დავით ბაქრაძის მიერ, ჩოხატაურში გაკეთებულ განცხადებას საბერძნეთის შესახებ, რომელიც “გურია ნიუსმა” გაავრცელა, დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ბაქრაძემ 23 თებერვალს, მოსახლეობასთან საუბრისას, აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალმილიონიანი დახმარებისა, საბერძნეთის საშველი მაინც არ არის: “ხედავთ, აგერ, საბერძნეთში რა ხდება _ ხალხი ქუჩებშია გამოსული, ამტვრევს და ლეწავს ყველაფერს. ელემენტარული რაღაცის მოთმენა არ უნდათ. აძლევენ და აძლევენ მილიარდებს და მაგათი საშველი მაინც არ არის. სამი დღის წინ, 130 მილიარდი მისცეს. ჩვენ ვინ რას გვაძლევს _ სამი მილიარდი მოგცეს ომის მერე და ეგ იყო სულ თავი-ბოლო მთელი დახმარება. იმათ მარტო გუშინწინ მისცეს 130 მილიარდი. მანამდე კიდევ სამი მაგდენი აქვთ მიცემული. არ ეშველებათ მაინც, იმიტომ რომ იქ ხალხი არის აგრესიული, გამოდის და ყველაფერს ამტვრევს და არაფრის მოთმენა არ უნდა. თქვენ რომ ასეთი მომთმენები და გვერდში დამდგომები არ იყოთ, აქამდე საბერძნეთივით კი არა, სომალივით ვიქნებოდით მთლად დაქცეული და გაუბედურებული,” _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ბაქრაძის ამ განცხადებაზე კომენტარის გაკეთება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ნინო კალანდაძეს მოუხდა. კითხვაზე, ბაქრაძის ეს განცხადება გამოიწვევს თუ არა საერთაშორისო სკანდალს, კალანდაძემ აღნიშნა, რომ ყველანაირ დაძაბულობას გამორიცხავს: “ეჭვი არ მეპარება, რომ ბატონი ბაქრაძე თავის განცხადებაში დიპლომატიურ ჩარჩოებს არ გასცდებოდა. თუ გულისხმობთ იმას, რომ მან შეფასება მოახდინა საბერძნეთში მიმდინარე მოვლენებისა და ასევე იმის, თუ რამ გამოიწვია კრიზისი, ასევე, თუ რამდენად ძალადობრივად მიმდინარეობს დემონსტრაციები საბერძნეთში გასული თვეების განმავლობაში, ეს ის თემაა, რომელზეც მსჯელობს მსოფლიო, მსოფლიო ლიდერები. ეს არც საბერძნეთისთვისაა სიახლე. მით უმეტეს, რომ მათ თვითონ ყველაზე უკეთ იციან, რამ მიიყვანა სიტუაცია აქამდე. შესაბამისად, სრულიად გამოვრიცხავ, რომ რაიმე სახის დაძაბულობას ჰქონდეს ადგილი,” _ თქვა კალანდაძემ.