სანამ პრეზიდენტი პარლამენტის ტრიბუნიდან საყოველთაო დაზღვევასა და სოციალურ თანასწორობაზე საუბრობს, 22 წლის ნანა მშვიდობაძე სიკვდილს ებრძვის. გოგონა უმძიმესი დიაგნოზით, 29 თებერვალს ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მდგომარეობის სირთულის გამო, ქუთაისელი ექიმები პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას შეეცადნენ და პაციენტის მშობლებს სასწრაფოდ თბილისში გადაყვანა შესთავაზეს. რეანიმობილით ქუთაისიდან თბილისში ავადმყოფის ტრანსპორტირება 600 ლარი ღირს, ოჯახს კი ხარჯების დაფარვის არავითარი საშუალება არ გააჩნია.
იმის გამო, რომ გოგონას მამა საჯარო სამსახურშია დასაქმებული (იგი ლანჩხუთის სახანძრო სამსახურის თანამშრომელია), ოჯახს უარს ეუბნებიან სოციალური დახმარების პროგრამაში ჩართვაზე. აქედან გამომდინარე, არც ჯანმრთელობის პოლისი აქვთ, ნაწილობრივ რომ შეძლონ მკურნალობის თანხების ანაზღაურება. მათი ერთადერთი შემოსავალი ოჯახის უფროსის ხელფასია, რომელიც გოგონას თბილისში ტრანსპორტირებასაც არ ჰყოფნის.
არადა, გოგონა უმძიმეს მდგომარეობაშია. აქვს თანდაყოლილი გულის მანკი. მისი გართულებული ჯანმრთელობის მიზეზი კი თირკმლის მწვავე უკმარისობაა. სისხლში ჰემოგლობინის შემცველობა კატასტროფულ ზღვარს უახლოვდება. მძიმე მდგომარეობას კიდევ უფრო ართულებს საკვერცხეების კისტა, ოპერაციული ჩარევა მდგომარეობის გამოსწორებამდე შეუძლებელია.
ლანჩხუთელებისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ჯანმრთელობის პრობლემების წარმოშობის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს ბარიერების გადალახვას სამინისტროს მაღალჩინოსნის, წარმოშობით ლანჩხუთელი გიორგი თვალავაძის საშუალებით ცდილობენ. თვალავაძე, როგორც შეუძლია, ეხმარება თანაქალაქელებს. მაგრამ რა უნდა ქნან იმ ადამიანებმა, რომლებიც ვერ ახერხებენ სამინისტროს წარმომადგენლებთან დაკავშირებას?! ამ შემთხვევაში გადარჩენის ერთადერთ იმედად ავადმყოფის ოჯახისთვის ახლობლების შემოწირულობები რჩება.
იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო სტრუქტურები, რომელთა უპირველესი მოვალეობა საკუთარი მოქალაქეებისთვის დახმარების აღმოჩენაა, გულისხმიერებას გამოიჩენენ და ყველაფერს გააკეთებენ 22 წლის გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად.