთ, რომ ხართ მოწოდების სიმაღლეზე, რომ ეს პროგრამა განახორციელოთ, მიიღეთ ხალხის მხარდაჭერა და თუ მაგრები ხართ, დაგვამარცხეთ არჩევნებში. ეს არის ერთადერთი გზა, ნუ ხართ ბიძების და დეიდების იმედზე, რომლებიც ამ პრობლემას უცხოეთიდან გადაგიწყვეტენ. არ გადაგიწყვეტენ!” _ ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა დებატების გამხსნელ გიორგი თარგამაძეს.
როგორც ცოტა მოგვიანებით გავიგეთ, “საიმედო” დეიდა გუდიანი ჰილარი კლინტონი ყოფილა, ბიძია კი _ ნიკოლას სარკოზი: “მაგალითად, ჰილარი კლინტონი ჩამოვიდა და ორი თვე იძახდით – ჰილარი კლინტონი ჩამოდის, რომ სააკაშვილი წაიყვანოს. გეგონება გუდიანი კაცია ან ქალია, რომელიც ჩამოვა, მოიკიდებს ზურგზე დემოკრატიულად არჩეულ საქართველოს პრეზიდენტს და წაიყვანს სადღაც ვაშინგტონის რომელიღაც გარეუბანში და გადამალავს კონსპირაციულ ბინაში…
საფრანგეთის პრეზიდენტი იყო ჩამოსული, უნდა წავეყვანე, მერე თვითმფრინავში ადგილი არ აღმოჩნდა. თუ ჩამოვა, იქნებ უფრო დიდი თვითმფრინავით ჩამოვიდეს, დანარჩენი პარტიის წევთა უმრავლესობაც იქნებ გავაყოლო თან…”
ასე ხუმრობდა პრეზიდენტი მანამ, სანამ ჯერ გია ცაგარეიშვილმა არ გაუფუჭა ხასიათი, როცა სააკაშვილს თავისი გამდიდრებული მინისტრების სახლების ფოტოები გადასცა და შემდეგ _ ჯონდი ბაღათურიამ, რომელმაც სააკაშვილი და მისი ოჯახი ელიტურ კორუფციასა და მონოპოლიების შექმნაში დაადანაშაულა: “თქვენ ფლობთ და აკონტროლებთ ნავთობისა და ოქროს საბადოებს და საქართველოს თითქმის ყელა წიაღისეულ სიმდიდრეს. მთლიანად აკონტროლებთ საწვავის ბიზნესს, სარეკლამო ბიზნესს, ფლობთ მედია მაგნატ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ს, რომელიც თქვენს თანაკლასელზე გაქვთ გაფორმებული. თქვენი მამა არის საქართველოს ყველა ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელი. ხოლო დედა ფლობს უმსხვილეს ბიზნესებს უმაღლესი განათლების სფეროში, მათ შორის მისი საკუთრებაა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კუთვნილი 15 827 კვმ ფართი (წილში სიმბოლურად 200 ლარი აქვს გადახდილი). ასევე, ფლობს შპს “საუნივერსიტეტო ავეჯს”. მას ეკუთვნის “გეპეის” მე-3 კორპუსის მე-2 სართულზე განლაგებული უზარმაზარი კაფე “ხადილი”. ასევე, “ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის”14 %, მას ეკუთვნის “შავი ზღვის უნივერსიტეტი”, რომელსაც პრეზიდენტის განკარგულებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაეცა სახელმწიფოს კუთვნილი 101 221 კვმ არასასოფლო სამეურნეო მიწა”, _ განაცხადა ბაღათურიამ.
პრეზიდენტმა “ქართული დასის” ლიდერს პასუხის ნაცვლად, ბალნეოლოგიური კურორტის ტალახში ჩაწვენა და დაზელვა შესთავაზა: “იმ ბალნეოლოგიურ კურორტში, რომლის დირექტორიც მამაჩემია, საკმაოდ ხარისხიანი ტალახი აქვთ. თქვენთვის შესაბამის აბაზანებს შევუკვეთავთ, იქ ჩაგაწვენენ და შესაბამისადაც დაგზელენ და მაშინ ეგ ფანტაზიებიც გადაგივლით”. ამ სიტყვების შემდეგ, სააკაშვილმა დარბაზი ცოტა ხნით დატოვა. ბაღათურიამ კი განაგრძო გამოსვლა და ის დოკუმენტიც წარმოადგინა, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის მეუღლეს, ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდისგან, საკუთარი რადიოს დასაფინანსებლად თითქმის ნახევარი მილიონი ლარი აქვს მიღებული.
მიხეილ სააკაშვილის ახალ ინიციატივას პარლამენტის დეპუტატის “ტალახიან აბაზანაში” ჩაწვენის და დაზელვის შესახებ დიდი ოვაციები მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან. პრეზიდენტის სიტყვა-პასუხით აღრთოვანებულები კიდევ დიდხანს იყვნენ ეიფორიაში, თავად სააკაშვილის გარდა; როგორც ჩანს, გიორგი ცაგარეიშვილის სიტყვები მაინც უსიამოვნოდ ჩარჩა მეხსიერებაში, რომელმაც დებატებში თავისი გამოსვლა ასე დაასრულა: “დღეს საზოგადოებამ პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლო საპრეზიდენტო გამოსვლა მოისმინა!”
უმრავლესობის მხრიდან გამომსვლელების პათოსი “ცოტა უცნაური” იყო, რადგან ისინი ოპოზიციის მიმართ ყველაზე ხშირად სვამდნენ კითხვას_ სად იყავით მაშინ, როცა შევარდნაძე ქვეყანას აქცევდა? ამ კითხვის მოსმენა შევარდნაძისეული მინისტრების, მაღალჩინოსნების, “გენსეკების” ბაგეებიდან, მხოლოდ ღიმილისმომგვრელი იყო…
საზოგადოებამ კი პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლისას ყველაზე მთავარი, მისი “გაცხადებული პოლიტიკური მიზანი” შეიტყო: იგი ხელისუფლების გადაბარებას მისი მმართველობის მეათე წლისთავზე კი არა, კარგა ხანს არ აპირებს; 2012 წლის არჩევნებში კი “ყველაფერს გააკეთებს”, რომ “ნაციონალურმა მოძრაობამ” გაიმარჯვოს. ამ მიზნით კი, სტუდენტურ, სადაზღვევო, დემოგრაფიულ მოკლევადიან პიარაქციებში ჩვენივე გადასახადებით შედგენილი სახელმწიფო ბიუჯეტი ხელგაშლილად, მხოლოდ “ნაციონალური შედეგის” მისაღწევად დაიხარჯება!